მიმდინარე კვირას ათობით საერთაშორისო მსხვილი კომპანია 2021 წლის პირველი კვარტალის შედეგებს გაასაჯაროებს. მათ შორის ყველაზე მეტი ყურადღება Netflix-ისკენ იქნება მიმართული, რომელიც ბოლო ფინანსურ მონაცემებს ხვალ, სამშაბათს გამოაქვეყნებს. როგორც ელოდებიან, შედეგები კარგი იქნება, ვინაიდან პანდემიის შედეგად Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა მზარდია.
Netflix-ის გარდა, მიმდინარე კვირას ელოდებიან ტექნოლოგიური კომპანიების: Intel-ის, Snap-ისა და IBM-ის შედეგების გამოქვეყნებას. ასევე პირველი კვარტალის შედეგების გამოქვეყნება მოსალოდნელია ისეთი გიგანტი კომპანიებისგან, როგორიცაა, მაგალითად: Coca-ColaJohnson & Johnson-ი, Procter & Gamble-ი AT&T-ი Harley-Davidson-ი, Verizonი American Express-ი, Lockheed Martin-ი Honeywelი Halliburton-ი. გარდა ამ კომპანიებისა, ელოდებიან ავიაკომპანიების შედეგების გასაჯაროებასაც, მათ შორის American Airlines-ის, United Airlines-ისა და Southwest Airlines-ის პირველი კვარტალის მონაცემებს გავიგებთ.
კომპანიების ფინანსური მონაცემების გასაჯაროების გარდა, მიმდინარე კვირას მოსალოდნელია ევროპის ცენტრალური ბანკის შეხვედრა, რომელიც მონეტარული პოლიტიკის შესახებ იმსჯელებს. ხუთშაბათის შეხვედრის შემდეგ უნდა ველოდოთ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის პრესკონფერენციასაც.
პარალელურად, მიმდინარე კვირას უნდა ველოდოთ საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, აშშ-სა და სამხრეთ კორეაში პირველი კვარტალის მშპ-ის მონაცემების გამოქვეყნებას. იტალია გამოაქვეყნებს აპრილის ბიზნესის ნდობის ინდექსს. იაპონიაში – მარტის, კანადაში კი თებერვლის რიტეილ-გაყიდვების მონაცემები გასაჯაროვდება. ხოლო ევროკავშირში მარტის უმუშევრობის დონე გახდება ცნობილი.
რაც შეეხება საქართველოს, 19 აპრილის კვირაში უნდა ველოდოთ შემდეგი მონაცემების გასაჯაროებას:
- 19 აპრილი – საგარეო ვაჭრობა (2021 წლის მარტი)
- 19 აპრილი – ადგილობრივი ექსპორტი (2021 წლის მარტი)
- 20 აპრილი – სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის მარტი)
- 20 აპრილი – მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2021 წლის მარტი)
- 20 აპრილი – მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2021 წლის მარტი)
- 20 აპრილი – ექსპორტის ფასების ინდექსი (2021 წლის მარტი)
- 20 აპრილი – იმპორტის ფასების ინდექსი (2021 წლის მარტი)
- 20 აპრილი – ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის მარტი)
- 20 აპრილი – სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის მარტი)
- 20 აპრილი – ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2021 წლის მარტი)
- 20 აპრილი – მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2021 წლის მარტი).