ბოლო პერიოდია, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე მოთხოვნა სწრაფად მატულობს, რის შედეგადაც, კომპანიების მიდგომაც სასურველი ტალანტების მოსაზიდად იცვლება. FlexJobs-მა 2024 წელს დისტანციური სამუშაოებისთვის ტოპ-100 კომპანიის სია გამოაქვეყნა და ის ორგანიზაციები გამოავლინა, რომლებიც წამყვან როლს თამაშობენ დისტანციური სამუშაო გარემოს განვითარებაში და დასაქმებულებს, ციფრულ ეპოქაში, უკონკურენტო კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობენ.
FlexJobs-მა ყოველწლიური ანგარიში – „დისტანციური სამუშაოებისთვის ტოპ-100 კომპანია, რომელთაც 2024 წელს თვალი უნდა ადევნოთ“ – რიგით უკვე მეთერთმეტედ გამოაქვეყნა. სია დაახლოებით 60,000 კომპანიის ანალიზზე და მათ მიერ დისტანციური სამუშაო პოზიციების გამოქვეყნების ისტორიის საფუძველზე დაყრდნობით შეიქმნა. კვლევა იმ ვაკანსიებს მოიცავს, რომლებიც FlexJobs-ის მონაცემთა ბაზაში 2023 წლის 1 იანვრიდან, 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში იყო განთავსებული. სიაში წარმოდგენილი კომპანიები, 2023 წლის განმავლობაში დისტანციურ ვაკანსიათა ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩეოდნენ.
FlexJobs-ის 2024 წლის რეიტინგის პირველი ადგილი კომპანიებს შორის Working Solutions-მა დაიკავა. ორგანიზაცია დასაქმებულებს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობებს სთავაზობს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მომხმარებელთა მომსახურება, კონსულტანტების დისტანციური პოზიციები, პროექტების მენეჯმენტი და გაყიდვები. მეორე და მესამე ადგილი კი, შესაბამისად, LiveOps-მა და CVS Health-მა გადაინაწილეს.
წარმოგიდგენთ ტოპ-10 კომპანიას დისტანციური სამუშაოებისთვის:
- Working Solutions
- LiveOps
- CVS Health
- Robert Half InternationalRHI
- Williams-Sonoma
- Thermo Fisher Scientific
- ModSquad
- BELAY
- Cactus
- Transcom
FlexJobs-ის მონაცემებითვე, 2023 წელს, გასულ წელთან შედარებით დისტანციური სამუშაო ვაკანსიათა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2021 წლიდან 2022 წლამდე ზრდამ 20% შეადგინა. სამუშაოების კატეგორიების მიხედვით, 2023 წელს ყველაზე სტაბილურად დისტანციურ პოზიციებს კომპანიები გაყიდვების, აი-ტის, ბუღალტერიისა და ფინანსების, ჯანდაცვისა და მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით სთავაზობდნენ. ყველაზე დიდი – 39%-იანი ვარდნა დისტანციურ ვაკანსიებზე მივიღეთ HR-ისა და რეკრუტირების მიმართულებით, ასევე 2022 წელთან შედარებით, აღნიშნული მონაცემები 31%-ით შემცირდა მარკეტინგში.
2023 წელს ყველაზე მეტი დისტანციური ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით გამოქვეყნდა:
- კომპიუტერი და აი-ტი
- ბუღალტერია და ფინანსები
- მარკეტინგი
- მედიცინა და ჯანდაცვა
- პროექტების მენეჯმენტი
- მომხმარებელთა მომსახურება
- გაყიდვები
- ადმინისტრაციული
- HR და რეკრუტირება
- ოპერაციები
რაც შეეხება კონკრეტულ პოზიციებს, FlexJobs-ის მონაცემებით, გასული წლების მსგავსად, დისტანციური ვაკანსიების უმეტესობაში უკვე მაღალკვალიფიციურ აპლიკანტებს ეძებდნენ (64%), დამწყებთათვის კი 2023 წელს ვაკანსიების 5% იყო განკუთვნილი.
დისტანციური პოზიციების ტოპ-10:
- ბუღალტერი
- ადმინისტრაციული თანაშემწე
- ფინანსური ანალიტიკოსი
- პროდუქტების მენეჯერი
- მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი
- პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
- მომხმარებელთა კეთილდღეობის მენეჯერი
- მთავარი ბუღალტერი
- პროდუქტის დიზაინერი
- მწერალი