Forbes Asia: აზიის გავლენიანი ბიზნესვუმენები

Forbes Asia: აზიის გავლენიანი ბიზნესვუმენები

Forbes Asia-მ აზიის 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ბიზნესვუმენების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2021 წლის რეიტინგში მოხვედრილი ქალები ბიზნესში მათი მნიშვნელოვანი წარმატებისა და სტარტაპების მიხედვით შეირჩა, რომელთა  ღირებულებაც $100 მილიონს აღემატება. სია აერთიანებს საბანკო და კერძო სექტორის, ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის ინდუსტრიების წარმომადგენლებს.

Forbes Asia-ს მიერ შერჩეულმა ოცმა წარმატებულმა ბიზნესვუმენმა, რომელთა ასაკიც 30-დან 70 წლამდე მერყეობს, პანდემიის პირობებში შეძლო ახალ რეალობასთან ადაპტირება და საკუთარი ბიზნესის განვითარებაც კი მოახერხა. რეიტინგის ოცი ქალი, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან, ადასტურებს, რომ სქესი და ასაკი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

Forbes Asia-ს მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის რეიტინგის სათავეში DCI Indonesia-ს თანადამფუძნებელი 60 წლის მარინა ბუდიმანია. DCI Indonesia ინდონეზიაში მონაცემთა ცენტრის უმსხვილესი ოპერატორი და ბაზრის 50%-იანი წილის მფლობელია. DCI Indonesia-ს აქციები იანვარში, საჯარო შეთავაზების შემდგომ 11,000%-ით გაიზარდა და დაახლოებით $7-მილიარდიანი ღირებულებით DCI ამ ეტაპისთვის ინდონეზიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანიაა. ბუდიმანის წილი კომპანიაში $1 მილიარდს აღემატება.

რეიტინგის მეორე პოზიციას სამედიცინო ფირმა Hangzhou Tigermed Consulting-ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, 52 წლის ჩინელი ცაო სიაოჩუნი იკავებს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $23 მილიარდს, ხოლო სიაოჩუნის წილი $1,6 მილიარდს უტოლდება. Hangzhou Tigermed-ის შემოსავალი მესამე კვარტალში $210 მილიონამდე გაიზარდა, რაც აქციონერთა მოგების 65%-იან ზრდას უტოლდება. კომპანიას პერსონალი ჰყავს ათამდე ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.  Hangzhou Tigermed-მა 490 კლინიკური კვლევა ჩაატარა – მათ შორის ონკოლოგიასა და ვაქცინების სფეროში.

72 წლის იაპონელი კეიკო ერიკავა, ვიდეოთამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Koei Tecmo-ს თანადამაარსებელი, Forbes Asia-ს რეიტინგის სამეულს ასრულებს. მეუღლესთან ერთად დაფუძნებული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $8,5 მილიარდს უტოლდება და საოპერაციო მოგების 40%-ით მის კონკურენტებს Electronic Arts-სა (19%) და Nintendo-ს (36%) ამარცხებს. იაპონიაში ერიკავა კომპანიის $1,1-მილიარდიან აქტივებს მართავს. ხუთეულს 58 წლის ინდოელი ბიზნესვუმენი, Portea Medical-ის თანადამფუძნებელი მეენა განეში და VisasQ-ის 43 წლის იაპონელი CEO ეიკო ჰაშიბა ასრულებენ.

Forbes Asia-ს რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. მარინა ბუდიმანი, ინდონეზია – DCI Indonesia.
  2. ცაო სიაოჩუნი, ჩინეთი – Hangzhou Tigermed Consulting.
  3. კეიკო ერიკავა, იაპონია – Koei Tecmo.
  4. მეენა გაეში, ინდოეთი – Portea Medical.
  5. ეიკო ჰაშიბა, იაპონია – VisasQ.
  6. ჯო ჰორგანი, ავსტრალია – Mecca Brands.
  7. ჯუდი ჰსუ, სინგაპური – Standard Chartered.
  8. კიმ შონ-ჰი, სამხრეთი კორეა – Maeil Dairies.
  9. ტერესა კო, ჰონგ-კონგი – Freshfields Bruckhaus Deringer.
  10. ტაკაიო კოტანი, იაპონია – Yushin Precision Equipment.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.