Forbes Green: გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

Forbes Green: გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

„მწვანე სიახლეებისთვის“ გასული წლის ბოლო კვირა და 2022 წლის დასაწყისიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ევროკავშირში უფრო აქტიურად დაიწყეს ევროკომისიის გეგმის განხილვა, რომელიც აირსა და ბირთვულ ენერგიას, ევროკავშირის მწვანე ფინანსური პოლიტიკის ფარგლებში, კლიმატისთვის მეგობრულ ინვესტირებად განიხილავს. განხილვისას გადაწყდება, შეიტანენ თუ არა ბირთვულ და ბუნებრივ აირს ორგანიზაციის „მდგრად ფინანსურ ტაქსონომიაში“ – ერთგვარ ინსტრუქციაში, რომელიც შეზღუდავს კლიმატისთვის ხელსაყრელი ინვესტიციებისთვის სტატუსის მიმნიჭებელ აქტივობებს.

ამასთან ერთად კი ევროკავშირი, პირველი იანვრის შემდგომ, საჯარო სიაში მოხვედრილ კომპანიებს 500-ზე მეტი თანამშრომლით (რომლებიც ექვემდებარება არაფინანსური ანგარიშების დირექტივას) ავალდებულებს, წლიურ ანგარიშში  წარმოადგინონ, თუ მათი საქმიანობის რა ნაწილი ექვემდებარება ევროკავშირის მწვანე ტაქსონომიის წესებს. კლასიფიკაციის სისტემით ევროკავშირის მიზანია, ემისიების ეფექტიანად შემცირებასთან ერთად, უფრო ნათელი გახდეს ინვესტორებისთვის, რა სახის ოპერაციები ითვლება მწვანედ და გააძლიეროს მათი ჩართულობა კომპანიების მწვანე მიმართულებით საქმიანობაში.

ორგანიზაციათა ნაწილისთვის მათ ბიზნესში „მწვანე წილის“ დათვლა არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა. კომპანიებმა ჯერ უნდა შეაფასონ თავიანთი ბიზნესოპერაციები  კრიტერიუმების ვრცელი ჩამონათვალის მიხედვით და შემდგომ დაიანგარიშონ შემოსავალი, ინვესტიციები და ხარჯები დასაშვები საქმიანობიდან გამომდინარე.

ევროკავშირში, ახალი რეგულაციების თაობაზე ქვეყნებს შორის უთანხმოების მიუხედავად, სახელმწიფოები და ცალკეული კომპანიები კვლავ აქტიურად აგრძელებენ კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას. მათ შორისაა დანია, რომელმაც 2030 წლამდე ქვეყნის შიდა ფრენების წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლება გადაწყვიტა და უზბეკეთი, რომელმაც აირიდან სითხედ გარდაქმნის პირველი ქარხანა აამოქმედა.  მართალია, გერმანია მომავალი წლისთვის კლიმატურ მიზნებს ვერ აღწევს, მაგრამ 2023 წლის მძიმე გამოწვევებს არ უშინდება და ბირთვული რეაქტორების გამორთვით ატომურ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. თუმცა კლიმატოლოგები ვერ გვაიმედებენ და აცხადებენ, რომ 2022 წელი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი იქნება.

Reuters: გერმანია, სავარაუდოდ, კლიმატურ მიზნებს ვერ მიაღწევს

ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანია, სავარაუდოდ, უახლოეს ორ წელიწადში ნახშირბადის შემცირების მიზნებს ვერ მიაღწევს. აპრილში, გერმანიის მაშინდელმა მთავრობამ, კლიმატის ამბიციური გეგმები დაადგინა, მათ შორის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევა 2045 წლისთვის.

