დათანხმდება თუ არა რუსეთი ვაშინგტონის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ?

დათანხმდება თუ არა რუსეთი ვაშინგტონის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ?

მოსკოვი ვაშინგტონიდან ახალი ცნობების მოლოდინშია. ოთხშაბათს, კრემლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ის თეთრი სახლისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დამატებით დეტალებს ელოდება. მხარეების მხრიდან თანხმობის მიღწევის შემთხვევაში, არსებული გეგმით, უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ამოქმედდება. უკრაინა აშშ-ის შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნაკისრ პირობებს შეასრულებს.

უკრაინაში ომის შეჩერება ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ტრამპი მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოებას ცდილობს. თუმცა მოსკოვის პოზიცია შეთანხმებასთან დაკავშირებით გაურკვეველია. მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდგომ, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები ცეცხლის შეწყვეტის განცხადებებით გამოვიდნენ, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე რამდენიმე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა, დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაადასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად ვაშინგტონი მოსკოვს ოთხშაბათს დაუკავშირდებოდა. „ჩვენ მოუთმენლად ველით რუსეთის პასუხს და მოვუწოდებთ მას, განიხილოს ყველა შესაძლო სცენარი საომარი მოქმედებების დასასრულებლად“, – განაცხადა რუბიომ ირლანდიაში ვიზიტისას და დასძინა, რომ უარის შემთხვევაში, აშშ-მა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთის ნამდვილი განზრახვები გაიგოს.

რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო შეთანხმების შესახებ დამატებითი დეტალები გამოცემა Washington Post-მაც გაავრცელა. ინფორმაცია ევროპული სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებულ დოკუმენტებს ეყრდნობა, რომლებიც თებერვლით თარიღდება. დოკუმენტი, რომელიც კრემლისთვის FSB-სთან დაახლოებულმა ანალიტიკურმა ფირმამ შეიმუშავა, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთის სავარაუდო მოთხოვნებს აყალიბებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთმა ტრამპის ადმინისტრაციასა და სხვა ქვეყნებს შორის განხეთქილების გაღვივებით, უკრაინაზე მოლაპარაკებებში აშშ-ის პოზიცია უნდა შეასუსტოს. ამავდროულად, რუსეთმა უკრაინის სახელმწიფოს სრულად გასანადგურებლად ძალისხმევა უნდა გააძლიეროს. არსებული დოკუმენტი ტრამპის გეგმას, სამშვიდობო შეთანხმების 100 დღეში მიღწევასთან დაკავშირებით, ეჭვქვეშ აყენებს და წერს, რომ „უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარება 2026 წლამდე შეუძლებელია“.

დოკუმენტი ასევე უარყოფს უკრაინაში სხვა ქვეყნების მხრიდან სამშვიდობოების გაგზავნის შესაძლებლობას და უკრაინაში დაკავებულ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას მოითხოვს. გარდა ამისა, დოკუმენტში განხილულია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების „სრული დემონტაჟის“ აუცილებლობა.

უკრაინაზე მოლაპარაკებებში აშშ-ის პოზიციების შესუსტების მცდელობასთან მიმართებით, Washington Post-ს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ 24 თებერვალს გაკეთებული განცხადება მოჰყავს. მაშინ, ერთ-ერთ ინტერვიუში პუტინმა რუსული მინერალური რესურსების საბადოების განსავითარებლად ამერიკული კომპანიების მოწვევის შესაძლებლობაზე ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მას ამის გაკეთება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც შეუძლია. პუტინის ეს განცხადება, ანალიტიკოსთა ნაწილის მიერ, აშშ-სა და უკრაინის მინერალების შეთანხმების ჩავარდნის მცდელობად შეფასდა.

დოკუმენტი ერ-რიადში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართულ შეხვედრამდე მომზადდა. კონკრეტული განცხადება ვაშინგტონის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე კრემლს ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კრემლი დროის გაჭიანურებას შეეცდება.

რუსეთის საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის, თომას გრეჰემის შეფასებით, „რუსეთი უკრაინის კრიზისის დროული მოგვარებით დაინტერესებული არაა“. გრეჰემის თქმით, მოსკოვი მუდმივად მიუთითებს ძირეულ მიზეზებზე, როგორიცაა ნატოს როლი ევროპის უსაფრთხოებაში და უკრაინის შიდა პოლიტიკა: „მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთისთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. და, როგორც ჩანს, ტრამპს ეს არ ესმის“.

კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვმა Washington Post-თან განაცხადა, რომ რუსეთს აღნიშნულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ ჰქონდა. პესკოვმა მათ „უკიდურესად წინააღმდეგობრივი“ უწოდა და დასძინა, რომ მოსკოვი სხვა „ბევრად გონივრულ გადაწყვეტებზე მუშაობს“. იმავე დღეს კრემლის პრესსპიკერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ რუსეთს „არ სურს მოვლენებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით წინ გაუსწროს“ და მოსკოვი, ამ ეტაპზე, ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე რუბიოსა და უოლცისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელოდება.