ევროკავშირი ჩიპების წარმოების გაზრდას და ამ მხრივ სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირებას აპირებს. ამის მიზეზი გლობალურად ჩიპების დეფიციტის შექმნა გახდა, რამაც ბევრი მწარმოებლის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. ჩიპები ყველა ელექტრონული მოწყობილობის – ლეპტოპების, მობილური ტელეფონების და ასევე ავტომობილების წარმოებაშიც გამოიყენება.
ევროკავშირში წარმოებული ჩიპები მსოფლიო წარმოების მხოლოდ 10%-ს შეადგენს. ჩიპების დეფიციტის და ჩინეთსა და აშშ-ის შორის დაპირისპირების ფონზე კი ევროკავშირმა „ციფრული სუვერენიტეტის“ გაუმჯობესება გადაწყვიტა.
როგორც ევროკომისიის განცხადებაში წერია, ბლოკის ამბიციაა, რომ 2030 წლისთვის მსოფლიო წარმოების 20% სწორედ ევროკავშირზე მოდიოდეს. ამჟამად ჩიპების მთავარი მწარმოებლები აშშ და აზიის ქვეყნებია.
ეს არა მხოლოდ ჩიპებს, არამედ მთლიანად ტექნოლოგიურ ინდუსტრიას ეხება. უმსხვილესი სოციალური მედიის პლატფორმებიც კი ამერიკულია ან ჩინური.
„პანდემიამ გვაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიები და უნარები მუშობისთვის, სწავლისა და ჩართულობისთვის. ამ მხრივ გვჭირდება გაუმჯობესება. ჩვენ ახლა ევროპის ციფრული ათწლეული უნდა შევქმნათ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.