კოვიდპანდემიის დასრულების შემდეგ, ევროპული სახელმწიფოები ჩრდილოეთ კორეაში საელჩოების გახსნას გეგმავენ. რამდენიმე დღის წინ ქვეყნის დედაქალაქ ფხენიანში გერმანული დელეგაციაც ჩავიდა. გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის წარმომადგენლები ჩრდილოეთ კორეას პანდემიის დროს ოფისის დახურვის შემდეგ პირველად ესტუმრნენ. გერმანიის საგარეო ოფისის განცხადებით, დელეგაცია ფხენიანში ტექნიკური ინსპექტირების მიზნით იმყოფება.
თუმცა გერმანული მხარე განმარტავს, რომ ფხენიანში გერმანიის ფედერაციის საელჩოს გახსნის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიღებულა. ცნობისათვის, გერმანიის საელჩო ჩრდილოეთ კორეაში 2020 წლის მაისში დაიხურა. გერმანიასთან ერთად ფხენიანში საკუთარი საელჩოები ევროპის ბევრმა სახელმწიფომ იმ მიზეზით დახურა, რომ პერსონალის ჩანაცვლება და საჭირო მასალების მიწოდება კოვიდპანდემიის დროს შეუძლებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ ისედაც ავტორიტარულმა ჩრდილოეთ კორეამ პანდემიის დროს ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები შემოიღო. აღნიშნული შეზღუდვების გაუქმება კი მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაიწყეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში საინსპექციო დელეგაციის გასაგზავნად დიდი ბრიტანეთიც ემზადება. დიდმა ბრიტანეთმა გერმანიის მსგავსად ფხენიანში საელჩო 2020 წლის მაისში დახურა და დიპლომატიური პერსონალი ქვეყნიდან სრულად გაიყვანა. მეტიც, დიდმა ბრიტანეთმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატებს, გაეროს წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყანაში უპრობლემოდ შესვლის ნებართვა მისცეს.
ჩრდილოეთ კორეაში დიპლომატიური პერსონალის პოტენციური დაბრუნების შესახებ გავრცელებას ჩრდილოეთ კორეაში შვედეთის სპეციალური წარმომადგენელიც ავრცელებს.
2023 წლის იანვრის მდგომარეობით ფხენიანში აქტიური საელჩო მხოლოდ 9 ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, მონღოლეთს, რუსეთსა და კუბას ჰქონდა.