დონალდ ტრამპის კაბინეტი - Forbes-მა თეთრი სახლის თანამშრომლების ქონება დათვალა

დონალდ ტრამპის კაბინეტი - Forbes-მა თეთრი სახლის თანამშრომლების ქონება დათვალა

დონალდ ტრამპის კაბინეტში დღეს 17 მილიონერი, 1 მილიარდერი და 2 ცენტიმილიონერია. ამერიკული Forbes-ის გათვლით, ჯამში ტრამპის მილიონერი კადრები 3.2 მილიარდ დოლარს ფლობენ, რაც მცირედით მეტია თავად პრეზიდენტის ქონებაზე – 3.1 მილიარდი დოლარი.

თეთრ სახლში ტრამპის შემდეგ ყველაზე მეტ ქონებას ბეტსი დევოსი ფლობს. 61 წლის განათლების მდივანი 2 მილიარდ დოლარს ფლობს. მას ქონების ნაწილი მემკვიდრეობით მამისგან მიიღო, ნაწილი კი მეუღლისგან. დევოსი ქველმოქმედია, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით კერძო სკოლებში ვაუჩერების სისტემა დანერგა, რათა სკოლები დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. დონალდ ტრამპის კაბინეტში ის 2017 წლის 7 თებერვლიდან იკავებს განათლების მე-11 სახელმწიფო მდივნის პოზიციას.

სიაში შემდეგ ადგილს უილბურ როსი იკავებს. აშშ–ს კომერციის მდივანი 600 მილიონ დოლარს ფლობს. ის 24 წლის განმავლობაში საინვესტიციო ბანკში Rothschild მუშაობდა, რომელიც 2000 წელს დატოვა. ქონების უმეტესობა მან ამერიკული ფოლადის დახმარებით მიიღო, მას შემდეგ რაც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ფოლადის ადგილობრივ წარმოებას ხელსაყრელი ტარიფები დაუწესა.

400 მილიონი დოლარით სიაში მესამე ადგილს იკავებს სტივენ მნუჩინი. მნუჩინი აშშ–ს სახაზინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ის 17 წლის განმავლობაში Goldman Sachs–ში მუშაობდა. მნუჩინის უძრავი ქონება Forbes-ს 100 მილიონ დოლარად აქვს შეფასებული: ის და მისი მეუღლე სახლებს ფლობენ ნიუ–იორკში, ვაშინგტონში, ლოს ანჯელესში, შოტლანდიაში.

69 წლის უილიამ ბარი სიაში მეოთხე ადგილზეა. მისი ქონება 40 მილიონი დოლარია. ბარი აშშ–ს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებს. ქონება მან კერძო სექტორში 26 წლის განმავლობაში მუშაობით დააგროვა. მათ შრის ბარი Verizon–ში ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ბარმა ამერიკის გენ პროკურორის თანამდებობა წელს მეორედ დაიკავა. მანამდე ის ამ პოზიციაზე ჯორჯ ბუშის (უფროსი) პრეზიდენტობისასაც მუშაობდა.

ხუთეულს რობერტ ლაითჰაიზერი ასრულებს. აშშ–ს სავაჭრო წარმომადგენლის ქონება 25 მილიონი დოლარია. Forbes-ს მისი სახლი ვაშინგტონში რამდენიმე მილიონ დოლარად აქვს შეფასებული, ის ასევე ფლობს მილიონებად შეფასებულ უძრავ ქონებას ფლორიდაში. ქონება ლაითჰაიზერმა წლების განმავლობაში შემდეგ კომპანიებში მუშაობით დააგროვა: Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom.