Facebook-ი თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას პანდემიის შემდეგაც მისცემს

Facebook-ი თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას პანდემიის შემდეგაც მისცემს

მიუხედავად იმისა, რომ გიგანტი კომპანიების ნაწილმა უარი თქვა კორონაპანდემიის შემდეგ სახლიდან მუშაობის გაგრძელებაზე, Facebook-ი დისტანციურად საქმიანობას მომავალს უწოდებს.

გასული წლის მაისში მარკ ცუკერბერგმა ივარაუდა, რომ კომპანიაში დასაქმებულების 50% მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმზე დარჩებოდა. ამავდროულად, Twitter-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თქვა, რომ მის თანამშრომლებს სამუდამოდ შეეძლოთ სახლიდან მუშაობა.

დასაწყისისთვის ამ იდეას თითქოს ბევრი აჰყვა, თუმცა 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებულ კონფერენციაზე Microsoft-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სატია ნადელამ, თქვა, რომ საჭიროა გავმიჯნოთ პირადი ცხოვრება და საქმიანობა, რათა „ზოგჯერ არ გვეგონოს, რომ მუშაობისას გვძინავს“.

გასულ თვეს  ცნობილი გახდა, რომ Google-ის თანამშრომლებიც სულ მალე ოფისს უბრუნდებიან.

Facebook-ი საკითხს სულ სხვანაირად უყურებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, დისტანციურად საქმიანობა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მოქნილად და მათთვის მოხერხებულად მართონ დრო – „მაგალითად, მშობლები გაცილებით ახლოს არიან საკუთარ შვილებთან, რაც მათ აბედნიერებთ და ეს, საბოლოოდ, მუშაობაზეც დადებითად აისახება… ვიცით, რომ თანამშრომლების ნაწილი პატარა ბინაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ასეთებს ოფისში დაბრუნების შესაძლებლობას აუცილებლად მივცემთ, როცა ეს უსაფრთხო იქნება“.

როგორც BBC წერს, კომპანია, 1 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ოფისების გახსნას მაისიდან იწყებს.