Forbes: 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელები

Forbes: 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელები

2007 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელის ტიტულს როჯერ ფედერერი ინარჩუნებდა. თუმცა, ძირითადად კორტებს მიღმა წლიურად გამომუშავებული $95 მილიონის მიუხედავად, კარიერის დასრულებასთან ერთად 42 წლის შვეიცარიელს რეიტინგში პირველობის დათმობაც მოუწია. შედეგად კი Forbes-ის მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელების რეიტინგის ახალი ლიდერი ფედერერის დიდი ხნის მეტოქე, ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა.

ამერიკული გამოცემის შეფასებით, უკანასკნელ 12 თვეში, გადასახადების დაფარვამდე, ჯოკოვიჩმა $38.4 მილიონი გამოიმუშავა – მათ შორის $13.4 მილიონი კორტებზე (საპრიზო თანხიდან), ხოლო $25 მილიონიც კორტებს გარეთ, სხვადასხვა გარიგების საშუალებით. ჯოკოვიჩს კი არცთუ ისე დიდი სხვაობით მოჰყვება 20 წლის ესპანელი კარლოს ალკარასი, რომელმაც უიმბლდონის ფინალში მისი დამარცხებაც შეძლო და მეორე გრანდ სლემიც მიითვალა. გასული წლის დებიუტისას, ალკარასი რეიტინგში მხოლოდ მეათე პოზიციას სჯერდებოდა თუმცა ახლა, $31.4 მილიონით, მეორე ადგილზეა წარმოდგენილი.

ალკარასის მსგავსად, გასულ წელთან შედარებით, რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა იგა შვიონტეკი, რომელმაც გასულ წელს ორი გრანდ სლემი მოიგო. შარშანდელ რეიტინგში შვიონტეკი, ათეულს მიღმა დარჩა, თუმცა წელს მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მასთან ერთად კი ათეულს კიდევ სამი ახალწვეულიც ჰყავს: კოკო გოფი (#7, $15.2 მილიონი), კასპერ რუდი (#8, $14.4 მილიონი), ჯესიკა პეგულა (#10, $10.9 მილიონი).

ფედერერის მსგავსად, კარიერის დასრულების შემდეგ, რეიტინგში აღარ ვხვდებით 41 წლის სერენა უილიამსსაც. ათეულში აღარაა მისი დაც, 43 წლის ვენუს უილიამსი და არც 33 წლის კეი ნიშიკორი, რისი გავლენითაც, ტოპ-ათეულის საშუალო ასაკი, გასული წლის 31-დან, 26 წლამდეა შემცირებული. გარდა ამისა, წლევანდელი ტოპ-ათიდან რვა ჩოგბურთელის ასაკი 30 წელს ქვემოთაა.

საერთო ჯამში, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, ყველაზე შემოსავლიანმა ათმა ჩოგბურთელმა $196 მილიონი გამოიმუშავა. წლევანდელი მაჩვენებელი 38%-ითაა შემცირებული გასული წლის $316 მილიონიდან და 43%-ით, 2020 წლის რეკორდული $343 მილიონიდან. თუმცა ამ დანაკლისის დიდი ნაწილი სწორედ უილიამსისა და ფედერერის ჯამურად გამომუშავებულ $125 მილიონზე მოდის.

2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელები:

  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი – $38.4 მილიონი; სერბეთი, ასაკი: 36

კორტებზე: $13.4 მილიონი; კორტებს მიღმა: $25 მილიონი

  1. კარლოს ალკარასი – $31.4 მილიონი; ესპანეთი, ასაკი: 20

კორტებზე: $11.4 მილიონი; კორტებს მიღმა: $20 მილიონი

  1. იგა შვიონტეკი – $22.4 მილიონი; პოლონეთი, ასაკი: 22

კორტებზე: $8.4 მილიონი; კორტებს მიღმა: $14 მილიონი

  1. დანიილ მედვედევი – $20.1 მილიონი; რუსეთი, ასაკი: 27

კორტებზე: $7.1 მილიონი; კორტებს მიღმა: $13 მილიონი

  1. რაფაელ ნადალი – $15.5 მილიონი; ესპანეთი, ასაკი: 37

კორტებზე: $1.5 მილიონი; კორტებს მიღმა: $14 მილიონი

  1. ემა რადუკანუ – $15.3 მილიონი; ბრიტანეთი, ასაკი: 20

კორტებზე: $0.3 მილიონი; კორტებს მიღმა: $15 მილიონი

  1. კოკო გოფი – $15.2 მილიონი; აშშ, ასაკი: 19

კორტებზე: $3.2 მილიონი; კორტებს მიღმა: $12 მილიონი

  1. კასპერ რუდი – $14.4 მილიონი; ნორვეგია, ასაკი: 24

კორტებზე: $6.4 მილიონი; კორტებს მიღმა: $8 მილიონი

  1. ნაომი ოსაკა – $12.1 მილიონი; იაპონია, ასაკი: 25

კორტებზე: $0.1 მილიონი; კორტებს მიღმა: $12 მილიონი

  1. ჯესიკა პეგულა – $10.9 მილიონი; აშშ, ასაკი: 29

კორტებზე: $4.9 მილიონი; კორტებს მიღმა: $6 მილიონი