Dolce & Gabbana ცხოველის ბეწვის გამოყენებას შეწყვეტს

Dolce & Gabbana ცხოველის ბეწვის გამოყენებას შეწყვეტს

2022 წლიდან, Dolce & Gabbana საკუთარ კოლექციებში ნატურალურ ბეწვს აღარ გამოიყენებს, – ამის შესახებ წამყვანმა იტალიურმა მოდის სახლმა Facebook-ზე დაწერა. თუმცა, ამასთანავე, იტალიური მოდის გიგანტი პროფესიონალ ბეწვეულის მწარმოებლებთან მუშაობას კვლავაც გააგრძელებს, რათა მათ ეკომეგობრული ბეწვისა და აქსესუარების წარმოებაზე გადასვლაში დაეხმაროს.

“Dolce & Gabbana-ში უფრო მდგრადი მომავლის შექმნა გვსურს, რომელშიც ნატურალურ ცხოველურ ბეწვს ადგილი არ ექნება. მთელ მოდის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრება, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ და წავახალისოთ – ამისთვის ჩვენს კოლექციებში ინოვაციურ მასალებს გამოვიყენებთ და ეკომეგობრულ საწარმოო პროცესებს დავნერგავთ, მაგრამ, ამავდროულად, ბეწვზე მომუშავე ხელოსნებს სამსახურსა და ცოდნას შევუნარჩუნებთ“, – განაცხადა Dolce & Gabbana-ს კომუნიკაციებისა და მარკეტინგის ოფიცერმა, ფედელე უსაიმ.

„ძლიერ გვახარებს, რომ Dolce & Gabbana ბეწვთან დაკავშირებული სისასტიკეს წინ აღუდგა და უფრო ჰუმანურ და ინოვაციურ მასალებზე გადაერთო. სამყარო იცვლება და Dolce & Gabbana-ს მსგავსი ბრენდებიც მომხმარებლის ახალ გემოვნებას ერგებიან – მათ სურთ, რომ კომპანიები წინ აღუდგნენ ცხოველების მიმართ არსებულ სისასტიკეს და იმგვარ ინოვაციებზე იმუშაონ, რომლებიც უფრო მდგრად მომავალს შექმნის“, – განაცხადა Fur Free Alliance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯო ვინდინგმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *