ელონ მასკმა Amazon-თან “გაყრის“ შესახებ განაცხადა, ამის მიზეზი კორონავირუსის შესახებ ელექტრონული წიგნი გახდა. ელონ მასკმა Amazon-ი გააკრიტიკა პანდემიის შესახებ ალექს ბერენსონის წიგნის არგამოქვეყნებისთვის. კერძოდ, მასკმა Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი “ტვიტერის“ პოსტში მონიშნა და განაცხადა, რომ “დროა Amazon-თან დაშორების“.
მასკის ყურადღება მიიპყრო თავად წიგნის ავტორის მიერ გავრცელებულმა „სქრინშოთმა“, სადაც ის ამბობს, რომ Amazon-ზე თავისი წიგნი არ ატვირთეს, ვინაიდან ის არ აკმაყოფილებდა გაიდლაინებს.
“მათ წიგნს ცენზურა დაადეს. ეს წიგნი მთლიანად მთავრობის მონაცემებსა და სამეცნიერო ნაშრომებს ეხება. წიგნი არ არის ნათქვამი, რომ კორონავირუსი არ არის რეალური და ის არ კლავს ადამიანებს“, – დაწერა ავტორმა.
თავად Amazon-ში კი განაცხადეს, რომ წიგნი შეცდომით იქნა ამოღებული ვებგვერდიდან და ის ისევ გამოჩნდება ბაზაში.
აღსანიშნავია, რომ ელონ მასკი და ჯეფ ბეზოსი ერთმანეთის მეტოქეებიც არიან კოსმოსში მოგზაურობაზე მუშაობის მიმართულებით. მასკმა 2002 წელს SpaceX-ი დააარსა, ორი წლის შემდეგ კი ბეზოსმა თავისი რაკეტების მწარმოებელი კომპანია Blue Origin-ი შექმნა.