ფოტო: Will Oliver/EPA/Bloomberg
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი ჯერ კიდევ 2014 წელს გააფრთხილეს, ჯეფრი ეპსტინთან „ჯანსაღი დისტანცია“ შეენარჩუნებინა. როგორც გამოცემა ელ.მიმოწერაზე დაყრდნობით იუწყება, ამერიკელმა მილიარდერმა გაფრთხილება თავად გარდაცვლილ ფინანსისტთან დაახლოებული პირისგან მიიღო.
WSJ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ახალ კითხვებს აჩენს გარდაცვლილ ფინანსისტსა და ბილ გეიტსს შორის არსებულ ადრინდელ ურთიერთობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი აშშ-ის კონგრესის წინაშე ჩვენების მისაცემად ემზადება.
გაფრთხილების ავტორი მელანი უოლკერია – მედიცინის ექსპერტი, რომელიც წარსულში გეიტსთან მუშაობდა და, ამავდროულად, ეპსტინის მეგობარიც იყო. 2014 წლით დათარიღებულ ელ.ფოსტაში ის გეიტსს ურჩევდა, რომ ეპსტინთან მიმართებით „ნებისმიერ პირად საკითხში ჯანსაღი დისტანცია დაეცვა“. უოლკერი მას მოსალოდნელ შედეგებზეც აფრთხილებდა, რომლებიც, მისივე თქმით, ეპსტინის მიზეზით „წლების განმავლობაში ბევრ სხვა გავლენიან ადამიანს დაატყდა თავს“. იმავე მიმოწერაში უოლკერი აღნიშნავს, რომ ფინანსისტი ხშირად ცდილობდა ადამიანების „სისუსტეებითა და მიდრეკილებებით“ მანიპულირებას.
ცნობისთვის, Microsoft-ის დამფუძნებელი ეპსტინთან დაკავშირებით დანაშაულებრივ საქმიანობაში ბრალდებულთა შორის არასდროს ყოფილა. თუმცა ყურადღებას იქცევს მათი მრავალწლიანი ურთიერთობა, მათ შორის, 2011 წლიდან მოყოლებული ისინი არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს საქველმოქმედო ფონდის დაარსების საკითხზე, სანამ 2014 წლის ბოლოდან გეიტსი ეპსტინთან ურთიერთობას თითქმის სრულად გაწყვეტდა. სავარაუდოდ, ეს სწორედ უოლკერის მეილის შემდგომ მოხდა.
WSJ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გეიტსის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის ბოლოს გეიტსმა ეპსტინს მისწერა და გააფრთხილა, რომ მათი ერთობლივი საქველმოქმედო გეგმები „უახლოეს მომავალში ვერ განხორციელდებოდა“.
მოპოვებული დოკუმენტები ასევე მიუთითებს ეპსტინსა და უოლკერს შორის მრავალწლიან მეგობრობაზე, ისინი ასევე ხშირად განიხილავდნენ უოლკერის გეიტსთან მუშაობის საკითხსაც. ელ.მიმოწერიდან ვიგებთ, რომ ისინი ერთმანეთს 2019 წლის თებერვალშიც დაუკავშირდნენ – ეპსტინის დაკავებამდე და შემდგომ ციხეში გარდაცვალებამდე სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე.
უოლკერის ადვოკატის, დევიდ ფლაისიგის განცხადებით, მის კლიენტს ეპსტინთან ბევრად კომპლექსური ურთიერთობა ჰქონდა და, უფრო მეტიც, ის „ჯეფრი ეპსტინის მსხვერპლი“ იყო, რომელიც გარდაცვლილ ფინანსისტთან იძულებით, მანიპულაციურ ურთიერთობაში მრავალი წელი იმყოფებოდა.
ცნობისთვის, ეპსტინის საქმის ფარგლებში აშშ-ის კონგრესი ბილ გეიტსს დახურულ სხდომაზე, ოთხშაბათს გამოჰკითხავს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც Microsoft-ის მილიარდერ დამფუძნებელს ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემა ოფიციალურად მოუწევს. სხდომის ტრანსკრიპტი მოგვიანებით გასაჯაროვდება.
გაშიფრული მიმოწერებიდან ჩანს, რომ უოლკერი ხშირად ასრულებდა შუამავლის როლს გეიტსსა და ეპსტინს შორის. მათ შორის, ის გეიტსს ფინანსისტის შესახებ ინფორმაციას მათ პირველ შეხვედრამდეც აწვდიდა, ხოლო ეპსტინს აძლევდა რჩევებს, თუ როგორ უნდა მოეპოვებინა Microsoft-ის დამფუძნებლის ნდობა. მას შემდეგაც კი, რაც გეიტსმა 2014 წელს ეპსტინთან კონტაქტი გაწყვიტა, უოლკერი ფინანსისტს გეიტსის გეგმებზე ინფორმაციას აწვდიდა. მაგალითად, 2017 წლის იანვარში, გეიტსსა და ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს შორის გამართულ შეხვედრამდე, ეპსტინმა უოლკერს მისწერა: „მას [გეიტსს] შეუძლია დამირეკოს შიდა კულუარული ინფორმაციის მისაღებად“.
უოლკერსა და ეპსტინს შორის ბოლო მიმოწერა 2019 წლის თებერვლით თარიღდება. მიმოწერაში ფინანსისტმა უოლკერს უთხრა, რომ გეიტსისთვის შეეხსენებინა, მისთვის დაერეკა. მოგვიანებით უოლკერმა ეპსტინს მისწერა, რომ მან გეიტსს შეტყობინება გადასცა, თუმცა მილიარდერს არაფერი უთქვამს, მხოლოდ მოკითხვა დააბარა.
ცნობისთვის, მელანი უოლკერმა, რომელიც ამჟამად ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორია, ეპსტინი 1990-იან წლებში, ნიუ-იორკში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეშვეობით გაიცნო. სწორედ ეპსტინმა უბიძგა უოლკერს, სამედიცინო განათლება მიეღო. მოგვიანებით უოლკერმა მუშაობა გეიტსის ფონდში, შემდგომ კი მილიარდერის პირად ოფისში დაიწყო.
















