EBRD თიბისი ბანკზე განცხადებას ავრცელებს

EBRD თიბისი ბანკზე განცხადებას ავრცელებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. EBRD-ში იმედოვნებენ, რომ ბანკის დამფუძნებლების მიმართ დაწყებული გამოძიება გამჭვირვალედ და დროულად წარიმართება და მას ბანკის ფუნქციონირებაზე გავლენა არ ექნება.

ამასთან, EBRD გამოხატავს მხარდაჭერას თიბისი ბანკის ჯგუფის მიმართ. შეგახსენებთ, რომ EBRD თიბისი-ს ერთ-ერთი ინვესტორია.

“თიბისი ბანკი სოლიდური ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც ძლიერი მენეჯმენტი და დამოუკიდებელი დირექტორთა საბჭო ჰყავს. ჩვენ მივესალმებით თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდოამრის და მისი მოადგილის გადაწყვეტილებას საბჭოს ამ ეტაპზე დატოვების შესახებ, რათა ფოკუსირება მოხდეს მიმდინარე გამოძიებაზე. ჩვენ ასევე მივესალმებით ბორდის გაძლიერებას ახალი თავმჯდომარით“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები. როგორც ბანკში განმარტავენ, ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.

“სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალუყურე საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე. არჩევანი მასზე გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.