ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდავეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად გახსნა. პროცესის დაწყების სიმბოლური ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართება.
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ეტაპის გახსნა უკრაინისა და მოლდავეთისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ქვეყნებს ევროკავშირთან კიდევ უფრო დააახლოებს. მოლაპარაკებების გახსნა ბლოკში გაწევრიანების წინა ეტაპად მიიჩნევა და მთელი რიგი რეფორმების შესრულებას ითვალისწინებს. შესაბამისად, ორივე სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე წინ გრძელი და რთული გზა ელის.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური დასტურია იმისა, რომ უკრაინაც და მოლდავეთიც რუსული გავლენებისაგან თავისუფლდებიან და დასავლეთთან ინტეგრაციის შეუქცევად გზას ადგანან.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდავეთთან მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადასვლა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად გამოაცხადა. შესაბამისად, მოლაპარაკებების გახსნა საქართველოსთვისაც შემდეგი ეტაპია და ის იმ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული, რომლებიც ქვეყანას კანდიდატის სტატუსთან ერთად მიეცა. აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის შესაბამის ორგანოებში წლის ბოლოსთვის განიხილავენ.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოს მოლაპარაკებების თითოეული ეტაპის გახსნისა და დახურვისათვის ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა ესაჭიროება. შესაბამისად, როგორც წესი, აღნიშნული პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს და მას თან ახლავს როგორც ტექნიკური და სამართლებრივი, ისე პოლიტიკური შეფერხებებიც.