ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის კვლავ ყველაზე ყურადსაღები ამბავი იქნება. რეგიონში შექმნილი ვითარება, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ეკონომიკურ პროცესებზეც. როგორც „როიტერსი“ წერს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთში ჩასვლას და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას აპირებს. პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. მათი საუბრის მთავარი თემაც უკრაინა იქნება. ეკონომისტების თქმით, შექმნილი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ პირველად ბარელზე $90-ს გადააჭარბა.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას მსხვილი საერთაშორისო კომპანიების მიერ შემოსავლების შესახებ ბოლო მონაცემების გამოქვეყნება გაგრძელდება. კერძოდ, უნდა ველოდოთ კოვიდვაქცინების მწარმოებელი AstraZeneca-სა და Pfizer-ის, ასევე, Disney-ის, Uber-ის, Expedia-ს, Twitter-ის შემოსავლების გამოქვეყნებას. მათ მოჰყვება Coca-Cola-ს, PepsiCo-ს, Tyson Foods-ის, CVS Health-ის და Cleveland-Cliffs-ის მონაცემების გამოქვეყნებაც.

პარალელურად, მიმდინარე კვირასვე დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვან ეკონომიკურ მონაცემებს გამოაქვეყნებს. კერძოდ, უნდა ველოდოთ მეოთხე კვარტალის მშპ-ის მონაცემებს, დეკემბრის სავაჭრო ბალანსს ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში და ინდუსტრიული წარმოების განახლებულ მონაცემებს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითად, შვეიცარიაში უმუშევრობის იანვრის მაჩვენებლებს გაასაჯაროებენ. უმუშევრობის განახლებული მონაცემები გამოქვეყნდება რუსეთშიც. ამასთან, რუსეთი რიტეილ-გაყიდვებისა და სამომხმარებლო ფასების ინდექსსაც გამოაქვეყნებს.

საფრანგეთი, გერმანია, აშშ და კანადა სავაჭრო ბალანსს და ექსპორტ-იმპორტის ბოლო მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ. მნიშვნელოვანია ასევე ევროკავშირის მიერ ეკონომიკური პროგნოზების გამოქვეყნებაც, რასაც 10 თებერვალს უნდა ველოდოთ.

ხოლო ინდოეთი მონეტარული პოლიტიკის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას გამოქვეყნდება 2022 წლის იანვრის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი, ასევე 11 თებერვალს უნდა ველოდოთ სოციალური დაცვის 2021 წლის მაჩვენებლების გამოქვეყნებასაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.