დაცვიდან - გენერალურ მენეჯერობამდე

დაცვიდან - გენერალურ მენეჯერობამდე

ლადო მიქელაძე სტუმარმასპინძლობის სექტორში 2017 წლიდან ჩაერთო. სასტუმროში დაცვის თანამშრომლის პოზიციით დაწყებულ სამსახურში მიზნად დაისახა, ახალ პროფესიას დაუფლებოდა და კარიერის უმაღლესი საფეხურისთვის მიეღწია. ამჟამად ის Litz Resort-ის გენერალური მენეჯერის თანამდებობას იკავებს და საკუთარ კარიერულ თავგადასავალს გვიზიარებს.

რო­გორ და­იწყო თქვე­ნი კა­რი­ე­რა სტუ­მარ­მას­პინ­ძ­ლო­ბის სექ­ტორ­ში?

პირველი რიგში, მინდა გითხრათ, რომ განათლება სრულიად სხვა მიმართულებით მაქვს მიღებული – პროფესიით მეზღვაური ვარ. თუმცა სტუმარმასპინძლობის სფეროსადმი ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, რაც უმთავრესად გამოიხატებოდა იმაში, რომ ყოველთვის მიზიდავდა ადამიანებთან ურთიერთობა.

რაც შეეხება კარიერას, სტუმარმასპინძლობის სექტორში „პარაგრაფში“ მუშაობის დაწყების შემდეგ მოვხვდი. გავიგე, რომ შეკვეთილში „მარიოტის“ ქსელის საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო იხსნებოდა და ვინაიდან ბათუმში ვცხოვრობდი, იქ მუშაობის შანსი ხელიდან არ გავუშვი. ვცადე ბედი, რამაც საბოლოოდ გაამართლა კიდეც.

თუმცა, თავდაპირველად, „პარაგრაფში“ მუშაობა დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე დავიწყე. გენერალურ მენეჯერს ჩემი მუშაობის სტილი მოეწონა, ვინაიდან ყველანაირი გამოწვევის გადალახვის პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული და მოვალეობების შესრულებისას დიდ მონდომებას ვიჩენდი. შედეგად, მუშაობის დაწყებიდან სულ რაღაც სამ თვეში, დაცვის დეპარტამენტის ზედამხედველის პოზიციაზე გადამიყვანეს.

მონდომება და შემართება არც ამ საფეხურზე დამიკარგავს, რაც მალევე დამიფასდა და დაახლოებით ერთ წელიწადში, პარალელურად, მორიგე მენეჯერის პოზიციაც ჩამაბარეს. იმ დროს სასტუმროს საერთო ჯამში 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა, რომელთაგან მორიგე მენეჯერის პოზიციას ათი ადამიანი იკავებდა – მათ შორის ერთ-ერთი მე ვიყავი.

რა გა­მოც­დი­ლე­ბა და­გიგ­როვ­დათ ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის დაწყები­დან დღემ­დე?

„პარაგრაფში“ მუშაობა 2017 წელს დავიწყე და იქ დაახლოებით ოთხი წელი გავატარე. მანამდე პატარ-პატარა კომპანიებში ვმუშაობდი, სადაც გარკვეული უნარები შევიძინე და ზოგადი გამოცდილება დავაგროვე, თუმცა სტუმარმასპინძლობის სფეროში მასშტაბური პროექტი, რომელშიც ჩავერთე, სწორედ აღნიშნული სასტუმრო იყო.

ამის შემდეგ, 2021 წელს, ბათუმის „ლე მერიდიენში“ გადავედი სამუშაოდ, სადაც ღამის მორიგე მენეჯერის პოზიციას ვიკავებდი. 2022 წლიდან სასტუმროებს ცოტა ხნით ჩამოვშორდი, თუმცა კვლავ სტუმარმასპინძლობის სფეროში ვტრიალებდი – დირექტორის პოზიციაზე მუშაობა დავიწყე გერმანულ კომპანიაში, „ჯი-სი ჰოლდინგში“, რომელსაც გერმანიიდან საქართველოში ტურისტები ჩამოჰყავდა. გარდა ამისა, ტურისტებს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებისა და რესტორნების სერვისსაც ვთავაზობდით, რაც საშუალებას მაძლევდა, სტუმარმასპინძლობის სფეროსთან სიახლოვე შემენარჩუნებინა.

