მიმდინარე კვირას მულტინაციონალური კომპანიები 2022 წლის მეოთხე კვარტალის შემოსავლების გამოქვეყნებას დაიწყებენ. 9 იანვრის კვირაში მოსალოდნელია ამერიკული ბანკების Citigroup-ის, Bank of America-ს, Wells Fargo-ს და JPMorgan-ის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნება. გარდა ამისა, შემოსავლების გამოქვეყნებას გეგმავს ამერიკული ავიაკომპანია Delta Air Lines-იც.
მიმდინარე კვირასვე, ევროზონაში მოსალოდნელია ინდუსტრიული წარმოებისა და ვაჭრობის მონაცემების გასაჯაროება. ასევე გერმანია აპირებს წლიური მშპ-ის ზრდის მაჩვენებლის გამოქვეყნებას, რაც ნათელს გახდის, რა გავლენა მოახდინა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ევროზონის უმსხვილესი ეკონომიკის შეფერხებაზე.
ამასთან, ევროზონაში ცნობილი გახდება უმუშევრობის ბოლო მაჩვენებლები. საფრანგეთი ნოემბრის სავაჭრო ბალანსს გამოაქვეყნებს, ხოლო იტალია რიტეილ-გაყიდვების ბოლო მონაცემებს გახდის საჯაროს.
დიდი ბრიტანეთი ნოემბრის მშპ-ის მაჩვენებელს გამოაქვეყნებს, რაზეც, ბუნებრივია, ასახული იქნება ქვეყანაში ინფლაციის ორნიშნა რეკორდული მაჩვენებელი. მართალია, ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა პირობა დადო, რომ ინფლაციას გაანახევრებს და გაზრდის ეკონომიკას, ანალიტიკოსები მაინც პროგნოზირებენ, რომ მაღალი ინფლაცია ბრიტანეთში მიმდინარე წელს შენარჩუნდება, ხოლო საპროცენტო განაკვეთების შემცირება 2024 წლამდე მოსალოდნელი არ არის.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას მთავრობის გადაწყვეტილებით საახალწლო უქმეები სრულდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა და საჯარო სექტორი მუშაობას განაახლებენ. ხოლო საქსტატი მიმდინარე კვირას სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულ ინდექსს (2022 წლის დეკემბერი), საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებს (2022 წლის წინასწარი) და ბრუნვის მოცულობის ინდექსს (2022 წლის ნოემბერი) გამოაქვეყნებს.