ფოტო: Odd Andersen/Pool via REUTERS

ახალმა კოალიციურმა მთავრობამ წარადგინა კლიმატის დაცვის გაძლიერებული გეგმები, რომლებიც გულისხმობს რეფორმებს კომუნალურ სექტორში, ასევე წარმოების მრეწველობის, მშენებლობის, სატრანსპორტო და სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში. აქედან გამომდინარე, მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ქვეყანა 2022 წლისთვის დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს, 2023 წელი კი საკმაოდ რთული იქნება, რადგან  მუშაობას მკვეთრი ჩამორჩენით დაიწყებენ.

გერმანიას ემისიების შემცირება ყველაზე დიდ სექტორში, ინდუსტრიაში 2022 წელს 177 მილიონ CO2 ტონამდე სურს, რაც 1990 წელთან შედარებით, 38%-ით ნაკლებია. სატრანსპორტო სექტორში კი მომავალი წლისთვის ნახშირბადის ემისია 1990 წელთან შედარებით, 15%-ით უნდა შემცირდეს. გარდა ამისა, მთავრობა მომავალი წლის ბოლომდე ქარის ტურბინების დამტკიცების დაჩქარებაზე კანონის სისრულეში მოყვანას გეგმავს.

დანია 2030 წლისთვის შიდა ფრენებს წიაღისეული  საწვავის გამოყენების გარეშე შეძლებს

დანიის მთავრობამ, 2030 წლისთვის, ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში განხორციელებული ფრენებისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენება აკრძალა. კანონი მას შემდგომ დაინერგა, რაც ახალი წლის მიმართვაში პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა „ფრენების გამწვანების“ სურვილი გამოთქვა.

ფოტო: AFP

დანიის პრემიერმა ასევე დასძინა, რომ „მწვანე“ შიდა ფრენების მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა ქვეყნის მკვლევრები და შესაბამისი კომპანიები აქტიურად მუშაობენ დასახული მიზნის სისრულეში მოსაყვანად. მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა მწარმოებელმა Airbus-მა გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2035 წლისთვის წყალბადის საწვავზე მომუშავე თვითმფრინავების გამოშვებას ითვალისწინებს. თუ წყალბადი, რომელიც საწვავისთვის გამოიყენება, განახლებადი ენერგიიდან იქნება მიღებული, ამან შესაძლოა, დასახულ თარიღამდე ფრენების „გამწვანების“ მიღწევა გაამარტივოს. თუმცა გაურკვეველია, იქნება თუ არა საჭირო ტექნოლოგია მზად დასახული პერიოდისთვის. ცნობისთვის, დანიის მიზანი 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიების 1990 წელთან შედარებით 70%-ით შემცირებაა.

დანიის მსგავსი გეგმები აქვს შვედეთსაც, თუმცა მას 2045 წლამდე საერთაშორისო ფრენების წიაღისეული საწვავის გამოყენების გარეშე სურს. წლის დასაწყისში მთავრობამ, მაღალი დაბინძურების თვითმფრინავებისთვის აეროპორტის გადასახადის ზრდაც დააანონსა. ამასთან ერთად კი საფრანგეთი იმ შიდა ფრენებს კრძალავს, რომელთა განხორციელებაც მატარებლით ორ-ნახევარი საათის შუალედში შესაძლებელია. აკრძალვამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს პარიზიდან ლიონში, ნანტსა და ბორდოში ფრენებზე.

რუსეთი, სათბურის ემისიებს გასაკონტროლებლად, პოლიგონებს ქმნის

რუსეთში სათბური ემისიების შემცირება აქტუალური საკითხია და ამჟამად ამ მიმართულებით ქვეყნის უნივერსიტეტები ლიდერობენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც აკადემიური ლიდერობის პროგრამა „Priority 2030“-ში მონაწილეობენ.

ფოტო: Priority 2030 Press Service

პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ, იმანუელ კანტის ბალტიისპირეთის ფედერალურმა უნივერსიტეტმა კალინინგრადში ნახშირბადის პოლიგონი „Rosyanka“ გახსნა. ნახშირბადის პოლიგონი არის სპეციალური ადგილი, სადაც მეცნიერები ნახშირბადის შთანთქმასა და გამოყოფილი სათბური აირების მოცულობას ითვლიან. მსგავსი კვლევითი პლატფორმები რუსეთის სხვა ტერიტორიებზეც იგეგმება, რადგან რუსეთის ტერიტორიის სიდიდიდან გამომდინარე, მონაცემების მოპოვება ქვეყნის თითოეული წერტილიდანაა საჭირო.

რუსეთის  მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ პოლიგონების შექმნა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. კალინინგრადში მიწის ნაწილზე მზის ბატარეებით აღჭურვილი მობილური ლაბორატორიაა მოწყობილი. აქ მეცნიერები წყალსა და ჰაერზე ტესტებს ატარებენ, ბურღავენ ტორფს და მასში ნახშირბადის რაოდენობას ზომავენ.

RT-სთან უნივერსიტეტის მკვლევარმა ლეილა ბაშიროვამ განაცხადა, რომ რუსეთში  ერთობლივი მონიტორინგის სისტემის შექმნის შესახებ გეგმა არსებობს, და პოლიგონზე შეგროვებული ინფორმაციები სწორედ იქ გამოიყენება. ახლა მეცნიერთა მთავარი ამოცანა გარემოპროცესების დაკვირვებაა, შემდგომ კი – სათბური ემისიების გასაკონტროლებლად შესაბამისი ზომების მიღება და სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენება.

უზბეკეთმა აირიდან სითხედ გარდაქმნის პირველი ქარხანა აამოქმედა

უზბეკეთმა თავისი პირველი, „აირიდან-სითხემდე“ ქარხანა აამოქმედა, $3.6-მილიარდიანი პროექტი, რომელიც შიდაწარმოების აირებიდან მნიშვნელოვან ელემენტებს ამოიღებს და ქვეყნის ნავთობპროდუქტების იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

UzGTL-ის ქარხანა სამხრეთ-დასავლეთ ქაშკადარიოს პროვინციაში მდებარეობს და ბუნებრივი აირიდან  წელიწადში 1.5 მილიონ ტონა ისეთ სინთეზურ თხევად საწვავს გამოიმუშავებს, როგორიცაა: ნავთი, დიზელი, თხევადი წარმოების ნავთობის გაზი და ნაფტა. გახსნის ცერემონიაზე უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა განაცხადა, რომ 2022 წლის პირველი კვარტლიდან UzGTL-ის ქარხანა $500 მილიონის ღირებულების აირს $1.5 მილიარდად შეფასებულ პროდუქტად გარდაქმნის, მომავალი წლის ბოლომდე კი ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდება.

პრეზიდენტმა ახალ ინოვაციურ ტექნოლოგიებზეც ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას საშუალებას აძლევს, დიზელის ან ნავთის წარმოება მათ საბაზრო ფასებზე დაყრდნობით გაზარდოს. უზბეკეთი ამ ეტაპზე $1 მილიარდის ღირებულების ნავთობისა და გაზის იმპორტს ახდენს. ქარხანა წელიწადში, ახლომდებარე Shurtan-ის გაზის საბადოდან და გადამმუშავებელი ქარხნიდან, 3.6 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, სადაც ხელისუფლებამ, მოპოვების გასამმაგებისთვის, ასევე ახალი პროექტი წამოიყო.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის Sasol-ი, რომელიც კატარში პირველი „აირიდან-სითხემდე“ ქარხნის მშენებლობაში მონაწილეობდა, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის წამყვან კომპანია Chevron-თან ერთად, UzGTL-ის ტექნოლოგიური პარტნიორი იყო.

გერმანია ექვსიდან სამ ატომურ ელექტროსადგურს გამორთავს

გერმანია თავისი ბოლო ექვსი ატომური ელექტროსადგურიდან სამს გამორთავს, რადგან ქვეყანა საბოლოოდ გადაერთოს განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე და თავი დააღწიოს ატომურ ენერგიას.

