რა იქნება მიმდინარე კვირას, ალბათ ძნელი საპროგნოზოა, თუმცა გაწერილი ეკონომიკური კალენდარი მაინც არსებობს და ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ თითქმის ყველა თემას რუსეთ-უკრაინის ომამდე მივყავართ. ფაქტია, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მკვეთრად შეცვლის მსოფლიო ეკონომიკურ დღის წესრიგს.
კერძოდ, დასავლეთი რუსული ბანკების ნაწილს SWIFT-დან თიშავს, რაც, ერთი მხრივ, აზარალებს რუსეთს, თუმცა რისკებს აჩენს დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ამასთან, მოლოდინია, რომ მომდევნო კვირაში რუბლი კიდევ ერთხელ მკვეთრად დაეცემა. გასულ კვირას რუსულმა ვალუტამ რეკორდული ვარდნა უკვე აჩვენა.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია აშშ-ის სავალუტო სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის მოხსენება. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ბაზარზე გაურკვევლობა გაზარდა, ამიტომ ჯერომ პაუელს მოუწევს ინვესტორების იმაში დარწმუნება, რომ სარეზერვო სისტემა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ინფლაციის შესამცირებლად, რომელმაც აშშ-ში 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. დაანონსებული იყო, რომ სარეზერვო სისტემა რეფინანსირების განაკვეთს სწორედ მარტში გაამკაცრებდა, მაგრამ აშკარაა, აშშ-ს მოუწევს გეოპოლიტიკური სიტუაციის შეფასება და გადაწყვეტილების ამის მიხედვით მიღება.
ენერგომატარებლების ფასებიც მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება. რუსეთ-უკრაინის ომმა ნავთობის ფასები 7-წლიან მაქსიმუმამდე უკვე გაზარდა. „ბრენტის“ ტიპის საწვავის ფასმა $105-ს მიაღწია. გაძვირდა ევროპული გაზიც, რადგანაც გაზრდილი იყო აჟიოტაჟი მიწოდების რისკების გამო. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი ნედლი ნავთობის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, ევროპისთვის კი – გაზის მიწოდების მნიშვნელოვანი წყარო. ვნახოთ, რამდენად გახდება ნავთობსა და გაზზე ფასების მატების მიზეზი დაანონსებული სანქციები რუსული ბანკების წინააღმდეგ.
მიმდინარე კვირაში უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია აშშ-ში დასაქმების მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ეკონომისტების ვარაუდით, თებერვალში 450 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, აშშ-ში უმუშევრობის დონე კი 3.9%–მდე შემცირდა.
სამომხმარებლო ფასების ინფლაციის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს ევროზონა. პროგნოზირებულია, რომ დაფიქსირდება რეკორდი და ინფლაცია 5.3%-ს მიაღწევს. ეს კი, დიდი ალბათობით, თავის ტკივილი გახდება ევროპის ცენტრალური ბანკისთვის, რომელსაც სხდომა მარტში აქვს დაგეგმილი. ცენტრალურმა ბანკმა პირობა დადო, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური გავლენების ყოვლისმომცველ შეფასებას მოამზადებს.
რაც შეეხება საქართველოს, 1 მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვები პრაქტიკულად უქმდება: დაშვებული ხდება ქელეხების, ქორწილების, სხვა სოციალური ღონისძიებების ჩატარება. იხსნება შეზღუდვები კვების ობიექტებში სტუმრების რაოდენობაზე. უქმდება თერმოსკრინინგის, დეზობარიერის ქონის ვალდებულება. თუმცა კვლავ სავალდებულოდ რჩება ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება.
გარდა ამისა, 1 მარტიდან ძალაში უნდა შევიდეს აზარტული თამაშების შესახებ კანონის ის ნაწილი, რომლის მიხედვით მილიონამდე ადამიანს აზარტულ თამაშებში ჩართვა ეკრძალება.
მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება იანვრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება – გავიგებთ რამდენი პროცენტით გაიზარდა ეკონომიკა საქართველოში. დაგროვებითი პენსიის სტატისტიკური მაჩვენებლებიც გასაჯაროვდება, რომლებიც 2021 წლის შედეგებს შეაჯამებს, ვნახავთ სამომხმარებლო ფასების ინდექსსა და პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლებსაც.