CNN-მა ავსტრალიელებისთვის Facebook-ზე საკუთარი გვერდი დაბლოკა

CNN-მა ავსტრალიელებისთვის Facebook-ზე საკუთარი გვერდი დაბლოკა

CNN-ის განცხადებით, ის ავსტრალიაში Facebook გვერდზე კონტენტს აღარ გამოაქვეყნებს. მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა მედია კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ავსტრალიის უზენაესმა სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების თანახმად, მედია საშუალებები პასუხისმგებელნი იქნებიან იმ კომენტარებზე, რომლებსაც მომხმარებლები სოციალურ ქსელში მათი პოსტების ქვეშ დაწერენ.

მიმდინარე თვის დასაწყისში, ავსტრალიის უზენაესმა სასამართლომ უარყო ავსტრალიის სამი მედია ორგანიზაციის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, ისინი ვერ იქნებოდნენ პასუხისმგებელნი Facebook-ის საინფორმაციო გვერდებზე გამოქვეყნებულ კომენტარებზე. მედია საშუალებებმა გადაწყვეტილების გასაჩივრება გადაწყვიტეს.

CNN-ის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მედია Facebook-ის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და სთხოვა, რომ ექსკლუზიურად მისი პლატფორმისათვის ავსტრალიაში კომენტარების ფუნქცია გაეთიშა. თუმცა, CNN-ის სპიკერის თქმით, Facebook-მა უარი თქვა აღნიშნული თხოვნის შესრულებაზე.

საინტერესოა, რომ Facebook მედია საშუალებებსა თუ ადამიანებს, რომელთაც აქვთ საკუთარი ფეისბუქ გვერდები, საშუალებას აძლევს გამორთონ პოსტებზე კომენტარების განთავსების ფუნქცია ან კონკრეტულ პიროვნებებსა თუ გვერდებს შეუზღუდონ აღნიშნულის შესაძლებლობა. თუმცა, ამ შემთხვევაში, CNN-ის თხოვნა სხვაგვარი იყო. კომპანიას სურდა, Facebook-ს მისთვის მიეცა საშუალება კომენტარები მთლიანად გვერდისათვის გამოერთო ავსტრალიის მასშტაბით. თხოვნის სანაცვლოდ კი, Facebook-მა გამოაქვეყნა ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კომპანიას კომენტარები გაუთიშონ თითოეულ პოსტს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *