წამლების აღმოჩენა, როგორც სერვისი

წამლების აღმოჩენა, როგორც სერვისი

წამლებზე მომუშავე კომპანიათა უმეტესობა წლებს ატარებს მოუხელთებელი, მილიარდდოლარიანი ბლოკბასტერის დევნაში. ABCELLERA BIOLOGICS-ი საბაზისო საქმიანობაზე კონცენტრირდება, რისი წყალობითაც მისი დამფუძნებელი კარლ ჰენსენი ერთ ღამეში კოვიდ-მულტიმილიარდერად იქცა.

ყოველ ჯერზე, როცა ბაქტერიით ან ვირუსით ვინფიცირდებით, ჩვენი იმუნური სისტემა მუშაობას იწყებს, მის დასამარცხებლად სამკურნალო საშუალებები რომ შექმნას. ეს პაწაწინა უჯრედები, გნებავთ, ანტისხეულები, – მოლეკულურად უნიკალურები ყოველი ადამიანისთვის, – ან ანადგურებენ ამ „თავდამსხმელებს“, ან მონიშნავენ მათ, სხვა მკვლელი უჯრედები რომ დაადგნენ მათ კვალს.

46 წლის კარლ ჰენსენი ენთუზიაზმით ივსება, ამ პროცესს Zoom-ის მეშვეობით როცა გვიხსნის. „ჩვენ 100 ტრილიონი სხვადასხვა ანტისხეულის გამომუშავება შეგვიძლია, – აღტაცებით ამბობს ის. – იმუნური სისტემა ენითაღუწერლად შთამბეჭდავია“.

თუ ეს უფრო კოლეჯის პროფესორის ტექსტივით ჟღერს, ვიდრე $13-მილიარდიანი (საბაზრო კაპიტალიზაციით) კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ნათქვამივით, არ გაგიკვირდეთ: ჰენსენი მართლაც პროფესორი იყო… 2019-მდე, როცა ამ საქმიანობას შეეშვა, რათა ვანკუვერულ AbCellera Biologics-ზე ფოკუსირებულიყო, რომელიც 2012 წელს University of British Columbia-ს კოლეგა-მკვლევრებთან ერთად დააფუძნა. „უნივერსიტეტები ძალიან კარგი ადგილია ახალი იდეების გამოსაცდელად და პოტენციურად ყველაზე ეფექტიანი გზების მოსაძებნად“, – ამბობს ის.

გუნდის აკადემიური ორიენტაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თვალსაზრისითაც გამოიხატა. თითქმის ყველა ბიოტექნოლოგიური სტარტაპი თითზე ჩამოსათვლელ სამკურნალო სამიზნეებზე მუშაობს, შემდეგ კი მომდევნო 8-12 წელიწადს მათ შექმნაში ატარებს და იმედი აქვს, რომ, ბოლო-ბოლო, შეძლებს და რომელიმე მათგანს მაინც მოახვედრებს ბაზარზე. თან ეს უტყუარი გზა სულაც არ არის: ახალი წამლების 10%-იც კი ვერ ნახულობს დღის სინათლეს. მაგრამ როცა ასე ხდება, ეს წამლები, როგორც წესი, ბლოკბასტერები არიან: 2018-ში ყველაზე კარგად გაყიდული 10 წამლიდან შვიდი ანტისხეულების მედიკამენტი იყო, მათ შორის, AbbVie-ს $19-მილიარდიანი (წმინდა შემოსავალი) იმუნოდეპრესანტი Humira და Merck-ის კიბოს წამალი Keytruda, რომელმაც 2019 წელს $11.1 მილიარდი მოიტანა.

AbCellera უაღრესად განსხვავებულ მიდგომას ირჩევს. ნაცვლად იმისა, ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიის შექმნას ეცადონ, ისინი მხოლოდ აღმოჩენის პროცესზე არიან ფოკუსირებულნი. ეს წამლის შექმნის ყველაზე ადრეული და ყველაზე მთავარი ეტაპია: სწორედ ამ ეტაპზე ხდება ყველაზე დამაიმედებელი სამკურნალო პერსპექტივების შერჩევა, მათი ლაბორატორიული ცდებით შემოწმება და შემდეგ შექმნის პროცესში გაშვება.

მაგრამ AbCellera-ს – რომელმაც მაისში $105 მილიონი მოიზიდა ისეთი ინვესტორებისგან, როგორებიც არიან, მაგალითად, პიტერ ტილი, University of Minnesota და OrbiMed-ი, და რომელიც, საჯარო ბაზარზე გასვლამდე ექვსი თვით ადრე, PitchBook-ის თანახმად, $4.8 მილიარდად იყო შეფასებული – არ აინტერესებს პროცესის თავიდან ბოლომდე გავლა. ნაცვლად ამისა, კომპანია გვთავაზობს იმას, რაც შემდეგნაირად შეიძლება, დავახასიათოთ: „წამლების აღმოჩენა, როგორც სერვისი“. ის 90 გარებიზნესთან თანამშრომლობს, მათ რიცხვში, ფარმაგიგანტებთან: Pfizer-თან, Gilead-სა და Novartis-თან. ეს კომპანიები AbCellera-ს კონკრეტული კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი ანტისხეულების პოვნას სთხოვენ. ეს უკანასკნელი კი პერსპექტივათა აღმოსაჩენად საკუთარ დაპატენტებულ ტექნოლოგიას იყენებს.

AbCellera-მ თავისი, ჯერჯერობით ყველაზე მაღალპროფილიანი, წარმატების ფარგლებში, კოვიდ-19-გადატანილი ადამიანების სისხლიდან მიღებული ათასობით ანტისხეული გამოსცადა, რათა იმ ანტისხეულების იდენტიფიცირება მოეხდინა, რომლებიც ყველაზე შედეგიანად ებრძვიან ვირუსს. შემდეგ ყველაზე პერსპექტიული ანტისხეულები წამლის კომპანია Eli Lilly-ს გადასცა. ამ ანტისხეულებიდან ერთ-ერთის, bamlanivimab-ის, კლინიკურმა ცდებმა მაისში აიღო სტარტი – პარტნიორობის დაწყებიდან სულ რაღაც 90 დღეში. ცდებმა აჩვენა, რომ მსუბუქი და ზომიერი ფორმების მქონე პაციენტებს კარგი შედეგები ჰქონდათ, ნოემბერში კი ამ ანტისხეულმა FDA-სგან საგანგებო წესით მიიღო ნებართვა.

კონტრაქტი გააფორმა ფედერალურმა მთავრობამაც, რათა $1.2 მილიარდის სანაცვლოდ, წამლის 950,000 დოზა იყიდოს. დეკემბრის შუა რიცხვებში Eli Lilly-მ გამოსცა საკუთარი ფინანსური პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2021-ში კოვიდ-19-ის მედიკამენტებიდან ის $2 მილიარდამდე შემოსავალს ელის, რომლის უდიდეს ულუფაზე bamlanivimab-ი იქნება პასუხისმგებელი; AbCellera, რომელმაც 2020-ის სექტემბრის ბოლოს $25 მილიონი მოიხვეჭა, ამ გაყიდვებიდან, Credit Suisse-ის თანახმად, დაახლოებით $270 მილიონის საავტორო ჰონორარს მიიღებს.

გარდა ამისა, AbCellera ეძებს გზებს, რომ ანტისხეულის თერაპიათა განვითარების პროცესი დააჩქაროს. რაც უფრო მოკლე ვადაში მოხდება ეს, მით უფრო მეტი მილიონი დაიზოგება განვითარების ხარჯებზე, პარალელურად კი შემოსავლების მოსალოდნელზე ადრე მიღება იქნება შესაძლებელი. „ფინანსური თვალსაზრისით, ყოველი დამატებითი წელი შესაძლებლობათა სერიოზული დანაკარგია ინვესტორთათვის“, – ამბობს Berenberg Capital Markets-ის ანალიტიკოსი გალ მუნდა.

ჰენსენის ქონება დღეს, კომპანიის მგზნებარე პირველადი საჯარო შეთავაზების წყალობით, დეკემბერში რომ მოხდა, $3 მილიარდს შეადგენს. ათნიშნა კლუბში მეტეორის სისწრაფით მის გაწევრიანებაზე რომ ვეკითხებით, ის მოკრძალებულად გვპასუხობს: „ცოტა სიურრეალისტური შეგრძნებაა“. AbCellera-ს წარმატებასთან დაკავშირებით უფრო მკაფიოა: „თუ კოვიდის ეს მაგალითი რამეს გვაჩვენებს, ჩემთვის ეს ჩვენი ბიზნესმოდელისა და ტექნოლოგიის ეფექტიანობის მტკიცებულებაა“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *