2015 წელს, უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე მყოფი მარიამი ორი კვირის გახსნილ კომპანიაში გასაუბრებაზე მიდის და მუშაობას იმავე დღეს, სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე იწყებს. მიზნები დიდია – მარკეტინგულ ბაზარზე სოციალური მედიის როლის მნიშვნელოვნად გაზრდა და კლიენტების დამოკიდებულების შეცვლა.
“ხუთი წლის წინ კომპანიების უმეტესობას ჯერ კიდევ არ ესმოდა სოციალური მედიის მნიშვნელობა – ამ პლატფორმას მხოლოდ საკომუნიკაციოდ იყენებდნენ. Socialsharks-მა ჩეხეთში 2008 წლიდან დაიწყო იმის კეთება, რაც ჩვენ საქართველოში შვიდი წლის დაგვიანებით მოვახერხეთ – ბიზნესს სოციალური მედიის ინვესტიციად დანახვის შესაძლებლობა მივეცით”.
კარგ სოციალური მედიის მენეჯერად ჩამოყალიბებასა და კლიენტებთან სწორი კომუნიკაციის წარმართვაში უნივერსიტეტში მიღებული განათლება გამოადგა, თუმცა მარიამ ბაჯელიძე არ ფიქრობს, რომ აკადემიური განათლების ქონა წარმატების მიღწევის ერთ-ერთი კომპონენტია: “ცოდნის მიღება სხვა, ალტერნატიული წყაროებიდანაც არის შესაძლებელი, მით უმეტეს – დღეს, ციფრულ ერაში”.
მისთვის წარმატების მთავარ მამოძრავებელ ძალას ხან ხელოვნურად, ხანაც კი ბუნებრივად შექმნილი ბარიერების რღვევა წარმოადგენს. მარიამის აზრით, ამ ბარიერებს ხან იერარქიულ და ბიუროკრატიულ კომპანიებში ვხვდებით, ხანაც კი სტერეოტიპებისგან გათავისუფლება ჩვენ თვითონ გვიჭირს და ამ ბარიერებს თავად ვქმნით. “ არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდე მხოლოდ იმით, რაც შენი კონტრაქტით გაწერილი მოვალეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირდაპირი მოვალეობა არ არის, მაინც დღემდე ვმართავ კომპანიების გვერდებს, რათა ტრენდებს, სიახლეებსა და ტექნიკურ knowhow-ებს მუდმივად ვფლობდე. როდესაც უფრო დაბალ პოზიციაზე ვიყავი, არც მაშინ ვიფარგლებოდი მხოლოდ იმ მოვალეობებით, რომელთა კარგად შესრულების შემთხვევაშიც თვის ბოლოს ხელფასს ავიღებდი. ინიციატივის გამოჩენა ყოველთვის კარგი იდეა მგონია და თუ თქვენი ხელმძღვანელი რეტროგრადი არ არის, ის სწორ ინი ციატივებს აუცილებლად დააფასებს”.
გამოცდილება ციფრულ სამყაროშიც გადამწყვეტია, თუმცა გამოცდილების მიღება ექსპერიმენტების გარეშე შეუძლებელია. ექსპერიმენტები კი, როგორც რეალურ სამყაროში, აქაც – ხან წარმატებით სრულდება, ხანაც კი წარუმატებლობით. “როცა ამ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, მეც ასე მომიდგნენ და ახლა მეც ასე ვუდგები სხვა თანამშრომლებს, რომ შეცდომების დაშვება ტრაგედია არ არის. ყოფილა შემთხვევები, რომ ფინანსური ზარალიც მიუღია კომპანიას იმის გამო, რომ რაღაც სიახლის ტესტირებამ არ გაამართლა, მაგრამ შეცდომის დაშვების შიშით არაფრის კეთებას, შეცდომების დაშვებით გამოცდილების მიღება მირჩევნია”, – ამბობს მარიამი.
მათ შორის შეცდომებით დაგროვებულმა გამოცდილებამ Socialsharks-ი ბაზარზე ერთ- ერთ ყველაზე წარმატებულ ციფრულ სააგენტოდ აქცია. ასამდე განხორციელებული პროექტი, ფეისბუკის პარტნიორობა, თვის განმავლობაში ასიათასობით დოლარი რეკლამაში, ყოველთვიურად ორ მილიონამდე ადამიანისთვის კონტენტის ჩვენება, ასიათასობით ჩართულობა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა: “ ფაქტობრივად, უნიკალური გამოცდილება გვაქვს თითქმის ყველა ტიპის კლიენტთან თანამშრომლობის”, – ამბობს მარიამი. კლიენტთა სია მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც FMCG კლიენტებს, ისე ფინანსურ სექტორს, საქველმოქმედო პროექტებს, სამშენებლო კომპანიებს, არტინდუსტრიებს და ა.შ. “თანაც, ფეისბუკის პარტნიორები ვართ, პირველები ვიგებთ სიახლეებისა და ტრენდების შესახებ, გახსნილი გვაქვს ხელსაწყოები, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ პარტნიორებს შეუძლიათ”.
სოციალური მედიის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ამჟამად, საქართველოში, ყველაზე დიდ სოციალურ ქსელ ფეისბუკში – 2.5 მილიონი აქტიური მომხმარებელია. გაზრდილი მოთხოვნა ბიზნესისთვის სიგნალია, სწორედ ამიტომ მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება მარკეტინგული ბიუჯეტის სოციალური მედიის სასიკეთოდ განაწილების მაჩვენებელიც. ეს ტრენდი მზარდია როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც.
მარიამის თქმით, Socialsharks-ის ბაზარზე გამოჩენამ ბიზნესებისთვის სოციალური მედიის აღქმა შეცვალა:
“მანამდე მხოლოდ კრეატივს ანიჭებდნენ უპირატესობას, ჩვენი პოზიცია იყო, რომ მხოლოდ კრეატივი არ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ის კონკრეტულ ბიზნესშედეგებში ითარგმნებოდეს. დავიწყეთ კლიენტების განათლებაზე ზრუნვა, რათა სწორი მოლოდინი და მოთხოვნები ჰქონოდათ როგორც ჩვენ მიმართ, ისე კონკურენტების მიმართაც – სხვანაირად ამ სფეროს განვითარება შეუძლებელი იქნებოდა”. თუმცა ტრადიციული მარკეტინგული არხების მიმართ ინტერესი ისევ დიდია, სოციალური მედიის სააგენტოებს კი ისევ უწევთ ციფრულ მედიაში რეკლამის განთავსების უპირატესობებზე საუბარი.
ციფრული მედია სამი მთავარი განმასხვავებლით გამოირჩევა:
1. ტარგეტირება – განსხვავებით სხვა ყველა მედიუმისგან, ციფრული მედია სამიზნე აუდიტორიების შერჩევისა და მესიჯების დივერსიფიცირების საშუალებას იძლევა;
2. გაზომვადობა – ციფრულ მედიაში მიღებული შედეგები მარტივად იზომება და ყველა სხვა არხისგან განსხვავებით, თითოეული ინვესტირებული ცენტის უკუგების კოეფიციენტის გაზომვაა შესაძლებელი.
3. ინტერაქცია – ციფრული მედია იძლევა მომხმარებლებთან ინტერაქციის, მათი ფიდბექების მოსმენის, მათთან უშუალო ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას;
“ბაზარზე არსებული ტენდენციის შედეგად, გაიზარდა მოთხოვნა ჩვენი პროფილის მქონე კომპანიებზე. შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დღეს კონკურენცია ძალიან მაღალია, თითქმის ყველა სააგენტოს აქვს digital-ის მიმართულება, განსხვავებულია საფასო სეგმენტი და დამკვეთის მოთხოვნებიც”.
კონკურენციის ზრდას მარიამი მიესალმება, რადგან მიაჩნია, რომ მხოლოდ შესაბამისი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი დაუღალავი შრომა იმისთვის, რომ უკეთესი გახდე.
რა მოდის შემდეგ? ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, Wings For Life World Run, თბი ლისის ზოოპარკი, ნაბეღლავი, M2, თიბისი ფეი… ეს მხოლოდ ნაწილია იმ კლიენტების, რომლებთანაც “შარკები” თანამშრომლობენ. მანამდე თუ ძირითად აქცენტს სოციალურ მედიაზე აკეთებდნენ, მათი სერვისების ჩამონათვალს ახლა ვიდეოპროდაქშენის მიმართულებაც დაემატა და კომპანია ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლაზეც ფიქრობს: “უკრაინა და აზერბაიჯანი მიმზიდველი ქვეყნებია ჩვენთვის, ციფრული მედიისთვის იქ დიდი შესაძლებლობებია, რომლებიც საკმარისად ათვისებული არ არის”.
კომპანიის მიზნები ძირითადად მოკლევადიანია, რასაც მარიამი თავისი მსოფლმხედველობით ხსნის: “მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება, მომავლის პროგნოზირება რთულია, რადგან ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების განვითარება ყოველდღიურად ცვლის სამყაროს. ამიტომ მოკლევადიან მიზნებზე ვკონცენტრირდებით და ამ გამარჯვებების შემდეგ ახალ ეტაპზე გადავდივართ. მგონია, რომ ადამიანმაც იგივე უნდა აკეთოს – სანამ დიდ მიზნებს ვისახავთ და მათკენ მივდივართ, ცხოვრება თითქოს უჩვენოდ მიდის. ცუდი არ იქნება, ხანდახან შევისვენოთ, საკუთარი თავი გავამხნევოთ, შევახსენოთ, რომ ყველა წარმატების ისტორია ინდივიდუალურია და მას დამარცხებებიც ახლავს. C’est la vie”.