PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის თანახმად, 2024 წლის დეკემბერში, ამავე წლის ნოემბერთან შედარებით, Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 20.2%-ით შემცირდა. დეკემბერში ვებგვერდზე მთლიანობაში 4,964 ვაკანსია გამოქვეყნდა.
2023 წლის დეკემბერთან შედარებით, გასული წლის ბოლო თვეს Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 5%-ით შემცირდა.
Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა
ასევე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან იმავე წლის დეკემბრის ჩათვლით, ვებგვერდზე მთლიანობაში 19,011 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. PMCG-ის კვლევითი ცენტრის დაკვირვებით, ვაკანსიების კლებაზე ყველაზე დიდი გავლენა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიას ჰქონდა.
ერთადერთი მიმართულება, სადაც 2024 წლის ნოემბერთან შედარებით დეკემბერში ზრდა დაფიქსირდა, ინფორმაციული ტექნოლოგიები/პროგრამირებაა. ამ კატეგორიაში Jobs.ge-ზე დეკემბერში 224 ვაკანსია გამოცხადდა. შედარებისთვის, ნოემბერში ამავე კატეგორიაში გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობამ 190 შეადგინა.
Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით