Credit Suisse-ი რუსეთის ბაზრიდან გასვლაზე ფიქრობს

Credit Suisse-ი რუსეთის ბაზრიდან გასვლაზე ფიქრობს

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკი, Credit Suisse-ი რუსული ბაზრიდან გასვლაზე ფიქრობს, – ამის შესახებ ბანკის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, თომას გოთშტაინმა განაცხადა.

„ვითარებას ვაკვირდებით – ის ძალიან სერიოზულია. მომავალი თვეების განმავლობაში დავაკვირდებით, თუ რას ნიშნავს [ეს ომი] ჩვენი საქმიანობისთვის. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – თქვა გოთშტაინმა Morgan Stanley-ის მიერ ლონდონში გამართულ კონფერენციაზე.

Credit Suisse-ის გადაწყვეტილება საერთაშორისო კომუნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს შვეიცარიული ბანკი, ისტორიულად, რუსი ოლიგარქების ერთ-ერთი მთავარი ფინანსური დასაყრდენი იყო. 2021 წლის ბოლოს, Credit Suisse-ს რუსეთთან $1.69 მილიარდის მოცულობის საკრედიტო ხაზი აკავშირებდა. ამასთანავე, დაგროვილი კაპიტალის მართვის (ინგლ. Wealth Management) კუთხით, Credit Suisse-ის პორტფოლიოს 4% სწორედ რუს კლიენტებზე მოდის – თანხობრივად, ეს დაახლოებით $35 მილიარდს უდრის.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მიმართ რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე, რუსეთის ბაზარი არაერთმა საერთაშორისო ბანკმა დატოვა, მათ შორის Deutsche Bank-მა, Goldman Sachs-მა და JPMorgan Chase-მა. საინტერესოა, რომ გოთშტაინის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთში საკუთარი ოპერაციების გადახედვის გადაწყვეტილება იტალიურმა UniCredit-მაც მიიღო.