სემ რეიმის რეჟისორობით გადაღებული ფილმის „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ შემოსავალმა გასულ უიკენდზე ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში დებიუტისას 185 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს, ბოლო მონაცემებით, ის 450 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
2022 წელს გამოსული ფილმებიდან ამ დრომდე ყველაზე შემოსავლიანი საშინაო დებიუტის მქონე კინოსურათად რობერტ პატინსონის მონაწილეობით გადაღებული „ბეტმენი“ მიიჩნეოდა. მან ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში დებიუტისას ბილეთების გაყიდვებით 134 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო. ცნობისთვის, „ბეტმენის“ საერთაშორისო გაყიდვებით მიღებული შემოსავალი, მოცემული დროისთვის, 767 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ფილმის ბიუჯეტი 185-დან 200 მილიონ აშშ დოლარამდეა.
აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ყველაზე წარმატებული საშინაო დებიუტი შემოსავლების თვალსაზრისით ფილმს „სპაიდერ-მენი: სახლისკენ გზა არ არის“ ჰქონდა. აშშ-ისა და კანადის კინოთეატრებში სადებიუტო უიკენდზე კინოსურათის ბილეთების გაყიდვით სალაროებში 260 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. აღსანიშნავია, რომ $200-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმის საერთაშორისო გაყიდვებით მიღებული შემოსავალი ამ დროისთვის თითქმის 1.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
პანდემიის პერიოდში გამოსული ფილმებიდან საშინაო დებიუტისას მიღებული შემოსავლის რაოდენობით მეორე ადგილს „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ იკავებს. ბენედიქტ კამბერბეჩის მონაწილეობით გადაღებული ფილმის ბიუჯეტი 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.