ევროკავშირმა ფარმაცევტულ კომპანია Gilead Sciences-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის პრეპარატ “რემდესივირის” 500 000 დოზის დასაწყობებას შეძლებს. “რემდესივირი” და “დექსამეტაზონი” ორად ორი მედიკამენტია, რომლებსაც ევროპაში კოვიდ-19-ის სამკურნალოდ იყენებენ. ცნობისთვის, “რემდესივირის” რაოდენობა ლიმიტირებულია, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტ ევროპულ ქვეყანას ეწურება ამ პრეპარატის მარაგიც.
Gilead Sciences-სა და ევროპას შორის შეთანხმება ითვალისწინებს მომდევნო ექვსი თვის მანძილზე 37 ქვეყნისთვის პრეპარატის მიწოდებას. მათ შორის არის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ბრიტანეთი, ბალკანეთის ექვსი ქვეყანა, ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია.
ცნობისთვის, აშშ-ში ერთი ფლაკონი “რემდესივირი” კერძო დაზღვევით პაციენტებისთვის $520 ღირს, ხუთდღიანი კურსი კი $3 120 ჯდება. აშშ-ის გარდა, სხვა განვითარებულ ქვეყნებში ერთი ფლაკონის ღირებულება $390-ია, ხოლო ხუთდღიანი კურსი $2,340 ჯდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ორ-სამ კვირაში საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი „რემდესევირი“ და მონოკლონური ანტისხეულები, რომელთაც კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.