Forbes-ის მილიარდერთა სიაში, რომლის მონაცემები რეალურ დროში იცვლება, საქართველოს ექს-პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ყაზახური ფინტექ-კომპანიის, Kaspi-ს დამფუძნებელს, მიხეილ ლომთაძეს გადაუსწრო. ამ დროისთვის ივანიშვილი 637-ე ადგილს იკავებს, ხოლო ლომთაძე, რომლის ქონება $115 მილიონით შემცირდა, 646-ე ადგილს დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, Forbes-ის სიაში, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მქონე ერთადერთი მილიარდერი გახლდათ, თუმცა მას მერე, რაც 2020 წლის ოქტომბერში Kaspi-მ ლონდონის საფონდო ბირჟაზე საკუთარი აქციები განათავსა, მილიარდერთა დავაში მიხეილ ლომთაძეც ჩაერთო – ცნობისთვის, ეს ლონდონის საფონდო ბირჟის 2020 წლის ყველაზე მსხვილი IPO გახლდათ. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აგვისტოში, Forbes-ის მილიარდერთა სიაში ლომთაძემ ივანიშვილს გადაუსწრო.
მიხეილ ლომთაძის ქონების მთავარი წყარო მის მიერ დაარსებული კომპანიის, Kaspi-ს აქციათა ღირებულება შეადგენს. 2020 წლის ოქტომბერში Kaspi-ს ერთი აქცია $40 ღირდა, ხოლო 2021 წლის 25 აგვისტოს – $115.7, რაც კომპანიის ისტორიაში უმაღლესი მაჩვენებელია. დღეს Kaspi-ს ერთი აქცია $108 ღირს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, Kazakhstan Growth Forum-ზე, მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის საუკეთესო CEO-დ აღიარეს, ხოლო Kaspi „წლის ტრანსფორმატორის“ და „წლის მთავარი გარიგების“ ჯილდოებს დასჯერდა.
ცნობისთვის, Forbes-ის მილიარდერთა სიას ილონ მასკი ლიდერობს, რომლის ქონების ღირებულება $203.4 მილიარდია. მეორე ადგილას ჯეფ ბეზოსი იკავებს, $197.7 მილიარდით, ხოლო მესამეს – ბერნარ არნო, $175.8 მილიარდით.