რამდენიმე ამერიკული მედიაგამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია ExxonMobil-ისა და Pioneer Natural Resources-ის $60 მილიარდიან შერწყმას მწვანე შუქს აუნთებს. თუმცა FTC-ის კომპანიებს აღნიშნულის ნებართვას ერთი დათქმით მისცემს. Pioneer-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, სკოტ შეფილდი ფირმების შერწყმის შემდეგ არც ერთ კომპანიის დირექტორთა საბჭოში არ უნდა მოხვდეს. მიზეზი კი ისაა, რომ სკოტ შეფილდის წინააღმდეგ ნავთობის ფასების ხელოვნურად გაზრდის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად, გამოძიების ვერსიით, Pioneer-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი OPEC-თან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რის გამოც ამერიკელებისათვის ნავთობის საფასური გაიზარდა.
The Wall Street Journal-ის ცნობით, შეფილდი ორგანიზაციის ოფიციალურ პირებს ნავთობის ფასებისა და წარმოების ტემპების შესახებ ასობით მეილსა და შეტყობინებას უგზავნიდა, რითაც ორგანიზაციის გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენდა.
მიუხედავად FTC-ის მიერ კომპანიების შერწყმისათვის პოტენციურად მწვანე შუქის ანთებისა, კომპანიების აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე მცირედით შემცირდა. სავაჭრო დღის ბოლოს Exxon-ის აქციათა ფასი – 2%-ით, Pioneer-ის კი 1%-ით შემცირდა.
წიაღისეული საწვავის მომპოვებელი კომპანიების შერწყმის შემთხვევაში მათი ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $411 მილიარდი იქნება.
შეგახსენებთ, რომ პოტენციური შეთანხმების შესახებ ინფორმაცია Exxon-მა გასული წლის ოქტომბერში გაავრცელა. კომპანიების შერწყმის შედეგად ტეხასის დასავლეთით მდებარე Pioneer-ის სარგებლობაში არსებული 3,439 ათასი კვადრატული კილომეტრისა და ExxonMobil-ის 2,300 ათასი კვადრატული კილომეტრის მოცულობის აუზები გაერთიანდება. Exxon-ის საწარმოო მოცულობა კი თითქმის გაორმაგდება და დღეში 1.3 მილიონ ბარელს შეადგენს.