Forbes: ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარაა, ბერნარ არნომ პირველ ადგილზე გადაინაცვლა

Forbes: ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარაა, ბერნარ არნომ პირველ ადგილზე გადაინაცვლა

ამერიკული Forbes-ის მიერ განახლებული ინფორმაციით, Twitter-ისა და Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს აღარ ფლობს. სიაში მასკს LVMH-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნარ არნომ გადაასწრო. Forbes-ის მონაცემებით, ამ უკანასკნელის ქონებამ 186.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი გუშინაც დაკარგა, თუმცა მცირე დროით. არ არის გამორიცხული, რომ მილიარდერმა პირველობა ამ შემთხვევაშიც დაიბრუნოს.

ილონ მასკის ქონების კლება Tesla-სა და Twitter-ის აქციების ღირებულების გაუფასურების შედეგია. აღსანიშნავია, რომ იგი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს 2021 წლის სექტემბრიდან ატარებდა. მოცემული დროისთვის, 185.4 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ქონების მფლობელმა მასკმა პირველობა მაშინ Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჯეფ ბეზოსს ჩამოართვა.

საინტერესოა, რომ ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვის შესახებ სურვილის გაცხადებიდან დღემდე Tesla-ს აქციათა ფასი 47%-ით გაუფასურდა. გუშინდელ სავაჭრო დღეს კი ეს უკანასკნელი დამატებით 2.7%-ით შემცირდა. რამაც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მასკის დაქვეითება გამოიწვია. დაახლოებით ერთი თვის წინ, 8 ნოემბრის მონაცემებით, ილონ მასკის ქონება 200 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა, Twitter-ის შესყიდვის ირგვლივ გამოწვეულმა უსიამოვნებებმა მისი ქონება მნიშვნელოვნად შეამცირა.

ამჟამად, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულში ბერნარ არნო, ილონ მასკი, გაუტამ ადამი, ჯეფ ბეზოსი და უორენ ბაფეტი შედიან. ბილ გეიტსი ხუთეულს მიღმა, 105 მლრდ დოლარით მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.