სამშაბათს ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურ Tiangong-ზე სამი ადამიანისაგან შემდგარი ეკიპაჟი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთი სამოქალაქო პირია, რაც აზიური სახელმწიფოს კოსმოსური მისიების ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
ეკიპაჟის დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე გაშვებამდე ერთი დღით ადრე, ჩინეთმა კოსმოსში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კონკურენციის გაწევასა და 2030 წლამდე ასტრონავტების მთვარეზე დასმის გეგმის შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, NASA ასტრონავტების მთვარეზე დასმას, უკანასკნელი ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსთვის გეგმას. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ადმინისტრატორი, ბილ ნელსონი, ჩინეთის გეგმას ცივი ომის პერიოდის კოსმოსურ რბოლას ადარებს, თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების კონკურენტი არა საბჭოთა კავშირი, არამედ ჩინეთია.
ჩინეთმა თავისი ამბიციები კოსმოსში ქვეყნის გავლენის გაფართოებასთან დაკავშირებით ორშაბათს ნათლად დააფიქსირა, როდესაც მისი კოსმოსური სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მთავრის ზედაპირზე ასტრონავტების დასმის ბოლო ვადად 2030 წელი ოფიციალურად განსაზღვრა. გარდა ამისა, მან დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე განსახორციელებელი სამეცნიერო და ტექნიკური კვლევის გეგმებზეც ისაუბრა.
„მიზანია ჩინეთის პირველი პილოტირებული დაშვება მთვარეზე 2030 წლამდე, ციური სხეულის ზედაპირზე სამეცნიერო კვლევისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების დემონსტრირება, ეკიპაჟებისთვის გადაადგილების სისტემის შემუშავება და იქ მოკლევადიანი დარჩენისთვის პირობების შექმნა, ასევე ადამიანისა და რობოტის ინტეგრირებული ტესტირებისა და სხვა ძირითადი ტექნოლოგიების განვითარება“, – განაცხადა ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ორშაბათს, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, Jiuquan Satellite Launch Center-ში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენი ასტრონავტები გადაადგილდებიან მთვარეზე, შეაგროვებენ ნიმუშებს სადესანტო ადგილის ირგვლივ და ჩაატარებენ კვლევებს ადგილზე. ეს ჩვენს პილოტირებულ მისიებს დედამიწის დაბალი ორბიტიდან ღრმა კოსმოსამდე გააფართოებს და დაეხმარება კაცობრიობას მთვარისა და მზის სისტემის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ ცოდნის გაღრმავებაში“, – დასძინა მან.