ევროკავშირში ლობირებისთვის ყველაზე მეტს Google, Facebook და Microsoft  ხარჯავს

ევროკავშირში ლობირებისთვის ყველაზე მეტს Google, Facebook და Microsoft  ხარჯავს

Alphabet Inc.–ის Google, Facebook Inc. და Microsoft Corp.  სამი ყველაზე დიდი ლობისტია ევროპაში მკაცრი ახალი კანონების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების უფლებამოსილების შეზღუდვას.

ანგარიშის მიხედვით, ტექნოლოგიური სექტორის ლობისტური ხარჯები რამდენჯერმე აღემატება ფარმაცევტული, ფინანსური, წიაღისეული და სხვა დარგების ლობისტურ ხარჯებს.

„ტექნოლოგიური გიგანტებისა და მთლიანად ციფრული ინდუსტრიის სულ უფრო მზარდი ლობისტური ხარჯები საზოგადოებაში ამ სექტორების უზარმაზარ მზარდ როლს გამოხატავს“ – ნათქვამია კვლევაში.

ანგარიშის თანახმად, 612 კომპანია, ჯგუფი და ასოციაცია ყოველწლიურად  97 მილიონ ევროზე მეტს (114.4 მლნ აშშ დოლარი) ხარჯავს ლობირებისთვის ევროკავშირის ციფრული ეკონომიკის პოლიტიკაზე. კომპანიებმა აღნიშნული მონაცემები ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრში მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებამდე წარადგინეს.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ Google–მა ხარჯები 5.75 მილიონი ევროთი გაზარდა, რასაც მოჰყვა Facebook–ი 5.5 მილიონი ევროს ხარჯებით, Microsoft–ი 5.25 მილიონით, Apple–ი 3.5 მილიონით, Huawei Technologies Co Ltd 3 მილიონით და Amazon.com Inc მეექვსე ადგილზე 2.75 მილიონით.

Google-მა და Huawei-მ აღნიშნეს, რომ მათ თავიანთი ლობირების მონაცემები უკვე წარადგინეს ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრში.

„ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, რომ დავიცვათ იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების დამოუკიდებლობა, რომლებსაც ჩვენ ვაფინანსებთ, მათ შორის დაფინანსების გამჟღავნების მოთხოვნა“ – ნათქვამია Google-ის განცხადებაში.

Microsoft–ის განცხადებით: „ევროკავშირი იყო და რჩება Microsoft–ისთვის მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარედ. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ კონსტრუქციული და გამჭვირვალე პარტნიორი ევროპელი პოლიტიკოსებისათვის“.

კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური გიგანტების ლობისტები ჩართულნი იყვნენ კომისიის 270 შეხვედრის სამ მეოთხედში. ამასთან, ხაზგასასმელია სავაჭრო და ბიზნეს ასოციაციების, კვლევითი ცენტრებისა და პოლიტიკური პარტიების როლი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ნარატივის პოპულარიზაციაში.

 

ფოტო: MIT NEWS CENTER