ევროკავშირმა $4 მლრდ-ის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა

ევროკავშირმა $4 მლრდ-ის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა

ევროკავშირმა განაცხადა, რომ $4 მილიარდის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფებს აწესებს. საუბარია ისეთი სახის პროდუქტზე, როგორიცაა გაყინული თევზი, ბოსტნეული, თამბაქო, ტყავის ნაწარმი, ღვინო და ავიაცია.

ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფები ერთგვარი საპასუხო ნაბიჯია და ეს გადაწყვეტილება ავიაკომპანიების საქმეს ეხება. კერძოდ, ვაშინგტონი აცხადებს, რომ ფრანგულმა Airbus-მა არასამართლიანად გამოიყენა ევროპული სუბსიდიები ამერიკული ბიზნესის ხარჯზე, ამის შემდეგ ევროკავშირმა იგივე ბრალდებით უჩივლა აშშ-ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ევროპული მხარე აცხადებდა, რომ ამერიკული კომპანია Boeing-ი აშშ-ის სუბსიდირებას იყენებდა, რაც ვნებდა ევროპულ კომპანიებს.

საბოლოო ჯამში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ორივეს – ევროკავშირსაც და აშშ-საც დართო ნება ერთმანეთის წინააღმდეგ ტარიფები აემოქმედებინათ. შედეგად, გასულ წელს აშშ-მა ევროპულ პროდუქციაზე, მათ შორის ყველზე, ღვინოზე, ზეთის ხილზე და ა.შ. ტარიფები დააწესა. ევროკავშირის გუშინდელი გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ტარიფებზე პასუხია.

აშშ-ევროპას შორის დაძაბული სავაჭრო კავშირების გაუმჯობესების იმედი აქვთ ინვესტორებს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში. ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეეცდება აღადგინოს და გააუმჯობესოს სავაჭრო კავშირები ჩინეთთანაც. თუმცა, ეს რამდენად სწრაფად მოხდება, უცნობია. თავდაპირველად ბაიდენის პრიორიტეტი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეკონომიკური დახმარების პაკეტის ამოქმედება, შემდეგ კი შიდა ინფრასტრუქტურული ინვესტიციები იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *