ამერიკული Forbes-ის შეფასებით, კალათბურთის ვარსკვლავი მეჯიკ ჯონსონი მილიარდერია. ჯონსონი რიგით მეოთხე სპორტსმენია, რომლის ქონებაც მილიარდიან ნიშნულს გადასცდა.
გამოცემის შეფასებით, ჯონსონის ქონების წმინდა ღირებულება დაახლოებით $1.2 მილიარდია. ყოფილი კალათბურთელი ინვესტიციებს რიგ კომპანიებში ფლობს, მათ შორის წილებს სხვადასხვა სპორტულ გუნდში. თუმცა, Forbes-ის განმარტებით, მისი სიმდიდრის ძირითადი ნაწილი სიცოცხლის დაზღვევის კომპანიაში წილზე მოდის.
ჯონსონის გარდა, სხვა მილიარდერ სპორტსმენებს შორის NBA-ის მოთამაშეები მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი და გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი არიან.
64 წლის კალათბურთელს NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კარიერია ჰქონდა, რომელიც მან 1996 წელს დაასრულა. თუმცა ქონების დიდი ნაწილი ჯონსონმა სპორტისგან დამოუკიდებლად დააგროვა. Forbes-ის ცნობით, NBA-ის კარიერიდან ჯონსონმა მხოლოდ $40 მილიონი გამოიმუშავა.
ჯონსონს წილები აქვს ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ სპორტულ გუნდებში, მათ შორის MLB-ის Los Angeles Dodgers-ში. სპორტის მიღმა მას აქვს ინვესტიციები Starbucks-ში, Burger King-ში, 24 Hour Fitness-ში და სიცოცხლის დაზღვევის კომპანია EquiTrust-ში.
ჯონსონის განცხადებით, მას მილიარდერად გახდომის შანსი ბევრად ადრეც ჰქონდა, თუმცა 1970-იან წლებში, NBA-ში გაწევრიანებისას, Nike-ის აქციებზე უარი განაცხადა. სამაგიეროდ, კალათბურთელმა შეთანხმება Converse-თან გააფორმა, რომელიც მას წელიწადში $100,000-ს სთავაზობდა.