გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასულ კვირას მწვანე მიმართულების განვითარებისთვის, გლობალურად, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. პირველ რიგში აღსანიშნავი ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, რომელმაც, 2026 წლისთვის, მსოფლიოში პირველი CO2-ის ემისიის ტარიფის დანერგვა დააანონსა.

ევროპის რიგი ქვეყნები კი, რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, კვლავ განაგრძობენ ახალი გეგმების შემუშავებას. გასულ კვირაში ახალი მიზნებით დანია და იტალია წარდგნენ, რომელთაც, შესაბამისად, მწვანე წყალბადისა და ქარის ოფშორული ენერგიის განვითარების ახალი პროექტები შეიმუშავეს.

ამ ყველაფრის პარალელურად კი ჩინეთმა, ნულოვანი ემისიის მისაღწევად, უფრო მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა და ქვეყნის რამდენიმე ფირმა ნახშირორჟანგის ემისიების შესახებ ანგარიშების გაყალბებაში დაადანაშაულა.

მსოფლიოში პირველად, ევროკავშირში CO2-ის ემისიის ტარიფი დაინერგება

ევროკავშირის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ბლოკის გადაწყვეტილებას, რომელიც დაბინძურებული საქონლის იმპორტისთვის, ნახშირორჟანგის ემისიებზე ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. მსოფლიოში პირველი CO2-ის ემისიის ტარიფი, ევროკავშირში, 2026 წლისთვის დაინერგება.

ორგანიზაციის ახალი გეგმის შესახებ დამატებითი დეტალები, მათ შორის ბიუჯეტიც, მოლაპარაკებების შედეგად დაზუსტდება. ევროკავშირს სურს, რომ 2026 წლისთვის გადასახადი დაწესდეს ფოლადის, ცემენტის, სასუქების, ალუმინისა და ელექტროენერგიის იმპორტზე. გადაწყვეტილების მიზანია ევროპული ინდუსტრია სუსტი გარემოსდაცვითი წესების მქონე ქვეყნებში წარმოებული იაფი საქონლით ჩანაცვლებისგან დაიცვას.

ევროპარლამენტი საკუთარი პოზიციის დადასტურებას ივლისისთვის გეგმავს. შესაბამისად,  პარლამენტსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საბოლოო წესებზე მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ზაფხულის შემდგომ დაიწყება. გარდა ამისა, ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრის რეფორმებზე ცალკეული შეხვედრებისას გადაწყდება არსებული უტარიფო წესდების ეტაპობრივი მოხსნის საკითხიც.

ნახშირორჟანგის ემისიებზე ტარიფის დაწესება კლიმატურ კრიზისთან ბრძოლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირის გადაწყვეტილება არის ორგანიზაციის კლიმატური ცვლილებების პოლიტიკის ნაწილი, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის, 1990 წლის დონესთან შედარებით ემისიების 55%-ით შემცირებაა.

საუდის არაბეთის ნავთობგიგანტი ჩინეთთან $10-მილიარდიან ხელშეკრულებას აფორმებს

საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა ჩინეთთან $10-მილიარდიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც გადამმუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერებმა ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხებიც განიხილეს.

ახალ პროექტს ნავთობგიგანტი Saudi Aramco, ჩინეთის თავდაცვის კონგლომერატ Norinco-სთან ერთად, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განავითარებს. გადამმუშავებელ და ნავთობქიმიურ საწარმოს წელიწადში 1.5 მილიონი ტონა ეთილენის კრეკერის წარმოება შეეძლება. Aramco კომპლექსს ნედლი მარაგის დაახლოებით 70%-ს მიაწვდის, პროექტი კი სავარაუდოდ 2024 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ნავთობკომპანიამ ჩინეთის Zhejiang Petrochemical-ის 9%-იანი წილიც შეისყიდა.

საუდის არაბეთმა ერთობლივი საინვესტიციო ფორუმის მსვლელობისას, ხელი მოაწერა ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის 35 ხელშეკრულებას, რომელთა საერთო ღირებულება $28 მილიარდია. სამეფომ ქვეყნის წამყვან ნავთობგიგანტ Saudi Aramco-სთან ერთად პაკისტანში $20-მილიარდიანი ინვესტიცია უკვე განახორციელა და ინდოეთის გადამმუშავებელ ინდუსტრიაში გაფართოებასაც გეგმავს.

რაც შეეხება ჩინეთთან სამომავლო გეგმებს, პრინც სალმანის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა გასულ წელს 32%-ით გაიზარდა, აბრეშუმის გზის ინიციატივა და ჩინეთის სტრატეგიული ინიციატივა კი დიდწილად შეესაბამება სამეფოს 2030 წლის ხედვას. უახლოეს პერიოდში, საუდის არაბეთის სკოლებისა და უნივერსიტეტების კურიკულუმში ჩინური ენის დამატებაც იგეგმება.

ჩინეთი კომპანიებს ნახშირბადის ემისიის შესახებ მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებს

ჩინეთი კომპანიებს ნახშირბადის ემისიის შესახებ მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებს. აზიური ქვეყნის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ (MEE) გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანიც, სახელმწიფოს მასშტაბით, ნახშირბადის ემისიების მონაცემების ამსახველი ანგარიშების გადამოწმება და მათი სიზუსტის დადგენაა.

მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება სახელმწიფოს ძალისხმევის ნაწილია, რომელიც სამრეწველო სექტორებიდან გამონაბოლქვის ეტაპობრივ შემცირებას ემსახურება. შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა, სათბური ემისიებით მსოფლიოს უდიდესმა დამბინძურებელმა, გასული წლის ივლისში მრავალგზის გადავადებული „ემისიებით ვაჭრობის ეროვნული სქემა“ აამოქმედა. სქემის მიხედვით, თუ კომპანიები მთავრობის მიერ დაწესებულ, ემისიების დასაშვებ ზღვარს გადააჭარბებენ, ამის სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდა მოუწევთ.

მონაცემთა კონტროლის ფირმა Zhongtan Nengtou Tech-სა და ლიაონინში მდებარე დონმეის ტესტირებისა და ანალიზის კვლევით ინსტიტუტს ბრალი ნახშირბადის ემისიების ამსახველი მონაცემების დამახინჯების გამო წაუყენეს, რაც „ყალბი ნიმუშების დამზადებასა“ და „ტესტირების ანგარიშების გაყალბებას“ ითვალისწინებს. „დამახინჯებული და ყალბი დასკვნების დამზადებაში“ დამატებით ორი კომპანია, SinoCarbon Innovation & Investment-ი და Qingdao Xinuo Renewable-იც დაადანაშაულეს.

„ემისიებით ვაჭრობის ეროვნული სქემა“ ამ ეტაპისთვის ენერგეტიკული სექტორის 2000-მდე საწარმოს მოიცავს, რომლებიც ყოველწლიურად ჯამში 4.5 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფენ. ეს ქვეყნის მიერ მთლიანად გამოყოფილი CO2-ის 40%-ს შეადგენს. გარემოს დაცვის სამინისტრომ შესაბამის ბიუროებს გამოძიების გაგრძელებისკენ და მონაცემთა გადამოწმებისკენ მოუწოდა.

დანია მწვანე წყალბადის ეკონომიკის განვითარებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს

დანია, განახლებადი ენერგიის მწვანე წყალბადად გარდაქმნის მიზნით, ელექტროლიზის ექვს გიგავატამდე სიმძლავრის წარმოებას გეგმავს. ქვეყნის მიზანი წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლება და ენერგეტიკული უსაფრთოების გაძლიერებაა.

ფოტო: REUTERS/Benoit Tessier

დანიელი კანონმდებლები, ერთი ტენდერის საშუალებით, $184.83 მილიონის სუბსიდირებაზე შეთანხმდნენ, რაც მწვანე წყალბადის წარმოების მხარდაჭერასა და მისი კომერციული მოგებიანობის ზრდას ისახავს მიზანს. გარდა ამისა, უკრაინის კრიზისის პარალელურად, ქვეყანას ევროკავშირისგან სახელმწიფო დახმარების დაჩქარებულ ვადებში მიღების სურვილიც აქვს, რაც დანიას წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებაში ხელს შეუწყობს. თავად ევროკავშირიც ამჟამად რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.

