Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირა განსაკუთრებულად საინტერესოდ დაიტვირთა როგორც უცხოური, ისე ქართული მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებით: Facebook-მა, ამიერიდან კი  Meta-მ – მეტავერსი წარმოადგინა; ნეობანკ Space-ის პლატფორმაზე აწყობილი TBC Bank Uzbekistan-ის აპლიკაციის გადმომწერთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიხეილ ლომთაძის Kaspi-მ უკრაინული BTA Bank Ukraine-ი შეიძინა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

ნეობანკ Space-ის პლატფორმაზე აწყობილი TBC Bank Uzbekistan-ის აპლიკაცია მილიონმა ადამიანმა გადმოიწერა

გასულ კვირას საინტერესო ქართული სიახლით ვიწყებთ: უზბეკეთში,  საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმის, Space-ის ბაზაზე დაარსებული TBC Bank Uzbekistan-ის აპლიკაციის გადმომწერთა რაოდენობამ, ოპერირების პირველ წელიწადს, ერთ მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ TBC UZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ქურდიანმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ TBC UZ-ი ახალი თაობის სრულად ციფრული ბანკია, რომელიც ქართული საერთაშორისო ფინტექპლატფორმის, Space-ის ბაზაზე, 2020 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. უზბეკეთის ბაზარზე, ისევე როგორც საქართველოში, ნეობანკ Space-ის შემთხვევაში, კომპანია საცალო დაკრედიტების მიმართულებას ავითარებს და მომხმარებლებს სრულად ახალ, ტექნოლოგიურად დახვეწილ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტივ საბანკო გამოცდილებას სთავაზობს.

„გასული წლის განმავლობაში მოხდა შემდეგი: უზბეკური საბანკო ლიცენზიის საფუძველზე ავაწყვეთ ბანკი – TBC Bank Uzbekistan-ი, რომელსაც ექვსას ორმოცდაათი თანამშრომელი ჰყავს. ამ ბანკს არა აქვს ფილიალები, რადგან ის სრულად ციფრულია – ოფლაინ არანაირ მომსახურებას არ ვახორციელებთ, გარდა ე.წ. „შოურუმინგისა“. ასეთი შოურუმი თითქმის ყველა რეგიონში გვაქვს – ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, სამოცდახუთ წერტილში.

გარდა ამისა, გვაქვს ერთი მილიონი ჩამოტვირთვა, რომელთაგან შვიდას ორმოცდაათზე მეტი მომხმარებელი „იუზერი“ გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა აპლიკაცია უბრალოდ კი არ ჩამოტვირთა, არამედ მისი გამოყენებაც დაიწყო, რადგან მიუთითა სახელი და გვარი, მოგვცა წვდომა პირად მონაცემებზე და გვითხრა: მოდი, ვიკონტაქტოთ, თქვენი სერვისები შემომთავაზეთო. ეს კოლოსალურად მაღალი რიცხვია, რადგან ერთ წელიწადში ასეთ ბაზარზე ბანკის აწყობა და ერთი მილიონი ჩამოტვირთვისა და შვიდას ორმოცდაათი ათასი „იუზერის“ მოზიდვა – მარტივი არ არის“, – განაცხადა ნიკოლოზ ქურდიანმა Forbes Georgia-სთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს, TBC Bank Uzbekistan-ის ორი 20%-იანი წილის შესყიდვის შესახებ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ და „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ“ განაცხადეს. ცნობისთვის, პირველადი შენატანის სახით, თითოეული ინსტიტუტი TBC Bank Uzbekistan-ში $9.4 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს.

Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

გასულ კვირას საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ტექნოლოგიური და ფინანსური სამყაროს მიჯნაზე: ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ ტრილიონ აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – Tesla-ს რეკორდულ საბაზრო კაპიტალიზაციას წინ აქციათა ფასის 12.7%-იანი ზრდა უძღოდა. აღსანიშნავია, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში Tesla-ს ერთი აქციის ფასი 45.2%-ით გაიზარდა, რაც გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე S&P 500-ის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 21.6%-ს შეადგენს. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში Tesla მეექვსე კომპანიაა, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციის ამ ნიშნულს მიაღწია – მათ შორის გვხვდება Amazon-ი, Apple-ი, Microsoft-ი, Google-ი და Meta. ერთადერთი არაამერიკული კომპანია, რომელიც ამ ელიტარულ სიაში გვხვდება, საუდის არაბეთის Saudi Aramco გახლავთ.

