FT: ივანიშვილმა Credite Suisse-ს ნახევარი მილიარდი დოლარის დავა მოუგო

FT: ივანიშვილმა Credite Suisse-ს ნახევარი მილიარდი დოლარის დავა მოუგო

გავლენიანი გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს უმდიდრესმა მოქალაქემ და ქვეყნის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს მრავალწლიანი დავა მოუგო. FT-ის ცნობით, ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს ნახევარმილიარდდოლარიანი დავა მოუგო.

გამოცემის თანახმად, ბერმუდის კუნძულების სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო, განაჩენი და მისი დასაბუთება კი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

ამასთან, Credite Suisse-მა მიმდინარე წლის 23 მარტს გაავრცელა განცხადება, ბერმუდის კუნძულების სასამართლო დავების შედეგად დაკისრებულ მოსალოდნელ ჯარიმებზე. ბანკის ცნობით, მათ წინასწარ გადაიტანეს რეზერვებში $469 მილიონი დოლარი, ამასთან, ბანკმა მიუთითა, რომ ეს თანხა მათი საინვესტიციო ბანკინგის სექტორის დავას უკავშირდებოდა. ბანკმა ამავე განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა ჯარიმის სრული ოდენობა არ იყოს და საჭიროების შემთხვევაში Credite Suisse-ი კომპენსაციისთვის გათვალისწინებული ფონდის ბიუჯეტს გაზრდის.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი Credite Suisse-ის ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის კლიენტი იყო. მოგვიანებით ივანიშვილმა Credit Suisse-ს სინგაპუში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდაში უჩივლა და ბანკისგან $800 მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილი ლესკადრონის ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო. თავად ივანიშვილს კი შეუძლებლად მიაჩნდა, ამგვარი სქემა ბანკში მხოლოდ ლესკადრონისთვის ყოფილიყო ცნობილი.

სხვადასხვა სასამართლოს მასალების მიხედვით, 2005 წელს Credit Suisse-მა სინგაპურში დააფუძნა ტრასტი სახელწოდებით Mandalay Trust-ი, რომელშიც ივანიშვილმა $550 მილიონი აშშ დოლარის დეპოზიტი განათავსა. 2014 წლის დეკემბერში კომპანიის სახელზე $697.68 მილიონი ირიცხებოდა, ხოლო 2015 წლის სექტემბერში კი ტრასტის ანგარიშზე მხოლოდ $437.8 მილიონი იყო დარჩენილი. ამავდროულად, ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი „სადაზღვევო პრემიის“ სახეს ატარებდა და მის ინვესტირებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო. 2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Creidt Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრის ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა.

Credit Suisse Group AG-ის ყოფილი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი ჟენევის სასამართლომ დამნაშავედ სცნო თაღლითობაში და მას 5 წელი მიუსაჯა 2018 წელს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის 10 თვეში საპატიმროდან გაათავისუფლეს – მან 2 წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ივანიშვილს საჯაროდ ამ საქმეზე სულ რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული, „რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ საქმეზე მე უკან არ დავიხევ… ასეთი თაღლითობა არც 1990-იანების ველურ რუსეთში და არც საქართველოს საბანკო სფეროში არ მინახავს,“ – განაცხადა ივანიშვილმა 2019 წლის ნოემბერში Bloomberg-თან.

 

საქმესთან დაკავშირებული მასალები Forbes Georgia-ს არქივიდან:

ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ – შვეიცარიის სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილება (forbes.ge)

Credit Suisse ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩივის • Forbes Georgia