EU ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

EU ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდა. აღნიშნულის შესახებ ჩეხეთის პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა.

ცნობისათვის, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან აღნიშნული მოლაპარაკებები 2020 წლიდან შეჩერებული იყო. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრებს მოლაპარაკებების დაწყება პირადად მიულოცა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ სახელმწიფოს ევროკავშირში გასაწევრებლად შესაძლოა წლები დასჭირდეს, კანდიდატებისათვის ფორმალური ნაბიჯის წარმატებით გადადგმა მაინც გამარჯვებას წარმოადგენს.

„სასიხარულოა, რომ 17 წლის შემდეგ, მოლაპარაკებები საბოლოოდ დაიწყება“ – განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა დიმიტარ კოვაჩევსკიმ.

ალბანეთმა ევროკავშირის წევრობის განაცხადი ოფიციალურად 2009 წელს წარადგინა. „ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის დასასრულის დასაწყისი, ეს მხოლოდ დასაწყისის დასასრულია“ – განაცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპული ნორმებისა და სტანდარტების ადაპტაციის პროცესში რეფორმების კუთხით დიდი წინსვლა განიცადა.

ევროკავშირმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირის წევრ მეზობელ ბულგარეთთან მრავალწლიანი დავა საბოლოოდ დაასრულა. ცნობისათვის, ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე სწორედ ბულგარეთი იყო.