განახლებადი ენერგიიდან წარმოების შემთხვევაში წყალბადს „მწვანე რესურსის სტატუსი“ ენიჭება.  მართალია, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია ძვირია და დახვეწასაც საჭიროებს, ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის ის კვლავ უმთავრეს იარაღად ითვლება. შესაბამისად, ამჟამად დანიისთვის უმნიშვნელოვანესი ქარისა და მზის ენერგიის განვითარებაა, თუმცა ჯერჯერობით მთავრობის წარმომადგენლები განახლებადი ენერგიის ტენდერებთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებენ და პოლიტიკური მოლაპარაკების დაწყებას ელოდებიან.

რაც შეეხება ევროკავშირს, ბლოკი 2024 წლისთვის ექვსი გიგავატი ელექტროლიზის სიმძლავრის წარმოებას ისახავს მიზნად, რომელიც 2030 წლისთვის 40 გიგავატამდე გაიზრდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, ელექტროლიზების წარმოების სიმძლავრე მხოლოდ 0.3 გიგავატია.

ბულგარეთი ახალი ატომური რეაქტორის მშენებლობას დააჩქარებს

ბულგარეთის მთავრობა დუნაის ნაპირზე, მოქმედ Kozloduy-ის ბირთვულ ელექტროსადგურზე, სულ მცირე, ერთი ატომური რეაქტორის აშენებას გეგმავს. პროექტის მიმდინარე წელს დაწყების შემთხვევაში, რეაქტორი 2028-2030 წლებისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას. ამჟამად, Kozloduy-ის ბირთვულ ელექტროსადგურზე სულ ორი მოქმედი ატომური რეაქტორია წარმოდგენილი.

გარდა ამისა, ქვეყანა დამატებით ფლობს ორ ახალ, თუმცა გამოუყენებელ რუსულ ატომურ რეაქტორს. რუსული რეაქტორების ამოქმედების საკითხი ბულგარეთის კოალიციურ მთავრობაში პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზადაა ქცეული. ლიბერალურ-პროევროპულ პარტიებსა (‘Change Continues’-ი და ‘Democratic Bulgaria’) და პრორუსულ სოციალისტურ პარტიას შორის განსხვავებული პოზიციების არსებობის გამო, ბელენეს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. ბულგარეთის პრემიერი და ‘Change Continues’-ის წევრი კირილ პეტკოვიც, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, რუსული რეაქტორების ჩართვის წინააღმდეგია.

მთავრობის წარმომადგენლის, ასენ ვასილევის განცხადებით, ბულგარეთის სტრატეგიული მიზანი ქვანახშირის რუსული გაზით ჩანაცვლებას არ ითვალისწინებს. ქვანახშირი ბულგარეთის წიაღისეულს წარმოადგენს. ქვეყანა 2.606-მილიონიანი ტონა მარაგით, მსოფლიოში ქვანახშირის რეზერვებით 24-ე ადგილს იკავებს. მოხმარების მსგავსი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ქვანახშირის არსებული მარაგი ქვეყანას კიდევ 74 წელს ეყოფა. ბულგარეთი ელექტროენერგიით მოხმარების მხრივაც არ არის დამოკიდებული უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე საომარ ქმედებებზე, რადგან Kozloduy-ის ელექტროსადგურის ბირთვული საწვავის მარაგები  2025 წლამდეა დარეზერვებული. 

ვასილევმა საბერძნეთის მხრიდან დაინტერესებაზეც ისაუბრა, რომელიც მომავალი ბირთვული რეაქტორებიდან ელექტროენერგიის შეძენაში გამოიხატება. რეაქტორების გარდა კი ბულგარეთი, განახლებადი ენერგიიდან მიღებული ელექტროენერგიის შესანახად და ბატარეების წარმოებისთვის, ქვეყანაში მასშტაბური ენერგოპარკის მშენებლობასაც გეგმავს. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უხელმძღვანელებს.