დაახლოებით ორი თვის წინ კი, გასული წლის დეკემბერში, Litz Resort-ის გენერალური მენეჯერის თანამდებობა დავიკავე. ჩემს მოვალეობაში შედის სასტუმროს ყველა დეპარტამენტის მართვა, მათი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და Litz Resort-ის სტრატეგიის შემუშავება, რამაც მისი განვითარება და პოპულარობის ზრდა უნდა განაპირობოს.

სას­ტუმ­როს დაც­ვის თა­ნამ­შ­რომ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან მე­ნეჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე საკ­მა­ოდ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში გადახ­ვე­დით – რის ხარ­ჯ­ზე შე­ძე­ლით სწრა­ფად წინ­ს­ვ­ლა?

ყოველთვის მინდოდა, დამემსხვრია სტერეოტიპი, რომ დაცვის თანამშრომელს შეუძლია მაქსიმუმ დაცვის უფროსი გახდეს. მქონდა მოტივაცია, ამის წინააღმდეგ წავსულიყავი და სამსახურში უმაღლესი საფეხურისთვის მიმეღწია. მიხარია, რომ ეს შევძელი და ჩემი წარმატება სხვებისთვის მაგალითად ვაქციე.

თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მიზნის მიღწევა მხოლოდ დიდი შრომისა და მონდომების წყალობით შევძელი. კარიერული განვითარების გზაზე საკმაოდ ბევრი წინაღობა შემხვდა. წინსვლა იმის ხარჯზე შევძელი, რომ არ დავნებდი და მუდმივად ვფიქრობდი განვითარებაზე. სრულიად ვეთანხმები გამონათქვამს: „რკინას ცეცხლი აწრთობს, ადამიანს – განსაცდელიო“. სწორედ ასეთი იყო ჩემი კარიერული გზაც. საბოლოო ჯამში ყოველმა გამოწვევამ და წინაღობამ უფრო მეტი ძალა და მოტივაცია შემძინა. ვფიქრობ, ამას ჩემს წინსვლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

კა­რი­ე­რა­ში მსგავ­სი ნახ­ტო­მი მრა­ვალ­ფე­რო­ვან უნა­რებს მო­ითხოვს. რო­გორ ადაპ­ტირ­დით და რა ახა­ლი უნა­რე­ბი შე­ი­ძი­ნეთ?

პროფესიით მეზღვაურისთვის, რა თქმა უნდა, ეს სრულიად განსხვავებული სფერო იყო სამუშაოდ, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, შინაგანად მასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი. აქედან გამომდინარე, ის ძირითადი უნარები, რომლებიც სტუმარმასპინძლობის სექტორში მუშაობისთვისაა აუცილებელი, შეიძლება ითქვას, უკვე მქონდა.

ამას ადასტურებდა ჩემი გენერალური მენეჯერი „პარაგრაფში“ მუშაობისას. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ჩემში იმ უნარებს ხედავდა, რისი სწავლებაც სხვებისთვის უწევდა. შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდეგ ეს უნარები კიდევ უფრო დავხვეწე.

კერძოდ კი, სასტუმროს ყველა დეპარტამენტში გავიარე ქროს- -ტრენინგები, შევისწავლე მათი მუშაობის პრინციპი, გავეცანი დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირებისა და მართვისათვის აუცილებელ ინფორმაციას. საჭირო ცოდნა მივიღე სასტუმროს გა­რეთაც, დასაქმების სააგენტოს მეშვეობით.

საბოლოოდ, მივაღწიე იმას, რომ დღეს ვარ Litz Resort-ის გენერალური მენეჯერი – სასტუმროსი, რომელსაც აქვს პოტენციალი, სულ მცირე, ჩვენს რეგიონში საუკეთესო რეზორტი იყოს. ჩემი მიზანია, Litz Resort-ს ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში დავეხმარო.

რო­გორ აღ­წერთ თქვენს მე­ნე­ჯე­რულ სტილს?

ჩემი მენეჯერული სტილი თანამშრომლებისა და სტუმრების კმაყოფილების უზრუნველყოფაზეა დაფუძნებული. ყოველთვის ვცდილობდი და მომავალშიც ვეცდები, რომ გუნდის თითოეული წევრი სამსახურში თავს კომფორტულად, მშვიდად და დაცულად გრძნობდეს. როდესაც ადამიანი დღის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებს, ის საკუთარი სამუშაოს შესრულებისას ბედნიერი უნდა იყოს და ეს ემოცია სტუმრებსაც გადასცეს, რაც მათ კმაყოფილებაზე აისახება.

რა არის თქვე­ნი, რო­გორც Litz Resort-ის გე­ნე­რა­ლუ­რი მენე­ჯე­რის, მო­ვა­ლე­ო­ბა და მი­სი­ა? რო­გორ გეგ­მავთ წვლილის შე­ტა­ნას სას­ტუმ­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში?

ჩემს მოვალეობაში შედის სასტუმროს ყველა დეპარტამენტის მართვა, გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მისი სტრატეგიის არჩევა. დაახლოებით ორი თვეა, რაც Litz Resort-ის გენერალური მენეჯერის პოზიცია დავიკავე და ამ ხნის განმავლობაში უკვე ჩავატარეთ სამი მასშტაბური ღონისძიება. მათ შორის, ჩვენი სტუმრებისთვის მუსიკალური ჯგუფი R.I.O. ჩამოვიყვანეთ. 8 მარტისთვის კი ყველასათვის ცნობილი ჯგუფის, Boney M.-ის მოწვევას ვაპირებთ. მომავალში კიდევ არაერთი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებას ვგეგმავთ, ასე რომ, Litz Resort-ის სტუმრებს სასიამოვნო სიახლეებით ხშირად გავანებივრებთ.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, Litz Resort-ის დატვირთვა მაქსიმალურად გავზარდოთ. სტუმრებისთვის სწორად დაგეგმილი აქციების შეთავაზების მეშვეობით მოვახერხეთ ის, რომ ზამთრის პერიოდშიც კი სასტუმროში დატვირთვა 60-70%-ს აღწევს სტაბილურად. უიკენდებზე კი ნომრები ხშირად 100%-ით არის შევსებული. მოგეხსენებათ, საზღვაო კურორტები ზამთრის სეზონზე აქტიურობით არ გამოირჩევა, ამიტომ მსგავსი შედეგები სრულიად მისაღებია. ცხადია, ზაფხულისთვის კიდევ უფრო კარგ მაჩვენებლებს ველით.

მოგ­ვი­ყე­ვით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მიღ­წე­ვებ­ზე, რომ­ლებ­მაც თქვე­ნი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში დი­დი რო­ლი შე­ასრუ­ლა.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ვდგამ, კომპანიის საუკეთესო ინტერესის გატარებას ემსახურება. რაც შეეხება კონკრეტულ წარმატებას, უნდა გამოვყო „პარაგრაფში“ მუშაობის პერიოდი, როდესაც ის ევროპაში ნომერ პირველ რეზორტად დასახელდა. ამ შედეგის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად სასტუმროს თითოეულმა თანამშრომელმა შეიტანა წვლილი.

რაც შეეხება პირად წარმატებას, მონდომება და შრომისმოყვარეობა არაერთხელ დამიფასდა. „პარაგრაფში“ დამასახელეს თვის საუკეთესო თანამშრომლად, კვარტალის საუკეთესო სუპერვაიზერად. ამის გარდა, თითქმის ყველა ჯილდო მაქვს მიღებული, რაც ჩემს პოზიციაზე გამორჩეული თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი.

აქ­ვე, სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რა არის თქვე­ნი, რო­გორც მე­ნე­ჯერის, წარ­მა­ტე­ბის სა­ზო­მი?

ჩემთვის კარგი მენეჯერი არის ადამიანი, რომელსაც მიღწეულ წარმატებაში თითოეული თანამშრომლის მიერ გაღებული წვლილის დანახვა და დაფასება შეუძლია. მან არა მხოლოდ საკუთარ, არამედ თავისი გუნდის განვითარებაზეც უნდა იზრუნოს. მაქსიმალურად ხელს ვუწყობ ჩემს გუნდს განვითარებაში, იქნება ეს ტრენინგების ჩატარება, სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად ხელშეწყობა და ა.შ.

მეორე მხრივ კი, წარმატებული მენეჯერი კმაყოფილ მომხმარებელს ნიშნავს, რაშიც დიდი წვლილი, როგორც უკვე აღვნიშნე, სწორედ თანამშრომლებისგან გადაცემულ ემოციას მიუძღვის.

თქვე­ნი კა­რი­ე­რუ­ლი მიზ­ნე­ბი და გეგ­მე­ბი გაგ­ვიმ­ხი­ლეთ.

ამ ეტაპისთვის ჩემი კარიერული გეგმები და მიზნები Litz Resort-ს უკავშირდება. მინდა, რომ ეს სასტუმრო მაქსიმალურად განვავითარო. თუმცა ვფიქრობ, რომ მას სტუმარმასპინძლობის სექტორში მნიშვნელოვანი ადგილი ამჟამადაც უჭირავს. ამას კი Litz Resort-ი სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სერვისის შეთავაზებით ახერხებს: გვაქვს ღია და დახურული ტიპის აუზები, ბილიარდის, ბოულინგისა და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშოდ განკუთვნილი სივრცეები. გარდა ამისა, საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართული სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში. ჩვენ­ თან ხდება ზოგადი გაჯანსაღება და დეტოქსიკაცია, პლასტიკური კორექციები, თმის გადანერგვა, ასევე გვაქვს სტომატოლოგიური მომსახურება და ფაგოთერაპია.

მინდა, ამ მომსახურებების გაუმჯობესებისა და სიახლეების დანერგვის გზით, Litz Resort-ი განვავითარო, გავაცნო მსოფლიოს და ადგილობრივი თუ უცხოელი დამსვენებლებისთვის კიდევ უფრო პოპულარულ ადგილად ვაქციო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სასტუმროს აქვს პოტენციალი, რეგიონში საუკეთესო რეზორტი იყოს. ჩემი ამჟამინდელი გეგმები სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება და იმედი მაქვს, რომ შედეგს ძალიან მალე მივაღწევთ.

და­ბო­ლოს, რას ურ­ჩევთ მათ, ვი­საც, თქვენ მსგავ­სად, კარი­ე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დამ­ს­ხ­ვ­რე­ვა სურს?

ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი კარიერული გზა მაგალითი იქნება იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც სტუმარმასპინძლობის, ან ნებისმიერ სხვა სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ეს მაგალითი მათ უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება, რიგითმა თანამშრომელმა სამსახურში უმაღლეს საფეხურს მიაღწიოს. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ამისათვის საჭიროა საქმისადმი დიდი ინტერესი და სიყვარული. როდესაც საკუთარი პროფესია და რასაც აკეთებ, გიყვარს, ამ დროს დაღლის ნაცვლად ენერგიით ივსები, მეტი ენთუზიაზმით ეკიდები საქმეს და, შესაბამისად, სამუშაოც უფრო ხარისხიანად სრულდება. გარდა ამისა, საჭიროა დაუღალავი შრომა, თვითრწმენა და პოზიტიური აზროვნება. ყველა ამ კომპონენტს დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა წინააღმდეგობები გადალახო და მიაღწიო წარმატებას – შეუძლებელი არაფერია!