EPRC: პეტიცია მესამე „ლოქდაუნის“ თავიდან ასაცილებლად

EPRC: პეტიცია მესამე „ლოქდაუნის“ თავიდან ასაცილებლად

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ავრცელებს პეტიციას, სახელწოდებით „პეტიცია მესამე ლოქდაუნის თავიდან ასაცილებლად“. ორგანიზაციის ცნობით, მიმართვის ხელმომწერები იზიარებენ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან“ არსებული ჯანდაცვის პლატფორმაზე გაერთიანებული პროფესიონალების რეკომენდაციებს, რომლებიც მთავრობას რეგულარულად ეგზავნებოდა. ამავდროულად, მათ ამ ეტაპზე გადაუდებლად მიაჩნიათ, მთავრობამ დაიწყოს ფართომასშტაბიანი და განსხვავებული სამიზნე ჯგუფებზე გათვლილი, სისტემური და ინტენსიური საინფორმაციო კამპანია COVID-19 ინფექციის საშიშროებასა და საპასუხო ქმედებების აუცილებლობაზე (პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება) ხაზგასმით; ამავდროულად, მთავრობამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დაასაბუთოს მოქმედი რეგულაციების გავლენა ინფექციის გავრცელების კონტროლზე და უზრუნველყოს იმ მოქმედი რეგულაციების თანმიმდევრული აღსრულება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ინფექციის გავრცელების შეკავებისთვის.

„გაცნობიერებული გვაქვს, რომ ეპიდემიის შეკავების ეფექტიანი გზა ვაქცინაციაა. ვაქცინაციისადმი საზოგადოებრივი ნდობის დაბალი მაჩვენებელი მთავრობის უმოქმედობის შედეგია. იმუნიზაციის შესახებ შესაბამისი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ჯერ კიდევ შემოდგომიდან უნდა დაწყებულიყო, როდესაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აცრებისადმი საზოგადოების უნდობლობის მაღალი დონე აჩვენა“ – ვკითხულობთ პეტიციაში, რომელსაც ხელს Forbes HEALTH-ის ინიციატორებიც აწერენ.

პეტიციაზე ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *