ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, იენსენ ჰუანგი, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგის ათეულში პირველად მოხვდა. უახლესი მონაცემებით, ჰუანგი, $125.4 მილიარდის ქონებით, მსოფლიოს მეათე უმდიდრესი ადამიანია.
ორშაბათის მდგომარეობით, იენსენ ჰუანგის ქონება $3.6 მილიარდით გაიზარდა და $124.1 მილიარდს მიაღწია. შედეგად, Nvidia-ს CEO-მ რეიტინგში გადაასწრო Microsoft-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, სტივ ბალმერს. ბალმერი ამჟამად $122.9 მილიარდით Forbes-ის რეიტინგის მე-11 პოზიციაზეა წარმოდგენილი.
ჰუანგის ქონების ზრდა Nvidia-ს აქციების ღირებულების 4.1%-ით მატებას მოჰყვა. შედეგად, ჩიპების ამერიკული მწარმოებლის აქციების ღირებულებამ ყველა დროის ახალ მაქსიმუმს, $144-ს მიაღწია. Nvidia-ში ჰუანგის აქციების ღირებულება $122.2 მილიარდს უტოლდება. მილიარდერი ჩიპების ამერიკული მწარმოებლის 75.4 მილიონ აქციას ფლობს. ასევე, სხვადასხვა ტრასტისა და პარტნიორობების მეშვეობით, მის საკუთრებაში 786 მილიონი აქციაც შედის.
ჰუანგი, 1993 წელს კომპანიის დაარსების დღიდან, Nvidia-ს უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერია. Forbes 400-ის სიის მიხედვით, 2022 წელს ჰუანგის ქონება მხოლოდ $20.6 მილიარდს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ 61 წლის ბიზნესმენის სიმდიდრე ბოლო ორ წელიწადში ექვსჯერ გაიზარდა.
რაც შეეხება ჩიპების მწარმოებელს, Nvidia, $3.5-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს მეორე უდიდესი კომპანიაა და მხოლოდ Apple-ის ($3.59 ტრილიონი) ჩამორჩება. უკანასკნელ ორ წელიწადში, ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით, Nvidia-ს აქციების ღირებულება 1,000%-ით გაიზარდა. ამასთან ერთად, ანალიტიკოსები, გასულ წელთან შედარებით, კომპანიის ფისკალური წლის (სრულდება იანვარში) მოგების 1,400%-ით ზრდას ვარაუდობენ.