ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებზე აისახა

ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებზე აისახა

მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტში 462 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავალი იქნა მობილიზებული.

იანვარ-თებერვალში შემოსულმა საგადასახადო შემოსავალმა ჯამში 1 016 მილიონი ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 57%-ია. კვარტალური გეგმის შესასრულებლად, მარტში 764 მილიონი ლარის საგადასახდო შემოსავლის მობილიზება არის საჭირო. ამისათვის შარშანდელ მარტთან შედარებით მიმდინარე თვეში 78 მილიონი ლარით მეტი გადასახადი უნდა აიკრიბოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2015 წლის პირველ ორ თვეში, იანვარ-თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შეფარებით 62 მილიონი ლარით მეტი საგადასახადო შემოსავალი აიკრიბა, ერთ თვეში გადასახადების 78 მილიონით ზრდა რთული მისაღწევი იქნება.

საგადასახადო შემოსავლების დაგეგმილზე ნელი ტემპით ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრის ტემპის შემცირებამ გამოიწვია. საგადასახადო შემოსავლების შეგროვების ბაზა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტია (მშპ). ეკონომიკური ზრდა კი მშპ-ს ზრდას ნიშნავს. 2015 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდის ტემპმა 0.5% შეადგინა, ხოლო ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, წლიური გეგმის შესასრულებლად საჭიროა თვეში საშუალოდ 800 მილიონი ლარი იხარჯებოდეს, იანვარ-თებერვალში კი საშუალო თვიურმა ხარჯვამ 641 მილიონი ლარი შეადგინა.