DeepSeek-მა OpenAI-სთან კონკურენციისთვის AI-მოდელის განახლება გაუშვა

DeepSeek-მა OpenAI-სთან კონკურენციისთვის AI-მოდელის განახლება გაუშვა

ჩინეთში დაფუძნებული AI-სტარტაპი OpenAI-სთან და ხელოვნური ინტელექტის სხვა წამყვან ამერიკულ გიგანტებთან კონკურენციას ამძაფრებს. ამ კვირაში DeepSeek-მა თავისი დიდი ენობრივი მოდელის განახლება გაუშვა, რომელიც, ჩინური ფირმის შეფასებით, მის წინამორბედთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.

DeepSeek-მა თავისი დიდი ენობრივი მოდელის, V3-ის განახლება, სახელწოდებით DeepSeek-V3-0324 სამშაბათს, ხელოვნური ინტელექტის განვითარების პლატფორმა Hugging Face-ზე გაუშვა. V3-ის მოდელი ჩინურმა კომპანიამ გასული წლის 26 დეკემბერს წარადგინა და განაცხადა, რომ ის V2-ზე სამჯერ სწრაფი იყო. ეს უკანასკნელი AI- ბენჩმარკინგის პლატფორმა Chatbot Arena-ს ტოპ-10-შიც მოხვდა.

რაც შეეხება უახლეს ვერსიას, ის რიგ განახლებებს მოიცავს, მათ შორის უკეთეს შედეგებს საორიენტაციო ტესტებში, განახლებებს ვებგვერდის განვითარებაზე, ჩინურ ენაზე წერისთვის ახალ ფუნქციებს, როგორიცაა ინტერაქციული გადაწერა, ძიებისთვის გაუმჯობესებული შესაძლებლობები და ანგარიშების უკეთესი ანალიზი.

ბაზრის ანალიტიკოსებისთვის ახლა ყველაზე საინტერესოა, იმოქმედებს თუ არა DeepSeek-ის განახლებული მოდელის გაშვება კონკურენტთა აქციებზე. მიმდინარე წლის დასაწყისში DeepSeek-ის პოპულარობის ზრდამ საფონდო ბირჟაზე მკვეთრი რყევები გამოიწვია. მთავარი დარტყმა ნახევარგამტარების უმსხვილესმა მწარმოებელმა Nvidia-მ მიიღო.

27 იანვარს, სავაჭრო დღის დასასრულს, საფონდო ბირჟებზე ამერიკული კომპანიის აქციების ღირებულება 17%-ით დავარდა. შედეგად, ამერიკული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდული $600 მილიარდით შემცირდა.

Nvidia-ს აქციების ფასების მცირედი ვარდნა ჩინური კონკურენტის მიერ განახლების გაშვებასაც მოჰყვა. სამშაბათ დილის (9:35 საათისთვის) მონაცემებით, ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებლის აქციების ფასი 1.2%-ით დაეცა, ხოლო სხვა აქციები Broadcom-ი და Tesla, შესაბამისად 0.6%-ითა და 0.3%-ით დავარდა. საპირისპიროდ, მცირედით გაიზარდა Apple-ის (0.3%), Meta-სა (0.7%) და Microsoft-ის (0.3%) აქციების ფასები.