ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის 400 უმდიდრესი ადამიანის სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ქალები Forbes 400-ის მხოლოდ 15%-ს შეადგენენ. გასული წლის შემდეგ სიაში მათი რაოდენობა გაზრდილია, თუმცა უმნიშვნელოდ.
რეიტინგში საერთო ჯამში 60 ქალია წარმოდგენილი, რომელთა ქონების ჯამური ღირებულებაც 621 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, გასულ წელს Forbes 400-ში 58 ქალი მოხვდა, რომელთა ქონების საერთო ღირებულებამაც 535 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
Forbes-ის თანახმად, აშშ-ის უმდიდრესი ქალი Walmart-ის მემკვიდრე ელის უოლტონია, რომელმაც შარშანდელ სიაში პირველობის ჯულია კოხისთვის დათმობის შემდეგ, წელს ლიდერობა კვლავ დაიბრუნა. შეგახსენებთ, ჯულია კოხმა, რომელიც Forbes 400-ის 2023 წლის სიაში მეორე ადგილს იკავებს, 2019 წელს გარდაცვლილი მეუღლისგან, დევიდ კოხისგან კონგლომერატ Koch Industries-ში 42%-იანი წილი მიიღო. 2022 წლის შემდეგ მის ქონებას $3.8 მილიარდი შეემატა და სიის შედგენისას, Forbes-ის შეფასებით, $59.8 მილიარდს მიაღწია.
რაც შეეხება ელის უოლტონს, რომელიც 2022 წლამდე შვიდი წლის განმავლობაში ქვეყნის უმდიდრესი ქალის სტატუსს ინარჩუნებდა, მან შარშანდელ ქონებას 10.8 მილიარდი აშშ დოლარი დაუმატა, Walmart-ის აქციების ფასის 26%-იანი ზრდის წყალობით. Forbes 400-ის სიის შედგენისას მისმა ქონებამ $66.5 მილიარდს მიაღწია.
Forbes 400-ის სიაში ქალთა შორის მესამე ადგილზე ჟაკლინ მარსია, 38.9 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ქონებით. მან სიმდიდრე Mars, Inc.-ში მემკვიდრეობით მიღებული კომპანიის მესამედი წილის წყალობით დააგროვა. ცნობისთვის, კომპანია აერთიანებს ტკბილეულისა და შინაური ცხოველების მოვლის ბრენდებს: M&M’s-ს, Snickers-სა და Iams-ს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის Forbes 400-ს სამი ქალი შეუერთდა: ელისაბეთ დელუკა, ანეტ ლერნერი და ერენ ოზმენი. ელისაბეთ დელუკამ, რომელიც $8.2 მილიარდს ფლობს, სიმდიდრე Subway-ის 50%-ის მიღების შემდეგ დააგროვა. მან წილი კომპანიის თანადამფუძნებლის, ფრედ დელუკას გარდაცვალების შემდეგ მიიღო, რომელიც მისი მეუღლე იყო.
გარდაცვლილი ქმრისგან, ტედ ლენერისგან მემკვიდრეობით მიიღო ქონება ანეტ ლერნერმა, რომელიც $6.5 მილიარდის მფლობელია. ტედი, რომელიც თებერვალში გარდაიცვალა, უძრავი ქონების მაგნატი და ბეისბოლის გუნდ Washington Nationals-ის მფლობელი გახლდათ.
რაც შეეხება ერენ ოზმენს, მან ქონება მეუღლესთან, ფატიჰთან (ასევე Forbes 400-ის ახალი წევრი) ერთად კოსმოსური კომპანია Sierra Space-ის დაფუძნების წყალობით დააგროვა. ერენი ერთ-ერთია იმ 12 თვითშემდგარი მილიარდერი ქალიდან, რომელიც Forbes 400-ის 2023 წლის სიაში მოხვდა. ცნობისთვის, თვითშემდგარ უმდიდრეს ქალად კვლავ რჩება დაიან ჰენდრიქსი, კომპანია ABC Supply-ის მფლობელი, რომლის ქონებაც $19.3 მილიარდს შეადგენს.
10 უმდიდრესი ქალი 2023 წლის Forbes 400-ში:
- მელინდა ფრენჩ გეიტსი
ქონება: $10.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Microsoft
- კრისტი უოლტონი
ქონება: $11.8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Walmart
- ლორენს პაუელ ჯობსი
ქონება: $13.4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Apple, Disney
- დაიან ჰენდრიკსი
ქონება: $19.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ABC Supply (სამშენებლო მასალები)
- აბიგაილ ჯონსონი
ქონება: $25.5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Fidelity
- მირიამ ადელსონი
ქონება: $32.8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: კაზინოები
- მაქკენზი სკოტი
ქონება: $37.1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Amazon
- ჟაკლინ მარსი
ქონება: $38.9 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, შინაური ცხოველების საკვები
- ჯულია კოხი (Julia Koch & Family)
ქონება: $59.8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Koch Industries
- ელის უოლტონი
ქონება: $66.4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Walmart