ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ინვესტორების ყურადღება მიპყრობილი იქნება უმსხვილესი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების შემოსავლებისკენ, ვინაიდან ამ კვირას ცნობილი გახდება Apple-ის, Microsoft-ის, Facebook-ის და Tesla-ს 2020 წლის ბოლო კვარტლის შემოსავლები. განახლებული მონაცემების შედეგად მოსალოდნელია, რომ შეიცვლება აღნიშნული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია. ამასთან, ელოდებიან, რომ Apple-ის, Facebook-ის, Netflix-ის, Amazon-ის და Alphabet-ის საერთო ღირებულება $6.16 ტრილიონს მიუახლოვდება.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სამსახურში პირველი შეხვედრა გაიმართება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას სენატში დემოკრატებმა კონტროლი ოფიციალურად მოიპოვეს, ამან კი გაზარდა იმის ალბათობა, რომ ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეთავაზებას – $1.9 ტრილიონიანი ეკონომიკური დახმარების პაკეტის დამტკიცებას მხარს დაუჭერენ.

კვლავ ამერიკაზე რომ ვისაუბროთ, მიმდინარე კვირას, გახდება ცნობილი გასული წლის ბოლო კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტი. ეკონომისტები 4%-იან ზრდას პროგნოზირებენ. ხოლო წლიურ ჭრილში 3.5%-იან კლებას ელოდებიან.

მთლიანი შიდა პროდუქტის 2020 წლის მაჩვენებლები გამოქვეყნდება საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაშიც. გერმანიაში ელოდებიან, რომ 2020 წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა.

მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანი იქნება იმ კუთხითაც, რომ გაიმართება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, თუმცა, ეს ამჯერად, პანდემიის გამო, ვირტუალური ღონისძიება იქნება, რომელიც ამ დრომდე ტრადიციულად შვეიცარიის საკურორტო ქალაქ, დავოსში იმართებოდა ხოლმე. ფორუმს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოსიჰიდე სუგა და ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდიც დაესწრებიან.

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისშია, ფორუმის განსახილველი თემები არ იქნება ცოტა. საკითხებს შორის იქნება უმუშევრობა, ვალის დონე, შემოსავლების უთანასწორობის ზრდა, კლიმატური ცვლილებები და სხვა.

პარალელურად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი სამშაბათს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს განაახლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *