EBRD და სებ-ი ძალებს აერთიანებენ, რათა COVID-19-ის ეფექტი შეამცირონ - განცხადება

EBRD და სებ-ი ძალებს აერთიანებენ, რათა COVID-19-ის ეფექტი შეამცირონ - განცხადება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) COVID-19-ის მიერ გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებიდან ირკვევა, რომ თანამშრომლობა სვოპ ხელშეკრულებებს შეეხება, რომლის ფარგლებშიც პირველი ტრანზაქცია 24 აპრილს განხორციელდა.

“ორ ინსტიტუტს შორის გაფორმდა შეთანხმება უცხოურ ვალუტაში სვოპ ხელშეკრულებების წარმოების შესახებ, რაც EBRD-ს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს ადგილობრივ ვალუტაში ნომინირებული დაფინანსების მიწოდება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც COVID-19-ის გამო, დროებით სირთულეებს განიცდიან. მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ტრანზაქცია 24 აპრილს შედგა.

სვოპ ხელშეკრულებების ხაზი საქართველოს ეროვნული ბანკის მენეჯმენტს საფინანსო სისტემისთვის დოლარის დამატებითი ლიკვიდობის მიწოდებაში დაეხმარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 7 აპრილს გაკეთებული განცხადებით აღნიშნა, რომ EBRD-თან $200 მილიონი დოლარის მოცულობის სვოპ ოპერაციების განხორცილების შესახებ იგეგმებოდა ხელშეკრულების გაფორმება.

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან განხორციელდეს მოლაპარაკება და გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება მათთან 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სავალუტო სვოპ ოპერაციის შესახებ. სავალუტო სვოპ ოპერაციების პირობები განისაზღვროს მხარეთა შორის შეთანხმებით”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ მიღებულ განკარგულებაში.

სავარაუდოდ, EBRD-ის განცხადება სწორედ ამ მოლაპარაკების შედეგებს შეეხება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *