ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის“ კვლევის მიხედვით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ავტორიტარულ რეჟიმებზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების მაჩვენებელი გაზრდილია.
არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევის მეთოდოლოგიად ჟურნალ „ეკონომისტის“ მიერ შემუშავებული „დემოკრატიის ინდექსი“ გამოიყენა და ქვეყნები ოთხ ჯგუფად დაყო: ავტორიტარული, ჰიბრიდული რეჟიმი, არასრული დემოკრატია და სრული დემოკრატია. ორგანიზაციამ ინდექსის გასაზომად პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ინდიკატორები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სასაქონლო ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, საგარეო ვალი და ქვეყანაში შემომავალი ფულადი გზავნილების მოცულობა გამოიყენა.
კვლევით დადგინდა, რომ საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება ავტორიტარულ რეჟიმებზე 2007 წლიდან 2022 წლამდე 20%-ითაა გაზრდილი. 2007 წელს ინდექსის მაჩვენებელი 11%-ს შეადგენდა, 2022 წელს კი – 30.9%-ს. მკვლევრების განმარტებით, ამის მიზეზი ეკონომიკური პარტნიორების დემოკრატიულობის სტატუსის ცვლილებაა. მაგალითისათვის, რუსეთის სტატუსი 2011 წელს ჰიბრიდული რეჟიმიდან ავტორიტარული რეჟიმით შეიცვალა.
გარდა აღნიშნულისა, კვლევაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი ჯამურად 56.9%-ით სრული და არასრული დემოკრატიის ქვეყნებისკენ არის გადახრილი. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი დემოკრატიულ ქვეყნებზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება 6.8%-ით შემცირდა.
აღნიშნული კვლევა მომზადებულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის გრანტის ფარგლებში.