ცნობისთვის, Tesla-ს აქციათა ფასის ზრდას წინ საინტერესო მოვლენა უძღოდა: მანქანების გაქირავებით დაკავებულმა ამერიკულმა კომპანიამ, Hertz-მა განაცხადა, რომ 2022 წლისთვის Tesla-ს ელექტრომობილების 100 000 ერთეული შეუკვეთა, რადგან კომპანიას სურს, რომ ელექტრომობილების ავტოპარკი ააწყოს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილი, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი იქნება. გარდა მანქანებისა, Hertz-მა კომპანიის მფლობელობაში, მსოფლიოს გარშემო არსებული დასამუხტი ინფრასტრუქტურის განახლებაც გადაწყვიტა.

როგორც ჩანს, Hertz-ის მიერ Tesla-ს მანქანების შესაძენად გაკეთებული ამ მასშტაბის განაცხადმა ინვესტორებს მიანიშნა, რომ ელექტრომობილების ფართო გამოყენება სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის პერიოდში ოფიციალური ვაშინგტონი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს როგორც ენერგიის სუფთა წყაროებს, ასევე ზოგადად – მწვანე ეკონომიკას, რაც დამაიმედებელია ელექტრომობილების მწარმოებლებისა და მათი ინვესტორებისთვის.

თუმცა Tesla-ს ამ წარმატებას მხოლოდ მაკროფაქტორებს როდი დავაბრალებთ. თავისთავად ცხადია, რომ აქციათა ფასის ზრდა ნაწილობრივ მაინც განაპირობა იმ ფაქტმა, რომ სექტემბერში Tesla Model 3-ი ევროპის ყველაზე გაყიდვად ავტომობილად დასახელდა. კვლევითი სააგენტო Jato Dynamics-ი იუწყება, რომ გასული წლის განმავლობაში, ევროპაში Tesla Model 3-ის 25 000 ერთეული გაიყიდა, რაც თავისთავად, 58%-იანი ზრდაა. ცნობისთვის, 18 200 ერთეულით, მეორე ადგილი Renaul Clio-მ დაიკავა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ Tesla-ს აქციათა ფასის ზრდას წინ კომპანიის მესამე კვარტალის ფინანსური მონაცემების გამოქვეყნება უძღოდა. როგორც ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, 2021 წლის მესამე კვარტალში, მიკროჩიპების გლობალური დეფიციტისა და მიწოდების გლობალურ ჯაჭვში არსებული შეფერხებების მიუხედავად, Tesla-მ 241 ათასი ელექტრომობილის გაყიდვა მოახერხა – საბოლოო ჯამში, მოგება კომპანიამ ზედიზედ მესამე ფისკალურ კვარტალში აჩვენა.

Tesla-ს რეკორდულ საბაზრო კაპიტალიზაციას გამოეხმაურა Morgan Stanley-ის ანალიტიკოსი, ადამ ჯონასი, რომელმაც კომპანიის აქციის სამიზნე ფასი $900-დან $1200-მდე ასწია, რაც უოლ-სტრიტის ანალიტიკოსებს შორის, ერთ-ერთი უმსხვილესი პროგნოზია. ადამ ჯონასის თქმით, Tesla-ს მესამე კვარტალის ფინანსური შედეგების მნიშვნელობას ორი ფაქტორი განაპირობებს: ის, რომ კომპანია მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის მიუხედავად იზრდება და ისიც, რომ ავტოინდუსტრიაში არსებულ კომპანიებს შორის, Tesla ყველაზე მოგებიანია. ცნობისთვის, ადამ ჯონასი ის ანალიტიკოსია, რომელმაც განაცხადა, რომ SpaceX-ის წყალობით, ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდება.

