ინფლაციის შემცირებისა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის ტემპების მატების გათვალისწინებით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა. განაკვეთი 0.60%-ით 3.65%-მდე შემცირდა. ევროკავშირის სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელი 2%-იან ნიშნულს უახლოვდება, ეკონომიკის რეცესია კი თანდათან სრულდება.
ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება უკვე აისახა ევროპის საფონდო ბირჟებზე, სადაც სავაჭრო დღე ზრდით დაიწყო. ფინანსური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის გადაწყვეტილებას გარკვეული გავლენა აშშ-ის ფედერალურ რეზერვზეც ექნება. შეგახსენებთ, რომ ფინანსური ბაზრები აშშ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას უკვე რამდენიმე თვეა, ელოდებიან. ფედერალური რეზერვი გადაწყვეტილების მისაღებად მომდევნო კვირაში შეიკრიბება.
ფინანსურმა ანალიტიკოსებმა საუბრები ოქტომბრის საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე უკვე დაიწყეს. თუმცა ამჟამად ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის უცვლელობას პროგნოზირებენ. მათი აზრით, მომდევნო შემცირება დეკემბერშია მოსალოდნელი, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებსაც მეტი მონაცემი ექნებათ. აღნიშნულ პროგნოზს მხარს უჭერს უმსხვილესი საინვესტიციო ფირმა BlackRock-იც. მათი მოსაზრებით, ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების კვარტალურ ტემპს შეინარჩუნებს.
ECB-ის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ფინანსური ინსტიტუტი კვლავ დიდი სიფრთხილით აკვირდება ევროზონაში ხელფასების ზრდის ტემპსა და ინფლაციის მაჩვენებლებს. მისი განმარტებით, მთავარი საშიშროება კვლავ მომსახურების სექტორში არსებული ინფლაციაა, თუმცა ხელფასების ზრდა აღნიშნულ ინდუსტრიაშიც თანდათან სტაბილურდება.