ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში

ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში

2018 წლის პირველი ნახევრის (იანვარ-ივნისის) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა 368 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში რუსეთის ფედერაციაში შეტანილი ქართული პროდუქციის ჯამურ ღირებულებას 1.8-ჯერ (80%-ით) აღემატება. ამასთან, ევროკავშირის მიმართულებით ექსპორტი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე რუსეთის მიმართულებით. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი 21%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთში 10%-ით.

ევროკავშირის ბაზარზე გატანილი ქართული პროდუქციის ღირებულება 2004 წლიდან 2018 წლამდე, ყოველწლიურად აღემატება რუსეთში ექსპორტირებულ პროდუქციას. ბოლო 11 წელიწადში, 2007-2017 წლებში, ევროკავშირის ბაზარზე 3.5-ჯერ მეტი (3.6 მილიარდი დოლარით მეტი) ღირებულების პროდუქცია გავიტანეთ, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირის ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე 12-ჯერ დიდია. ასევე, ევროკავშირში 3.5-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე რუსეთში. საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს (თუმცა, ქართული კვების პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე დაშვება თანდათანობით ხდება), რუსეთთან კი არა. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირის ბაზარი ქართულ პროდუქციისთვის გაცილებით სტრატეგიულია, ვიდრე რუსული ბაზარი. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ვაჭრობის გაფართოებით, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი.

2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია ბულგარეთში შევიდა – 128 მლნ დოლარის. შემდეგ მოდის ლიტვა 29 მლნ დოლარით, საფრანგეთი 28.3 მლნ დოლარით და რუმინეთი 27.8 მლნ დოლარით. ჯამში, ჩამოთვლილ 4 ქვეყანაში მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია იყიდება, ვიდრე რუსეთში.

ცხრილი: ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში და რუსეთში, მლნ დოლარებში

წყარო: საქსტატი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *