ესპანურმა Forbes-მა ევროპის სამეფო ოჯახების შემოსავლების რეიტინგი გამოაქვეყნა. არაა გასაკვირი, რომ პირველი ადგილი გაერთიანებულმა სამეფომ დაიკავა £85.9 მილიონის შემოსავლებით, შემდგომ არის მონაკო, €48 მილიონით და მას მოჰყვება ნიდერლანდები €44.4 მილიონით. გამოცემის ათეულის შესაბამისად კი კონტინენტზე ყველაზე დაბალი ბიუჯეტით ესპანეთისა და შვედეთის სამეფო ოჯახები არიან წარმოდგენილნი. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში შესული 10 სამეფოდან მხოლოდ ერთი, ლიხტენშტაინი, არ იღებს თანხას გადასახადის გადამხდელებისგან.
სრულად, ესპანური Forbes-ის მიერ შედგენილი ევროპის სამეფო ოჯახების ათეული შემოსავლების მიხედვით ასე გამოიყურება:
გაერთიანებული სამეფო – £85.9 მილიონი
სხვა სამეფო ოჯახებისგან განსხვავებით, ბრიტანული მონარქია პარლამენტის ყოველწლიური ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, არამედ 2013 წლიდან „სუვერენული გრანტის“ სისტემით, რომელიც ამჟამად Crown Estate-ის მიერ ყოველწლიურად წარმოებული შემოსავლის 25%-ს წარმოადგენს. Crown Estate-ი ე.წ. „საკუთრების პორტფელია“ და მოიცავს უძრავი ქონების აქტივებს, რომლებიც ქმნიან შემოსავალს.
2020 წელს, „სუვერენული გრანტის“ სახით, ბრიტანეთის სამეფო სახლმა £85.9 მილიონი მიიღო (€101.4 მლნ). დედოფალი და სამეფო სახლის სხვა წევრები ამ შესავალს თავიანთი ოფიციალური სამეფო ვალდებულებების გადასახდელად იყენებენ, ხოლო ოფიციალური მოვალეობის მქონენი არიან დედოფლის ოჯახის უახლოესი წევრები: შვილები, შვილიშვილები და მათი მეუღლეები, დედოფლის ბიძაშვილები და მათი მეუღლეები. „სუვერენული გრანტი“ ასევე მოიცავს მათ მიერ დაკავებული სასახლეების: ბუკინგემის, სენტ-ჯეიმზის, კენსინგტონის, უინძორის მოვლას.
მონაკო – €48 მილიონი
სამთავროს ოფიციალური ბიუჯეტის მიხედვით, 2020 წელს მონაკოს სამეფო სახლმა დაახლოებით €48 მილიონი მიიღო, საიდანაც €13 მილიონი პრინც ალბერ II-ს ეკუთვნის, დანარჩენი კი ფარავს სასახლის ადმინისტრაციის, პერსონალისა და ტექნიკურ ხარჯებს. თუმცა პრინცმა ალბერმა, სამთავრობოს ფინანსებზე კოვიდის გავლენის გამო, გასულ წელს მიღებული თანხის €8 მილიონამდე შემცირება გადაწყვიტა. სამეფოს ფინანსები უმეტესწილად იმ ინდუსტრიებზეა დამოკიდებული, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა კოვიდპანდემიით: ტურიზმი, აზარტული თამაშები, სპორტული ღონისძიებები.
ნიდერლანდები – €44.4 მილიონი
ნიდერლანდების სამეფო ოჯახმა 2020 წელს €44 მილიონი მიიღო, აქედან მეფე ვილემ-ალექსანდერს €5.9 მილიონი ერგო. ნიდერლანდების სამეფო ოჯახი ათი წევრისგან შედგება, მათგან სამი არასრულწლოვანია – მეფე ვილემ-ალექსანდერისა და დედოფალ მაქსიმას სამი ქალიშვილი.
ნორვეგია – €43 მილიონი
ნორვეგიის სამეფომ 2019 წელს €43 მილიონი მიიღო (433.9 ნორვეგიული კრონა), საიდანაც 1.4 მილიონი ნორვეგიული კრონა – მეფეს, ხოლო 1.1 მილიონი კრონა პრინცს ერგოთ. ჯამში ნორვეგიის სამეფო ოჯახი შვიდ ადამიანს აერთიანებს, მათ შორის – ორ არასრულწლოვანს.
ლუქსემბურგი – €17.5 მილიონი
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ოჯახმა 2021 წელს €17.5 მილიონი მიიღო. წარმომადგენლობითი მოვალეობის შესრულებისთვის კი ჰერცოგ ანრის €480.00 ერგო. ლუქსემბურგის სამეფო ოჯახიდან მხოლოდ ოთხი ადამიანი ასრულებს საკუთარ მოვალეობას სრულ განაკვეთზე და, შესაბამისად, ამისთვის სახელმწიფო ფულს იღებს. მათ შორის არიან ჰერცოგი და ჰერცოგინია, მათი ვაჟი პრინცი უილიამი და მისი მეუღლე.
დანია – €12 მილიონი
დანიის სამეფო ოჯახმა, რომელსაც დედოფალი მარგრეტე II მეთაურობს, 2021 წელს მთავრობისგან €12 მილიონი (89.3 მილიონი დანიური კრონა) მიიღო. თანხა ფარავს მონარქიის ხარჯებს, მათ შორის – სამეფო რეზიდენციების მოვლას. დანიის მონარქიის ძირითადი შემოსავლის წყარო პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული თანხაა.
ბელგია – €11.5 მილიონი
ბელგიის მონარქია სახელმწიფო ფინანსებიდან ყოველწლიურად მინიმუმ €11.5 მილიონს იღებს. თანხის უდიდესი ნაწილი მეფე ფილიპეს სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული ხარჯის დასაფარავად გამოიყოფა. შემწეობის გარდა, ფილიპეს მშობლები, ალბერტო II და პაოლა, ყოველწლიურ ხელფასსაც იღებენ.
ესპანეთი – €8.4 მილიონი
ესპანეთის სამეფო სახლის ბიუჯეტმა 2021 წელს €8.4 მილიონი შეადგინა. აქედან მეფე ფელიპე VI-სთვის დანიშნული წლიური ხელფასი €253.850-ს, ხოლო დედოფალ ლეტიციას წლიური ხელფასი €139.610-ს შეადგენს. მეფე ხუან კარლოსისთვის განკუთვნილი შემწეობა 2020 წლის მარტში გაუქმდა. საერთო ჯამში, ესპანეთის სამეფო ოჯახი მეფესა და დედოფალს, მათ ქალიშვილებსა და მეფის მშობლებს, ხუან კარლოსსა და სოფიას აერთიანებს.
შვედეთი – €6.7 მილიონი
შვედეთის მონარქიას, მეფის ოფიციალური ფუნქციებისთვის საჭირო ხარჯების, მათ შორის მოგზაურობის, პერსონალისა და სხვა ხარჯების დასაფარავად, 2019 წელს €6.7 მილიონი ერგო. „სრულ განაკვეთზე“ სამეფო ოჯახის წევრებად შვიდი ზრდასრული და ორი არასრულწლოვანი მიიჩნევა, მათ შორის არიან მეფე კარლ XVI გუსტავი და მისი ცოლი დედოფალი სილვია, გვირგვინის პრინცესა ვიქტორია, მისი ქმარი პრინცი დანიელი და მათი ორი შვილი.
ლიხტენშტაინი
ლინხენშტაინის სამთავრო ერთადერთი მონარქიაა, რომელიც სახელმწიფო ფულს გადასახადის გადამხდელებისგან არ იღებს. ლიხტენშტაინის სამეფო ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესია ევროპაში, ექსკლუზიური საკუთრების კერძო ბანკით: LGT Group-ით. სამეფო ოჯახის 80-წლიან საკუთრებაში არსებული ბანკი, 2020 წლის მონაცემებით, €260 მილიონის აქტივებს მართავს, ხოლო სამეფოს სუვერენული პრინცი, ჰანს-ადამს II, $3.5-მილიარდიანი ქონებით, ევროპის უმდიდრესი მონარქია.