ამერიკულმა Forbes-მა NBA-ის 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელების ათეული გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის რეიტინგში პირველ პოზიციას გამომუშავებული $117.6 მილიონით ლებრონ ჯეიმსი იკავებს, რომელსაც მეორე ადგილით სტეფან კარი ($101.9 მილიონი) მოჰყვება. საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის რეიტინგში, $100-მილიარდიანი ნიშნულის გადალახვა მხოლოდ ამ ორმა კალათბურთელმა შეძლო.
უახლესი მონაცემებით, NBA-ის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშის კოლექტიური შემოსავალი 2023 წელს $746 მილიონს გაუტოლდა, რაც თითქმის უცვლელია შარშანდელ რეკორდულ $751 მილიონთან შედარებით. მიმდინარე წლის ჯამური თანხა მოიცავს $291 მილიონს მოედნის მიღმა მიღებული შემოსავლებიდან, რაც 2022 წლის $330 მილიონზე 12%-ით ნაკლებია.
სწორედ მოედანს მიღმა გამომუშავებული $70 მილიონით მოახერხა ჯეიმსმა და რეიტინგის ლიდერობა ზედიზედ მეათე სეზონით შეინარჩუნა. კარისთან ერთად ის ასევე ერთადერთია, რომელმაც ყველა სპორტის სახეობის 15 სპორტსმენს შორის ერთ წელიწადში ცხრანიშნა თანხა გამოიმუშავა. ჯეიმსი პირველი სპორტსმენია, რომელმაც Forbes-ის მილიარდერთა სიაში მოხვედრა ჯერ კიდევ აქტიური სპორტული კარიერის დროს მოახერხა. კალათბურთელი SpringHill Company-ის უმსხვილეს აუქციონერად რჩება, ამავდროულად კი იყო პროდიუსერი მის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის, Shooting Stars-ის.
ჯეიმსის მსგავსად, კარის მზარდი მედიაბიზნესი აკავშირებს Unanimous-თან, რომელმაც Apple TV+-ისთვის მის შესახებ ივლისში დოკუმენტური ფილმი გადაიღო. კალათბურთელმა მიმდინარე წელს ბურბონიც გამოუშვა სახელწოდებით, Gentleman’s Cut-ი. რაც შეეხება მესამეადგილოსან კევინ დურანტს, კალათბურთელმა მიმდინარე წლის აპრილში Nike-თან უვადო პარტნიორობა გააფორმა, მაისში კი Call of Duty-ის ვიდეოთამაშშიც გამოჩნდა.
ტრადიციული სპონსორობის გარდა, დღევანდელი NBA-ის მოთამაშეები ყველაზე დიდ მოგებას სათამაშო კონტრაქტებიდან იღებენ. ლიგის სახელფასო ლიმიტი მიმდინარე სეზონზე $136 მილიონამდეა, რაც ორჯერ აღემატება ათი წლის წინანდელ $59 მილიონს. და მიუხედავად იმისა, რომ NBA-ის ახალი კოლექტიური შეთანხმება ფუფუნების გადასახადზე უფრო მკაცრ ჯარიმებსაც აწესებს, გადასახადის დონე ამჟამად $165 მილიონს აღემატება, მაშინ როდესაც 2013-2014 წლებში $72 მილიონს უდრიდა.
აღნიშნულმა ზრდამ გუნდებისთვის უფრო გაზრდილი თანხებიც უზრუნველყო, ლიგის უმსხვილესი კონტრაქტების ფასი კი გაიზარდა. მომდევნო წელს, კარის გარდა, მოედანზე $50 მილიონის გამომუშავებას უკვე ჯეიმსი, ჯოკიჩი, ბრედლი ბილი და ჯოელ ემბიდიც შეძლებენ.
2025-26 წლების სეზონის დაწყებიდან კი, NBA-ის მიერ ახალ მედიახელშეკრულებების გაფორმებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ამ კალათბურთელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. გარიგებების ფარგლებში, თანხა, რომელსაც ლიგა ABC-იდან, ESPN-იდან და Turner Broadcasting-იდან იღებს, შესაძლებელია, წელიწადში საშუალოდ $2.66 მილიარდამდე გაორმაგდეს.
NBA-ის 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელები:
- ლებრონ ჯეიმსი – $117.6 მილიონი, Los Angeles Lakers
- სტეფან კარი – $101.9 მილიონი, Golden State Warriors
- კევინ დურანტი – $91.4 მილიონი, Phoenix Suns
- იანის ანტეტოკოუნმპო – $85.6 მილიონი, Milwaukee Bucks
- დემიან ლილარდი – $63.6 მილიონი, Milwaukee Bucks
- კლეი ტომპსონი – $61.2 მილიონი, Golden State Warriors
- ჯოელ ემბიდი – $57.6 მილიონი, Philadelphia 76ers
- ჯეიმს ჰარდენი – $57.6 მილიონი, Philadelphia 76ers
- ჯიმი ბატლერი – $55.2 მილიონი, Miami Heat
- პოლ ჯორჯი – $54.6 მილიონი, Los Angeles Clippers