ფოტო: REUTERS/Lukas Barth

გერმანიაში ბირთვული ენერგიის გამოყენების ეტაპობრივი შეწყვეტის დაჩქარებაზე გადაწყვეტილება 2011 წელს< მას შემდეგ მიიღეს, რაც იაპონიაში ცუნამისა და მიწისძვრის შედეგად ფუკუშიმას რეაქტორი დაზიანდა, რამაც, 1986 წლის ჩერნობილის შემდგომ, მსოფლიოში უდიდესი ბირთვული კატასტროფა გამოიწვია. Brokdorf-ის, Grohnde-სა და Gundremmingen C-ის ბირთვული რეაქტორები, რომლებიც კომუნალური კომპანიების E.ON-ისა და RWE-ის მიერ იმართება, პარასკევს, სამ-ნახევარი ათწლეულის მუშაობის შემდგომ დაიხურა. დარჩენილი ელექტროსადგურები, Isar 2, Emsland-ი და Neckarwestheim-ი, 2022 წლის ბოლომდე გაითიშება.

ამბიციური კლიმატური მიზნებისა და ელექტროენერგიის გაზრდილი ფასების მიუხედავად, იაფი ენერგიის ეტაპობრივი გაუქმება ევროპის უმსხვილესი ეკონომიკებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. გერმანიაში მოქმედმა ექვსმა ატომურმა ელექტროსადგურმა, 2021 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით 12% შეადგინა, განახლებადი ენერგიის წილი 41% იყო, ნახშირი გამოიმუშავებდა 28%-ზე ნაკლებს, ხოლო გაზმა 15% მოიცვა. გერმანიის მიზანია, 2030 წლისთვის, ქარისა და მზის ენერგიის ინფრასტრუქტურის გაფართოებით, განახლებადმა წყაროებმა ელექტროენერგიის მოთხოვნის 80% დააკმაყოფილოს.

იაპონია ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგურის დაბინძურებულ წყალს ზღვაში ჩაუშვებს

იაპონიის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან ზღვაში დაბინძურებული წყლის გაშვებას გულისხმობს, ადგილობრივი ინდუსტრიისთვის კომპენსაციების სტანდარტებისა და უსაფრთხოების ანგარიშის გათვალისწინებით.

ფოტო: Kyodo/via REUTERS

იაპონიამ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ 2023 წლის გაზაფხულიდან დაახლოებით 1 მილიონ ტონაზე მეტ დაბინძურებულ წყალს ეტაპობრივად ზღვაში ჩაუშვებს. იაპონიის გადაწყვეტილებამ როგორც ადგილობრივი მეთევზეების, ისე  მეზობელი ჩინეთისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგობა გამოიწვია. ამის მიუხედავად, დეკემბრის დასაწყისში, ქარხნის ოპერატორმა Tokyo Electric Power-მა ბირთვული ელექტროსადგურის დაბინძურებული წყლისგან გათავისუფლების დეტალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც წყლის გასათავისუფლებლად წყალქვეშა გვირაბის აშენებასაც გულისხმობს. სამთავრობო სქემის მიხედვით, იაპონია ზარალის კომპენსაციისთვის შესაბამის სტანდარტებსაც დააწესებს ისეთი ადგილობრივი ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა მეთევზეობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და გააძლიერებს მონიტორინგს, გამჭვირვალობის ზრდისთვისა და რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით.

იაპონია ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მომავალი წლისთვის, ადგილობრივი ანალიტიკური ლაბორატორიების კომპენსაციისა და მარეგულირებლის წესდების საფუძველზე, გაწმენდილი წყლის უსაფრთხოების შესახებ შუალედურ შეფასებას წარადგენს. შეგახსენებთ, რომ ცუნამისა და მიწისძვრის შემდგომ, ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფის შედეგად, ატომური ელექტროსადგურის ადგილას თითქმის 1,3 მილიონი ტონა დაბინძურებული წყალი დაგროვდა.

საფრანგეთში ხილისა და ბოსტნეულისთვის პლასტმასის შეფუთვები აიკრძალა

საფრანგეთში, ახალი წლის დღიდან, ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც ხილისა და ბოსტნეულისთვის პლასტმასის შეფუთვების გამოყენებას კრძალავს. იმ 30 ჯიშში, რომელიც მიმდინარე წლიდან რეგულაციას დაექვემდებარება ლიმონი, კიტრი და ფორთოხალიც შედის. შეზღუდვები არ გავრცელდება დაჭრილ ან დამუშავებულ ხილზე, არც დიდ შეფუთვებზე.

ფოტო: Getty Images

პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა „ნამდვილი რევოლუციაა“ და 2040 წლისთვის ქვეყნის მიერ დასახული მიზნის მიღწევას, ეტაპობრივად, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასისგან გათავისუფლებას, ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთში ხილისა და ბოსტნეულის შეფუთვების მესამედზე მეტი პლასტმასაზე მოდის. გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, საფრანგეთი ამ ეტაპისთვის ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შეფუთვების აღმაშფოთებლად დიდ რაოდენობას იყენებს, ახალი კანონი კი  შეზღუდავს გადაგდებული პლასტმასის ხელახალ გამოყენებას და ხელს შეუწყობს მის ჩანაცვლებას სხვა მასალებით, მაგალითად, ხელახლა გამოყენებადი და გადამუშავებადი შეფუთვებით.

პლასტმასის აკრძალვა ემანუელ მაკრონის მრავალწლიანი გეგმის ნაწილია, რომელიც ხმარებიდან პლასტმასის სამუდამოდ ამოღებას გულისხმობს. 2021 წლიდან საფრანგეთში აიკრძალა პლასტმასის ჭიქებისა და დანა-ჩანგლის, ასევე პოლისტიროლის ყუთების გამოყენება. მთავრობაში თვლიან, რომ ახალი შეზღუდვებით შესაძლოა, ქვეყანამ პლასტმასის მილიარდობით გამოყენებული ერთეული აიცილოს თავიდან. მიუხედავად ამისა, ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებაში ცვლილებების დანერგვა ზედმეტად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რადგან მიცემული დრო საკმარისი არაა პლასტმასის ჩამნაცვლებლების სათანადო ტესტირებისთვის და გამოყენებაში ჩასაშვებად.

რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ საფრანგეთის მსგავსი ვალდებულება, გლაზგოს კონფერენციის მოთხოვნების შესასრულებლად, უკვე აიღო. მათ შორისაა ესპანეთი, რომელიც 2023 წლიდან ქვეყანაში ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვისას პლასტმასის შეფუთვის გამოყენებას აკრძალავს, ბიზნესს კი მანამდე დროს აძლევს შესაბამისი ალტერნატივების მოსაძიებლად. რაც შეეხება მაკრონს, მისი სხვა ახალი გარემოსდაცვითი წესები მანქანების რეკლამირებასაც უკავშირდება და მოუწოდებს მათ პოპულარიზაცია უფრო მწვანე ალტერნატივებს, მათ შორის ფეხით სიარულსა და ველოსიპედით გადაადგილებას გაუწიონ.

Burger King-, ემისიებთან საბრძოლველად, ხორცის გამოყენების 50%-ით შემცირებას გეგმავს

სწრაფი კვების რესტორნების ქსელ Burger King-ის მიზანი ხორცის გამოყენების 50%-ით შემცირებაა, რაც კომპანიას სათბური აირების ემისიების 41%-ით შემცირებაში დაეხმარება. მათი განცხადებით, ვეგანურ ნაგეტსები, რომლებიც რესტორნის მიერ გამოყენებული ხორცის რაოდენობას ორჯერ ამცირებს,  ზუსტად იგივე გემო ექნება, რაც ქათმის ხორცისგან დამზადებულ ალტერნატივებს.