იტალია პირველ ოფშორულ ქარის ფერმას აშენებს

იტალია პირველი ფერმის მშენებლობას ასრულებს, რაც ქვეყანას ხელს შეუწყობს, შეამციროს დამოკიდებულება რუსეთიდან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე. Beleolico-ს ქარის პარკი ტარანტოს პორტის მიმდებარედ, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში განთავსდება, სადაც გარემოს დამაბინძურებელი ფოლადის  ქარხანა, Ilva მდებარეობს.

ოფშორული ქარის პროექტის სრული ფუნქციონირების პერიოდისთვის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ჯამურად 30 მეგავატი სიმძლავრის 10 ტურბინა. ქარხანა 58,000 მგვტ/სთ-ზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც 60.000-მდე ადამიანის ენერგეტიკულ საჭიროებებს დააკმაყოფილებს. შედეგად, ქარხნის 25-წლიანი არსებობის მანძილზე, დაახლოებით 730,000 ტონა CO2 დაიზოგება.

ენერგეტიკული კრიზისისგან გადასარჩენად, იტალია გამოსავალს სწორედ განახლებადი ენერგიის განვითარებაში ხედავს. იტალიის მთავრობამ, უახლოეს მომავალში, დამატებით ექვსი ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაც დაადასტურა. ქარის ექვსი ახალი ელექტროსადგურის სიმძლავრე 65.5 მეგავატია.

იტალიას ევროკავშირის სხვა ქვეყნების, ასევე აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მსგავსად, რუსული გაზისგან გათავისუფლება სურს. ქვეყნის მიზანია, მომავალი „30 თვის განმავლობაში“ დამოკიდებულება რუსული გაზის იმპორტზე ეტაპობრივად შემცირდეს.

ანგარიში: მსოფლიო გლობალურ მიზნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება

კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის ახალი ანგარიშის თანახმად, ქვეყნების მიერ დაპირებული კლიმატური აქტივობების შედეგად, მიმდინარე ათწლეულში სათბური აირების ემისია მხოლოდ 9%-ით შემცირდება. ქვეყნების მიერ მიღწეული რეალური შედეგი, 2030 წლისთვის ემისიების განახევრების გლობალურ მიზანს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

ფოტო: REUTERS/Kim Kyung-Hoon

2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევის შემთხვევაშიც, 2030 წლის გეგმის შეუსრულებლობა მსოფლიოს კლიმატური რისკების წინაშე დააყენებს. ანგარიშის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, 2030 წლისთვის, ემისიები 2015 წლის დონესთან შედარებით მხოლოდ 27%-ით შემცირდება, ხოლო ჩინეთსა და ინდოეთში პირიქით, 10%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

ანგარიშის თანახმად, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა ატარებს შესაბამის ქმედებას, რაც მათი მიზნების შესრულებას ემსახურება. 100-მდე ქვეყნის 65%-დან, რომლებიც წმინდა ნულოვან ან ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას 2050 წლამდე გეგმავენ, მხოლოდ 14-ს აქვს კანონმდებლობით დაზუსტებული წმინდა ნულოვანი მიზნები.

გლობალურ მიზნებთან მნიშვნელოვანი ჩამორჩენა შეშფოთების მიზეზი იყო რიგი ქვეყნებისთვის. გასულ წელს  გლაზგოში გაეროს სამიტზე, დელეგატებმა აღნიშნული პრობლემა წამოჭრეს და 2022 წელს ემისიების საკითხისთვის მეტი ყურადღების დათმობაც მოითხოვეს. მიუხედავად ამისა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ ენერგეტიკული ფასების ზრდამ და გაზის მიწოდების შეწყვეტის რისკმა შესაძლოა, აშშ-სა და ევროკავშირში ქვანახშირის ქარხნების დახურვის პროცესი შეანელოს.