აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილონ მასკის ელექტრომობილების კომპანია Tesla-ს მხარი საჯაროდ დაუჭირა. ტრამპი თეთრი სახლის წინ მასკის თანდასწრებით Tesla-ში ჩაჯდა და ავტომობილის ყიდვის შესახებ განცხადება გაავრცელა. აღნიშნული ჟესტი ამერიკის პრეზიდენტმა ბოლო დროს ილონ მასკის მისამართით გაზრდილი კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.
შეგახსენებთ, ილონ მასკის გადაწყვეტილებებმა უკმაყოფილება გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ისე ტრამპის კაბინეტის შიგნით. მასკთან დაკავშირებული კრიტიკის გამო მისი კომპანიის, Tesla-ს აქციათა ფასები ბოლო თვის განმავლობაში დრამატულად შემცირდა, რის გამოც თავად ილონ მასკი დაახლოებით $150 მილიარდით გაღარიბდა. Tesla-ს აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 31%-ით შემცირდა.
საკუთარ სოცმედიაში გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრამპმა დემოკრატებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი არალეგალურად ახდენენ Tesla-ს ბოიკოტირებას იმისთვის, რომ თავს დაესხან და ავნონ ილონ მასკს და ყველაფერს, რასაც ის აკეთებს. Tesla-ს ავტომობილის ყიდვის შესახებ პრეზიდენტმა სწორედ აღნიშნულ პოსტში განაცხადა. „ხვალ დილით Tesla-ს ახალ მოდელს ვიყიდი, რათა მხარი დავუჭირო ილონ მასკს, ნამდვილად დიდებულ ამერიკელს“. მისი განმარტებით, აღნიშნულ ავტომობილს თეთრი სახლის პერსონალისთვის შეიძენს, რადგან თავად ავტომობილის მართვის უფლება არა აქვს.