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის. The New York Times-ის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს საინტერესო სტატია, რომელშიც აღნიშნეს, რომ Tesla საგრძნობლად განსხვავდება ერთტრილიონიანთა ელიტარულ კლუბში შემავალი სხვა კომპანიებისგან. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი Tesla-ს ფინანსური ვალდებულებები და საკრედიტო რეიტინგია – ცნობისთვის, კომპანიას თითქმის ათი მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები აქვს, ხოლო მისი საკრედიტო რეიტინგი, ამხელა კომპანიისთვის, არცთუ ისე სახარბიელო BB+ გახლავთ. გარდა ამისა, აშშ-ის მთავარმა ფინანსურმა მარეგულირებელმა Tesla-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ილონ მასკი ფინანსურ თაღლითობაში დაადანაშაულა – მიუხედავად იმისა, რომ მხარეები მალევე მორიგდნენ, ამგვარი დამოკიდებულება, სულ მცირე, უცნაურია.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციის შესახებ საუბარი არ წყდება როგორც მედიაში, ასევე სხვადასხვა ანალიტიკურ პორტალზე: გამომდინარე იქიდან, რომ დღეს Tesla უფრო დიდი კომპანიაა, ვიდრე ყველა მსხვილი ავტომწარმოებელი ერთად აღებული და თან ის მათზე გაცილებით ნაკლებ მანქანას აწარმოებს, ჩნდება ეჭვები, რომ კომპანიის აქციათა ფასი არაბუნებრივად გაბერილია.

იაპონურმა სტარტაპმა საჰაერო მოტოციკლი წარმოადგინა, რომელიც $680 ათასი ღირს

დრონების მწარმოებელმა იაპონურმა სტარტაპმა, A.L.I Technologies-მა საჰაერო მოტოციკლი წარმოადგინა, რომელიც $680 ათასი ღირს. საჰაერო მოტოციკლით კომპანია სუპერქარების მომხმარებლების ბაზარზე შესვლას გეგმავს. ისე კი, მათი მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია: მათ სურთ, რომ ადამიანებმა სუპერქარებზე უარი თქვან და მათ ნაცვლად საჰაერო მოტოციკლები შეიძინონ.

ვიზუალურად, ეს უახლესი სატრანსპორტო საშუალება მოტოციკლს ჰგავს, რომლის კარკასი პროპელერებზე არის აღმართული. საჰაერო მოტოციკლი სამას კილოგრამს იწონის და ას კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია. მას ჩვეულებრივი ტიპის ძრავა და ოთხი ელექტრობატარეა აქვს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-შია. საწვავითა და ელექტროენერგიით სრულად უზრუნველყოფის შემთხვევაში, მოტოციკლს ოცდაათიდან ორმოც წუთამდე შეუძლია იფრინოს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ეს საჰაერო მოტოციკლი საკმაოდ სწრაფად ფრინდება – ორი მეტრის სიმაღლეზე აფრენა მას სულ რაღაც სამ წამში შეუძლია.

საჰაერო მოტოციკლი ALI Technologies-მა გასულ კვირას, იაპონიის ქალაქ ოიამაში, ფუჯის მთის სიახლოვეს მდებარე ავტოდრომზე წარმოადგინეს. კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, დაიცუკე კატანომ აღნიშნა, რომ იაპონური კანონმდებლობა ამ საჰაერო მოტოციკლის გზებზე გამოყენებას კრძალავს, რის გამოც, ის ავტოდრომის ტრანსპორტად უნდა ჩაითვალოს. თუმცა, კომპანიაში იმედს იტოვებენ, რომ მომავალში მათ საჰაერო მოტოციკლებს საგანგებო სამსახურები გამოიყენებენ. „ამ დრომდე  არჩევანი მიწასა და მაღალ ცას შორის იყო, ჩვენ კი გვსურს, რომ მიმოსვლის ახალი მეთოდი წარმოვადგინოთ“, – აღნიშნა დაიცუკე კატანომ.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ALI Technologies-ი ბაზარზე დრონების მწარმოებლის როლში გამოჩნდა, თუმცა 2017 წელს საჰაერო მოტოციკლის წარმოებაზე გადაერთო. ცნობისთვის, იაპონურ სტარტაპს არაერთი ინვესტორი ჰყავს, მათ შორის Mitsubishi Electric-ი, Kyocera და გამოჩენილი იაპონელი ფეხბურთელი, კეისუკე ჰონდა.