ფოტო: GETTY IMAGES

როგორც Burger King-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალასდაირ მერდოკმა განაცხადა, ვეგანური ნაგეტსების დანერგვა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიისთვის, 2030 წლამდე დასახული მიზნის, ხორცისგან 50%-ით თავისუფალი მენიუს, განსახორციელებლად. ხორცის გამოყენების განახევრებით  მნიშვნელოვნად შემცირდება ნახშირბადის ემისიები, ხოლო რესტორანი დიდ ბრიტანეთში ხორცის გარეშე პროდუქტების ალტერნატივებზე მზარდ მოთხოვნას უპასუხებს.

ვეგანების საზოგადოების მონაცემებით, 2019 წელს დიდ ბრიტანეთში ვეგანთა რაოდენობა 600,000-ს კაცს აღწევდა, რაც გაოთხმაგებულია 2014 წელთან შედარებით. ხორცის მოხმარების შემცირებით დაინტერესებულთა 49% აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილება ჯანმრთელობაზე ზრუნვამ განაპირობა, თუმცა ამასთან ერთად, ცხოველების კეთილდღეობა და გარემოსდაცვითი პრობლემებიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია.

Burger King-ის კონკურენტი სწრაფი კვების ქსელმა, McDonald’s-მა ახლახან დიდ ბრიტანეთში გამოუშვა ვეგანური McPlant-ბურგერი, მანამდე კი Veggie Dippers-ს აწარმოებდა. შეგახსენებთ, რომ ვეგანური დიეტა გულისხმობს რაციონიდან ცხოველური პროდუქტების, მათ შორის ხორცის, თევზის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის ამოღებას.

კლიმატოლოგების პროგნოზით, 2022 წელი ერთერთი ყველაზე ცხელი წელი იქნება

გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიური სამსახურის, Met Office-ის წარმომადგენლების პროგნოზით, 2022 წელი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წელი იქნება. ბრიტანელი კლიმატოლოგების განმარტებით, საშუალო გლობალური ტემპერატურა პრეინდუსტრიული პერიოდის მაჩვენებელს 1.09℃-ით გადააჭარბებს. ამის მიუხედავად, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომავალი წელი მიმდინარესთან შედარებით გრილი იქნება.

Met Office-ის წარმომადგენლების თქმით, სათბური აირების მზარდი ემისიის პარალელურად დედამიწაზე გლობალური დათბობის ტემპი უფრო დაჩქარდება. აღსანიშნავია, რომ პროგნოზი კლიმატზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების მიხედვით არის შემუშავებული და ის არ მოიცავს გაუთვალისწინებელ მოვლენებს, მაგალითისთვის, როგორიც ვულკანის ამოფრქვევაა.

დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 2000-2020 წლებში მსოფლიოში ტემპერატურა საშუალოდ თითქმის 0.4 ℃-ით გაიზარდა. ექსპერტების ვარაუდით, ამ ცვლილებამ შესაძლოა, მოსავლის 30%-ით შემცირება და შესაბამისად, საკვებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს. ექსტრემალური და ცვალებადი ტემპერატურა თავის მხრივ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მედიკოსების თქმით, ის ინსულტითა და ინფარქტით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებელს საგრძნობლად ზრდის.

გლობალური ტემპერატურის ასეთი მომატება ნათელყოფს, რომ მსოფლიოში კლიმატი მნიშვნელოვნად იცვლება. ეს ყველაზე მეტად არქტიკაში შეიმჩნევა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 20 ივნისს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ არქტიკულ წრეში შემავალ ციმბირის ქალაქ ვერხოიანსკში 38 ℃ ტემპერატურა დააფიქსირა, რაც ამ ადგილისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.