ALI Technologies-ის განცხადებით, 2022 წლის პირველი ნახევრისთვის, კომპანია საჰაერო მოტოციკლის ორას ერთეულს გამოუშვებს. როგორც უკვე აღინიშნა, თითოეული მათგანი $680 ათასი ღირს.

Future Motion-მა ცალთვლიანი ელექტრობორდის განახლებული მოდელები წარმოადგინა

კალიფორნიულმა სტარტაპმა, Future Motion-მა თვითბალანსირებადი ცალთვლიანი ელექტრობორდის, Onewheel-ის უფრო მძლავრი, ეფექტიანი და კიდევ უფრო ერგონომიული ორი მოდელი – Onewheel GT და Onewheel Pint X წარადგინა.

Future Motion-ის განცხადებით, მათ Onewheel GT-ის შექმნა ნულიდან დაიწყეს და საბოლოო ჯამში, სამი ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ცალთვლიანი ელექტრობორდი მიიღეს. ის მაღალი ძაბვის კონტროლის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ძრავას 21700 ლითიუმ-იონური აკუმულატორისაგან შემდგარი ელექტრობატერეის მიერ წარმოქმნილი ენერგიით ამარაგებს. ცნობისთვის, სრულად დამუხტულ Onewheel GT-ის 51 კილომეტრის გავლა შეუძლია.

გარდა ძრავასთან დაკავშირებული განახლებებისა, შეიცვალა ელექტრობორდის დიზაინი, რომელმაც ტრანსპორტი უფრო ერგონომიული გახადა: ამიერიდან, ფეხის დასადგომები ჩაზნექილია, რაც ბორდზე კონტროლს გაზრდის, ხოლო კიდევ უფრო კაშკაშა ნათურები, უფრო მტკიცე სახელურები და ოფ-როუდისთვის განკუთვნილი დამატებითი საბურავი – ელექტრობორდით მგზავრობის გამოცდილებას კიდევ უფრო დახვეწს.

რაც შეეხება Future Motion-ის ელექტრობორდის მეორე მოდელს, ზომით უფრო მცირე Pint X-ს, ის 2019 წელს წარმოდგენილი ბიუჯეტური მოდელის, Pint-ის გაუმჯობესებული ვარიანტია. სრულად დამუხტულ Pint X-ს 29 კილომეტრის გავლა შეუძლია, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე – 29 კმ/სთ-შია. აღსანიშნავია, რომ წინა თაობის მოდელთან შედარებით, Pint X-ი ვიზუალურად და ერგონომიულად უფრო დახვეწილია.

ცნობისთვის, Future Motion-ის ელექტრობორდები კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე იყიდება: Onewheel GT $2200 ღირს, ხოლო Onewheel Pint X – $1440.

თავისთავად ცხადია, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე, მეტად კი, უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში, მსოფლიო მასშტაბით, ქალაქის ელექტროტრანსპორტზე, მათ შორის მოპედებზე, სკუტერებზე, ველოსიპედებსა და ბორდებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, არაერთი კომპანია გაბანკროტდა, მათ შორის იყვნენ ელექტროსკეიტბორდების მწარმოებელი Boosted-ი და Inboard-ი.

მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის ახალი ხედვა – Metaვერსი წარმოადგინა

მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის განვითარების ახალი ეტაპი დააანონსა: ამიერიდან, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მანამდე, უმეტესწილად, სოციალურ ქსელად აღიქმებოდა, მეტავერსად გადაიქცევა. ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად  დღეიდან Facebook-ს ახალი სახელი დაერქვა – Meta.

ცნობისთვის, Meta ბერძნული სიტყვაა და ქართულად „მიღმას“ ნიშნავს, რაც Facebook-ის ხედვას კარგად ერგება. როგორც მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა, ამიერიდან კომპანია იმუშავებს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ჩვენი სამყაროს მიღმა, მეტავერსში იარსებებს.

ახლა კი, მოკლედ მიმოვიხილოთ ყველა ის სიახლე, რომელიც Meta-ს პრეზენტაციაზე გაჟღერდა.

Horizon Workrooms

როგორც მოსალოდნელი იყო, Facebook-ის მეტავერსში ერთ-ერთი მთავარი როლი სამუშაო სივრცეს დაეთმობა: ამაზე ცუკერბერგი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა, როცა Horizon Workrooms-ი წარმოადგინა. თუმცა, ეს ყველაფერი როდია – აღსანიშნავია, რომ ამიერიდან, Oculus Quest-ის ვირტუალური რეალობის პლატფორმას ორგანზომილებიანი საოფისე და გასართობი აპლიკაციები დაემატა, მათ შორის Slack-ი და Dropbox-ი.

Horizon Home

გამომდინარე იქიდან, რომ მეტავერსი იქნება სივრცე ყველაფრისთვის, მარკ  ცუკერბერგმა ვირტუალური სახლების აპლიკაცია, Horizon Home-ი დააანონსა, რომელიც იდეურად Horizon Workrooms-ის იდენტურია, მაგრამ პრაქტიკულად ბევრ საინტერესო ფუნქციას აერთიანებს. Horizon Home-ში ვირტუალური სახლის შექმნას შეძლებთ, რომელშიც მეგობრების დაპატიჟებას, მათთან დროის გატარებას, ფილმების ყურებას და თამაშს შეძლებთ. ცნობისთვის, ვირტუალური თამაშისას რეალური სამყაროს ინტეგრაციასაც შეძლებთ: შეტყობინებები, რომელთაც Messenger-სა და სხვა აპლიკაციებში მიიღებთ, თქვენს ვირტუალურ გარემოში გამოისახება.

თამაში მეტავერსში

აღსანიშნავია, რომ საოცარი ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრების გარდა, Facebook-მა მეტავერსში ყველასათვის საყვარელი თამაში, Grand Theft Auto: San-Andreas-ი დაამატა – ამიერიდან, ამ საკულტო თამაშში ჩართვა Oculus Quest 2-ი ვირტუალური რეალობის სათვალით შეძლებთ, რაც სათამაშო გამოცდილებას კიდევ უფრო რეალურს გახდის. „ამ პროექტზე წლებია, ვმუშაობთ და ერთი სული გვაქვს, რომ წარმოგიდგინოთ“, – ვკითხულობთ Oculus-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. ცნობისთვის, GTA-ს გარდა, Oculus Quest 2-ს სხვა თამაშებიც დაემატება, მათ შორის Blade & Sorcery, Population: One და Beat Saber.

ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი

აღსანიშნავია, რომ ვიდეოთამაშების გარდა, მეტავერსში, Facebook-ი დიდ ყურადღებას ვარჯიშს და ჯანსაღი ცხოვრების წესს დაუთმობს. ამისთვის, მარკ ცუკერბერგმა აპარატული მოწყობილობის ნაკრები, ე.წ. Active Pack-ი წარმოადგინა, რომლის დახმარებით, ვირტუალური რეალობის სათვალე ერთგვარ ვირტუალურ სპორტულ დარბაზად გადაიქცევა, რომელშიც ვარჯიშს  როგორც მარტო, ასევე მეგობრებთან ერთად შეძლებთ.

ცნობისთვის, მეტავერსის წარდგენის მეორე დღეს Meta-მ განაცხადა, რომ კომპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ვირტუალური რეალობის აპლიკაციების მწარმოებელი Within-ი, რომელიც პოპულარული თამაშის, Supernatural-ის მფლობელია, მეტავერსს შემოუერთდა. Meta-მ განაცხადა, რომ გარდა ფიტნესის აპლიკაციებისა, Within-ი მეტავერსისთვის სხვადასხვა მოწყობილობასაც შექმნის.

Project Cambria – ვირტუალური რეალობის უახლესი სათვალე პრემიუმ-სეგმენტისთვის

გარდა ზემოხსენებული მოწყობილობებისა, Facebook-მა პრემიუმ-სეგმენტის ვირტუალური რეალობის ახალი სათვალე დააანონსა, სახელწოდებით „Project Cambria”. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია, Facebook-ის ღონისძიებაზე ითქვა, რომ ამ სათვალეს მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩვენება შეუძლია, რაც მეტავერსში ყოფნის გამოცდილებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცუკერბერგის თქმით, ეს პროდუქტი სრულიად ახალი იქნება და ის ბევრი ისეთი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი, რომლებიც Oculus Quest-ის ვირტუალური რეალობის სათვალეებში ამ დრომდე არ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სათვალე ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება.

საოცრად რეალისტური ავატარები და ნეირონული ინტერფეისი

სხვადასვა პროდუქტისა და მეტავერსის ზოგადი ხედვის წარდგენის გარდა, Meta-მ საკუთარი ტექნოლოგიის სიმძრავრეც წარმოაჩინა, რაც ყველაზე ნათლად ავატარების მაგალითზე გამოჩნდა – Meta-ს თქმით, პრეზენტაციის დროს წარმოდგენილი ავატარები პირდაპირ ეთერში რენდერდებოდა. გარდა ამისა, კომპანიამ გვაჩვენა ისიც, თუ როგორ რეაგირებს ავატარის თმა და კანი სხვადასხვა განათებასა და გარემოზე.

Meta-ს განცხადებით, ამ ვიდეოზე გამოსახულია ვირტუალური ადამიანი და ვირტუალური გარემო

ცნობისთვის, ავატარების შექმნა წარმოუდგენელ კომპიუტერულ სიმძლავრეს მოითხოვს, რის გამოც, Meta-ს წარმომადგენლების თქმით, ეს საკითხი ჯერ კიდევ კვლევის ეტაპს გადის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნათლად ჩანს, რომ Meta იმ დონის ავატარების შექმნას გეგმავს, რომლებიც საუკეთესო გრაფიკული გაფორმების ვიდეოთამაშებში გვხვდება.

Meta-მ კიდევ ერთი საინტერესო სიახლე დააანონსა: კომპანიის თქმით, ნეირონული ინტერფეისის შესაქმნელად, ისინი ელექტრომიოგრაფიის (EMG) ტექნოლოგიას იყენებენ, რაც მათ თავის ტვინის მიერ წარმოქმნილი და ხელის მიმართ გაგზავნილი სიგნალების კომპიუტერულ ბრძანებებად გარდაქმნის საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა Meta-მ ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, როცა კომპანიამ  CTRL-Labs-ი შეიძინა.

Meta-ს თქმით, საბოლოო ჯამში, ეს მათი ნეირონული ინტერფეისის ერთ-ერთი გამოყენება იქნება
ამ პროტოტიპულ მოწყობილობას Meta-ს მკლევრებიც იყენებენ

სრული რებრენდინგი – Facebook-იდან Meta-მდე

აღსანიშნავია, რომ სრული რებრენდინგის შემდეგ, Facebook-მა სოციალურ ქსელებში არსებული მასალები, მათ შორის ლოგო, ე.წ. „ქავერი“ და კომპანიის აღწერილობა მალევე შეცვალა. „Meta ისეთი მომავლის შექმნაში გვეხმარება, რომელშიც ადამიანებს მეტავერსში ერთმანეთთან დაკავშირებისა და თამაშის უფრო მეტი საშუალება ექნებათ. კეთილი იყოს თქვენი ფეხი სოციალური კავშირის განვითარების ახალ თავში“, – ვკითხულობთ კომპანია Meta-ს Facebook-ის გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მარკ ცუკერბერგი ასევე ფლობს Twitter-ის სახელწოდებას @meta (რომელიც ამ დრომდე დახურულია) და ვებგვერდს meta.com, რომლიდანაც, ამ ეტაპზე, Facebook-ის გვერდზე გადადიხართ, სადაც ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არის გავრცელებული.

„ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ტექნოლოგიას ადამიანების დასაკავშირებლად იყენებს. როგორც იქნა, ერთად შეგვიძლია, რომ ჩვენი ტექნოლოგიის შუაგულში ადამიანი მოვაქციოთ. სწორედ ერთად ერთად შეგვიძლია, [კონტენტის] შექმნაზე დაფუძნებულ უზარმაზარ ეკონომიკას ჩავუყაროთ საფუძველი“, – აღნიშნა ცუკერბერგმა.

მიხეილ ლომთაძის Kaspi- უკრაინული BTA Bank- შეიძინა 

ყაზახურმა ფინანსურ-ტექნოლოგიურმა კომპანია Kaspi-მ, რომელსაც მიხეილ ლომთაძე ხელმძღვანელობს, უკრაინული BTA Bank Ukraine-ი შეიძინა, – ამის შესახებ ყაზახური Forbes-ი წერს. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქცია, რომელიც 2022 წლის პირველ ნახევარში დასრულდება, უკრაინის ბაზარზე საბანკო ლიცენზიის მოპოვებას ემსახურება.

„BTA Bank Ukraine-ის 100%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულება გავაფორმეთ. ეს ბანკი უკრაინაში საბანკო ლიცენზიის მოსაპოვებლად შევიძინეთ, რაც ფინტექპროდუქტების, ღია სატელეფონო საფულეების, ანგარიშებისა და სხვათა შეთავაზების საშუალებას მოგვცემს“, – ნათქვამია Kaspi-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ BTA Bank Ukraine-ი ლიმიტირებული ოპერაციული აქტივობით გამოირჩევა – მას არც ფილიალები აქვს და არც – სასესხო პორტფელი. თუმცა მას საბანკო ლიცენზია აქვს, რომელიც Kaspi-ს აინტერესებს. ყაზახურ Forbes-თან საუბრისას, მიხეილ ლომთაძემ აღნიშნა, რომ ეს გარიგება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე საფუძვლიან გავლენას არ მოახდენს.

ცნობისთვის, ამა წლის ოქტომბერში Kaspi-მ უკრაინის ბაზარზე არსებული კიდევ ერთი ფინანსური კომპანია, ონლაინგადახდებში სპეციალიზებული Portmone Group-ი შეიძინა, რითაც უკრაინის ბაზარზე შესვლა დააანონსა. „საბანკო ლიცენზიითა და Portmone Group-ის გადახდების ლიცენზიით წყალობით, მყარად დავდგებით და Super App-ის სტრატეგიას (მარკეტპლეისი, ფინტექპლატფორმა და გადახდების სისტემა) უკრაინაშიც დავნერგავთ“, – აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

Kaspi-ს მიზანს, ინოვაციური მობილური პროდუქტებისა და სერვისების შექმნით, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება წარმოადგენს. Kaspi ეკოსისტემურ ბიზნესმოდელს ეყრდნობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია, რომ ერთი სერვისის ზრდა მეორე სერვისის ზრდას უწყობს ხელს, რითაც განვითარების ერთგვარი წრედი იქმნება. ყაზახეთის ბაზარზე Kaspi უდიდესი ფინანსურ-ტექნოლოგიური ეკოსისტემაა – Forbes-ის ინფორმაციით, ყოველთვიურად, Kaspi-ს შვიდ მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ცნობისთვის, ყაზახეთში განხორციელებულ ტრანზაქციათა 66%-ს სწორედ Kaspi ატარებს. 2020 წელს Kaspi-ს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა, რაც იმ წლის უმსხვილეს IPO-დ შეფასდა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე მიხეილ ლომთაძე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მილიარდერებს შორის პირველ ადგილს იკავებს – Forbes-ის მილიარდერთა რეალურ დროში განახლებადი სიის მიხედვით, მისი ქონების ჯამური მოცულობა $5.8 მილიარდს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *